სიონი-გურია 2:0 - ბოლნისელები წინ მიიწევენ

AutoSharing Option
გურიის კართან ხიფათი მეკარე მინდია ბობღიაშვილმა განმუხტა.

სეზონის წინ დაშლილი და ორჯერ აწყობილი "გურია" ცოტა ხნის წინ გუშინდელი მეტოქის ფეხბურთელებით გაძლიერდა: "სიონის" მეკარე მინდია ბობღიაშვილი, ნახევარმცველი ლადო ჯოჯუა და თავდამსხმელი ვილი ისიანი კარიერას სწორედ ლანჩხუთში აგრძელებენ.

მაგრამ ჯოჯუას და ისიანს თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

"გურიას" მოთამაშეები მოედანზე აშკარად მოტივირებულნი გავიდნენ და საწყის წუთებში ნომინალურ მასპინძლებს არაერთი პრობლემაც შეუქმნეს. გურულებმა "სიონს" პრესინგით სათამაშო სივრცე შეუზღუდეს, თავად კი ცდილობდნენ, ბურთი არ დაეყოვნებინათ და მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადასულიყვნენ.

რამდენიმე ეპიზოდში ეს გამოუვიდათ კიდეც.
მე-7 წუთზე სტუმართა შორის გამორჩეულმა ალეკო კოშკაძემ მშვენიერი გადაცემით მამუკა ტორონჯაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ "სიონის" გოლკიპერმა მირზა მერლანმა ბურთს ბოლო წამსღა წაჰკრა ფეხი და თავისიანები გადაარჩინა.

Sportall.Geტორონჯაძეს თავის გამოჩენის შანსი მე-17 წუთზეც ჰქონდა, როცა მცველის შეცდომის შედეგად კვლავ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ამჯერადაც ვერ გაიტანა.

გავიდა კიდევ ერთი წუთი, მარცხენა ფლანგზე კოშკაძე ორ მცველს გასცდა და პენალტის ნიშნულთან კვლავ ტორონჯაძე მოძებნა - ამჯერად გურულების შემტევმა ბურთი მცველს მოარტყა, რომლისგანაც ასხლეტით "სიონის" კარის ძელს მოხვდა. მეტოქის კარის აღებას საჯარიმოს მისადგომებიდან უშედეგოდ ცდილობდა თემურ შარაშენიძეც.

მოკლედ, პირველ ტაიმში ლანჩხუთელები უკეთ გამოიყურებოდნენ. წინა თამაშისგან განსხვავებით კი, "სიონი" ცოტა "დამძიმებული" ჩანდა. ამას გარდა, ბოლნისელებს ფორვარდ ლადო ახალაიას დისკვალიფიკაციაც (ორ ტურს გამოტოვებს) დაეტყოთ.

42-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა: გიორგი კახელიშვილმა "გურიას" ფეხბურთელ არნად ჩუენსუს წიხლი მიარტყა. გამოუცდელი არბიტრი დავით სანოძე ვითარებაში ვერ გაერკვა და... ყვითელი ბარათი მასთან სიტუაციის ასახსნელად მისულ "გურიას" მეკარე მინდია ბობღიაშვილს უჩვენა. უცნაური გადაწყვეტილება იყო.

საფეხბურთო ლოგიკაა - ვერ გაიტან, გაგიტანენ. "სიონის" პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დასრულდა. მარცხენა ფლანგიდან ლაშა პარუნაშვილმა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჯაბა უგულავა მოძებნა, ამ უკანასკნელის თავური კი ზუსტი გამოდგა - 1:0.

მატჩის შემდეგ ლანჩხუთელები ამტკიცებდნენ, უგულავა თამაშგარეში იყოო, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე ჩანს, რომ გადაცემის დროს გურულების მცველი ვალერი იობაშვილი ჩარჩენილი იყო.

გოლით გამხნევებულმა ბოლნისელებმა მეტოქეს მეორე ტაიმში უფრო აქტიურად შეუტიეს, მაგრამ "გურია" მეტოქეს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა, ოღონდ იქამდე, ვიდრე საამისო ძალა შესწევდა.

55-ე წუთზე სახიფათო გამოდგა ლაშა თოთაძის ფლანგური ჩაწოდება. მეკარე ბობღიაშვილმა მოგერიება სცადა, მაგრამ შეცდა - ბურთი კარის წინ კახელიშვილს მიუგორდა, თუმცა "სიონის" შემტევმა უზუსტოდ დაარტყა.

64-ე წუთზე "გურიამ" საბოლოო დარტყმა მიიღო - პარუნაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, სტუმართა მცველებმა და მეკარემ შეუთანხმებლად ითამაშეს და კახელიშვილმა თავურით "გურიას" კარის ბადე მეორედაც შეარხია - 2:0.

ლანჩხუთელები ანგარიშში სხვაობის შემცირებას კი ცდილობდნენ, მაგრამ მათ მონდომებას შედეგი არ მოუტანია.

მატჩის შემდეგ
გიორგი კიკნაძე (სიონის მთავარი მწვრთნელი):
"მეტოქეს ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს და სიფრთხილეს ვიჩენდით. იოლ მოგებას არ ველოდი, თუმცა "გურიამ" მოსალოდნელზე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.

ყველა შეხვედრას ეფექტურად ვერ ჩავატარებთ, მაგრამ, რაც მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ და მტკიცე ხასიათიც გამოვავლინეთ".


დავით მახარაძე (გურიას მთავარი მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ორჯერ შეგვეძლო გოლის გატანა და ასე რომ მომხდარიყო, თამაშიც სხვაგვარად წარიმართებოდა. სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

პირველი გოლიც, ლამის გასახდელისკენ მიმავალს გაგვიტანეს და ამან ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. არადა, სავსებით შესაძლებელი იყო, მინიმუმ ქულა მაინც აგვეღო".


Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული