"გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჯერ წასულებზე გეტყვით. "დილადან" წავიდნენ სართანია, პაპუაშვილი, მათიაშვილი, ხაინდრავა, წიქარიძე, ლეონარდო, ლეანდრო რიბეირო და ეტუ.
რაც შეეხებათ მოსულებს, ჩვენთან არიან პედრინიო, ბეგაშვილი, ჭეჭელაშვილი და აშორტია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე "დილას" აღარავინ დატოვებს".
დავინტერესდით, იქნებიან თუ არა გუნდში სხვა ახალწვეულებიც. ჯოხაძე გვეუბნება:
"აუცილებლად იქნებიან. ამ ეტაპზე პოტენციურ მომსვლელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
თუ გავითვალისწინებთ "დილას" კურსს, ჩნდება კითხვა - გამოჩნდებიან თუ არა გუნდში სხვა ბრაზილიელებიც?
"არ არის ისე, თითქოს მხოლოდ ბრაზილიელების საკითხს განვიხილავდეთ. პირობითად რომ ვთქვათ, შეიძლება, ფრანგიც იყოს ჩვენი მომავალი ახალწვეული. ვეცნობით კანდიდატურებს და საუკეთესოებს შევარჩევთ. ორი ლეგიონერის დამატების უფლება გვაქვს და ეს კვოტა შეივსება", - ამბობს "დილას" აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც იქვე შესაძლო ახალწვეულთა ამპლუების დაზუსტებაც ვთხოვეთ.
ჩვენი დაკვირვებით, გორელებს თავდამსხმელი და მცველი სჭირდებათ. საინტერესოა, რას ფიქრობენ კლუბში?
"დიახ, სწორედ ამ პოზიციებზე ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას... სხვათა შორის, ბრაზილიელი პედრინიო გარემოს ძალიან კარგად შეეგუა, თუმცა ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
"დილა" ერთ მუშტად შეკრული, მეგობრული გუნდია. პედრინიო არც პირველი უცხოელია და არც ბოლო, ვინც "დილაში" მოვიდა... მესმის, რომ ისრაელში წასული ლეანდრო რიბეიროს შეცვლა კი რთული იქნება. ვიცი მედიის შეფასებები, მათ შორის - თქვენიც, და გეთანხმებით - ლეანდრო ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში... სამწვრთნელო შტაბმა უკეთ იცის, როგორ უნდა შეცვალოს ის და მჯერა, ამას მოახერხებს კიდეც".
და ბოლო კითხვა "დილას" აღმასრულებელ დირექტორს - როგორ მოემზადა გუნდი საქართველოს ეროვნული ლიგის განახლებისთვის?
"ბოლო ამხანაგური მატჩები წავაგეთ, მაგრამ ამას არანაირად არ აღვიქვამთ ტრაგედიად. მთავარია, გუნდი მზადყოფნაში შეხვდეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩემპიონატს "ჩიხურასთან" მატჩით განვაახლებთ. ჩვენი მიზანი, როგორც ყველა სხვა შეხვედრაში, ამ მატჩშიც მხოლოდ 3 ქულა იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"