დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]

AutoSharing Option
გორელებმა ძალზე იოლად მოუგეს "მეტალურგს" და ევროპალიგიდან გავარდნის მერე რაღაცნაირად ხასიათი გამოიკეთეს.

მასპინძლები მატჩზე სამი მატჩით დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის, ასევე, ტრავმირებული ხიზანეიშვილისა და თომაშვილის გარეშე გავიდნენ. შემადგენლობაში არ ყოფილა გორელიშვილიც, რომელიც, როგორც "დილას" ერთ-ერთმა მწვრთნელმა გიორგი ტუღუშმა გვაცნობა, საბუთებთან დაკავშირებული მცირე პრობლემების გამო ტოვებდა შეხვედრას...

მატჩი "დილას" სრული უპირატესობით წარიმართა. მართალია, "მეტალურგის" დამრიგებელმა გელა სანაიამ ეს მისი გუნდის კაცნაკლულად დარჩენას დააბრალა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრები ვერც გავაშელიშვილის გაძევებამდე გამოიყურებოდნენ რიგიანად.

Sportall.Geგორელებმა ბედიაშვილის კართან პირველი ხიფათი უკვე მე-3
წუთზე შექმნეს, როცა ალადაშვილის პასით კარის სიახლოვეს მოდებაძემ მიიღო ბურთი და მცველები რომ არ გადაფარებოდნენ, მისი დარტყმული, ალბათ, კარშიც აღმოჩნდებოდა.

ამას მალე ის საკვანძო ეპიზოდიც მოჰყვა, რომელმაც გორელებს მიზნის მიღწევა გაუადვილა. მე-18 წუთზე ირაკლი მაისურაძე საჯარიმოს მისადგომებთან გავაშელიშვილმა მოცელა, გორელი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა და, ცხადია, სტუმართა მობურთალმა "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო.

ამ ეპიზოდს მოყოლილი სახიფათო "სტანდარტულიდან" რუსთაველებს არაფერი დამუქრებიათ, თუმცა ბედიაშვილის კარი "მშრალად" დიდხანს არ შენახულა. მე-20 წუთზე ბოლქვაძის დარტყმული მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ბადეში აღმოჩნდა - 1:0.

34-ე წუთზე "დილამ" მეორე გოლიც გაიტანა და თან - ძალიან ლამაზიც. ღონღაძემ შორეული დიაგონალური პასი მოდებაძეს საჯარიმოსთან ჩააწოდა, გორელთა ერთადერთმა თავდამსხმელმა კი მეურვეებს ჯერ ამ ბურთის მიღებისას აჯობა, მერე კი ინდივიდუალურადაც ჩამოიცილა და ბედიაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა - 2:0.

ამან სტუმრები საბოლოოდ გატეხა. რევიშვილს საქმე თითქმის არ ჰქონია და მასპინძელთა უკანა ხაზიც არ ყოფილა დიდად დატვირთული. სხვათა შორის, თომაშვილისა და ხიზანეიშვილის არყოფნაში "დილამ" ისევ სამი ცენტრალური მცველით ითამაშა. კვახაძესა და კობახიძესთან ერთად, ამ პოზიციაზე ამპლუით განაპირა მცველი გურულიც ირჯებოდა. ღონღაძეს კი მარცხენა ფლანგზე მისი ადგილი ეკავა, ხოლო მარჯვნიდან ალადაშვილი ერთვებოდა შეტევებში დოლიძესთან ერთად.

"მეტალურგმა" შესვენებამდე ერთადერთი სახიფათო ეპიზოდი 42-ე წუთზე შექმნა - შორიდან შესრულებული "სტანდარტული" რევიშვილს ხელიდან გაუვარდა, მაგრამ კარიდან ორ მეტრში მდგარ მეტოქეს ბურთი ბოლო წამს მაინც ააცალა ფეხიდან.

გაცილებით უინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი. "დილა" დიდად არ იწუხებდა თავს შეტევებისთვის, "მეტალურგიც" უფხოდ უტევდა. მესამე გოლი 73-ე წუთზე გავიდა - მაისურაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ უკუგდებულ ბურთს მოდებაძემ დაამატა - 3:0.

"დილას" ფორვარდს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ხან მეკარე და მცველები ვარგოდნენ, ხან კიდევ თავად აკლებდა სიზუსტეს.

"დილაში" დებიუტი ჰქონდა ერიკ გაბარაევს, რომელსაც საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა სამიოდ მეტრიდან ააცილა კარს.

რადგან დებიუტი ვახსენეთ, აქვე გიორგი ტუღუშზეც ვთქვათ. შედეგიდან გამომდინარე, დევდარიანის შემცვლელმა მისიას წარმატებით გაართვა თავი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
გელა სანაია ("მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი):
"ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ვინაიდან საწყის წუთებში კაცნაკლულნი დავრჩით, საჭირო გახდა გადაწყობა, რაც, სამწუხაროდ, გაგვიჭირდა და დავმარცხდით. ათი კაცით "დილას" წინააღმდეგ თამაში, რასაკვირველია, ძალიან ძნელია".

გიორგი ტუღუში ("დილას" მწვრთნელი):
"რაპიდთან" მძიმე ბრძოლისა და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის (გვალია, ილურიძე - ავტ), ზოგის კი ტრავმის მიზეზით არყოფნის გამო, იოლი არ იყო გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება. დევდარიანის დამსახურებით, ეს შევძელით, კარგადაც ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ".

უმაღლესი ლიგის IV ტური
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული