დათა რიგვავა - "ტორპედოდან" წამოსვლასა და გუნდის მომავალზე

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გაახალგაზრდავების პროცესმა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი შეიწირა.

სიაში მოხვდა 22 წლის მარჯვენა მცველი დათა რიგვავაც, რომელიც ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე იყო და დასრულებულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში 26-ჯერ ითამაშა.

დათა "ტორპედოდან" წამოსვლაზე და სამომავლო გეგმებზე გველაპარაკა.

"გათავისუფლება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და საერთოდ, გუნდისთვისაც. სეზონის ბოლოს გავიგეთ, რომ თბილისის "ლოკომოტივის" ესპანელი მწვრთნელი მოჰყავდათ და ცვლილებები მოხდებოდა, მაგრამ ასეთ რადიკალურ ცვლილებას ვერ წარმოვიდგენდი.

თანაც, ლაპარაკი იყო გაახალგაზრდავებაზე და რას ვიფიქრებდი, რომ 21 წლის ფეხბურთელს ვეტერანად ჩამთვლიდნენ?

მერე
აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ესპანელი მწვრთნელი წყვეტდა. კონტრაქტი წელიწადნახევრის შემდეგ მიმთავრდებოდა და წესით, არ უნდა გაგვეწყვიტა, მაგრამ გუნდს რომ არ სჭირდები, ხომ არ შეეხვეწები.

ამ კონტრაქტის გაწყვეტისთვის დავასაც აზრი არ ჰქონდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო" - ამბობს რიგვავა.

ჯერჯერობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი გაურკვევლობაშია და არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს:

"ქართულ ფეხბურთში შექმნილმა მდგომარეობამ, ბევრი კლუბი და მოთამაშე გააჩერა. ახლა ყველა ელოდება, ჩაურიცხავს თუ არა სახელმწიფო კლუბებს 1,5 მილიონ ლარს - ეს ლაპარაკი ყველამ იცით.

დღემდე არავინ დამკავშირებია და მგონია, რომ მიზეზი სწორედ ეს არის. ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ელის და ფეხბურთელებს ამის შემდეგ დაელაპარაკებიან".

ექსტორპედოელი ამბობს, რომ გუნდის განახლებულ შემადგენლობას ევროთასებზე წარმატებას უსურვებს:

"ორი წელია, ქუთაისის "ტორპედოში" ვთამაშობდი და ეს ჩემთვის ძვირფასი გუნდი გახდა. ვერ ვიტყვი, რა შედეგს მოიტანს შემადგენლობის ასეთი განახლება მაშინ, როდესაც ევროთასები კარზეა მომდგარი.

"ტორპედოში" მართლაც ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭები მოდიან და მათ გულწრფელად წარმატებები მინდა ვუსურვო.

მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, ეს საკადრო პოლიტიკა გაამართლებს თუ არა. გეგუჩაძე კი "ტორპედოს" ისე აშენებდა, რომ ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი გუნდი უნდა ყოფილიყო.

გული ამაზე დამწყდა, ძალიან კარგი გუნდი დაშალეს და ახლა თავიდან აშენებენ.

გაახალგაზრდავებას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს უკვე ჩემი საქმე არ არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გიორგი დათუნაიშვილი: საქართველოში ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია

ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფულს ზოგავენ. და ამას გაახალგაზრდავებას ეძახიან.
ramo
11:40 09-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული