ახალი პროექტი: თელავის "კახეთი" ამბიციური გუნდი გახდება

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში კიდევ ერთი ამბიციური გუნდი შეიქმნება, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს.

რატომ არ ჰყავს კახეთს ერთი კარგი საფეხბურთო გუნდი? რატომ არის ამ რეგიონში ფეხბურთი მივიწყებული? რა გახდა კახეთში ერთი კარგი გუნდის გაკეთება? - ასეთ კითხვებს ხშირად მოისმენთ ქართულ საფეხბურთო მილეთში და იმედია, მალე ამ კითხვებს პასუხი გაეცემა.

ამბავი კი ასეთია - დიდი შანსია, თელავის "კახეთი" მოღონიერდეს. ეს საკითხი ორ-სამ დღეში გადაწყდება.

"კახეთი" ახლა პირველი ლიგის ერთ-ერთი მაჩანჩალაა, ორი სასტარტო მატჩიდან ორივე წააგო, მაგრამ
თუ ჩაფიქრებული პროექტი განხორციელდება, "კახეთი" ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდება და საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება.

პროექტის მიხედვით, "კახეთის" მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე უნდა გახდეს. კორღალიძე ამ დროისთვის საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების თავკაცია, მანამდე კი უმაღლესი ლიგის არა ერთი გუნდი გაუწვრთნია, მათ შორის - თბილისის "დინამოც". ფეხბურთელობისას კი წარმატებით თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში", თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში კი ევროტურნირზეც აქვს ნათამაშები, მოუვლია უცხოეთიც - ავსტრია, აზერბაიჯანი და ესტონეთი.

რაც შეეხება თავად კლუბის მართვას, ეს მერაბ რატიანის კომპეტენცია იქნება. თავის დროზე, რატიანი იმ თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ (იყო ამ კლუბის პრეზიდენტიც), რომელიც 2001 წელს უმაღლეს ლიგაში "დინამო თბილისმა" ჩაანაცვლა. რატიანი სწორედ იმ პერიოდში დააპატიმრეს...

სხვათა შორის, კორღალიძე სწორედ მაშინ წვრთნიდა თბილისის "დინამოს", როცა კლუბის სათავეში რატიანი და მისი მეგობრები იდგნენ.

"კახეთის" მოფულიანება კი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა იკისროს - ასეთია გეგმა. მომავალ კვირაში ყველაფერს ბეჭედი დაესმევა.

ბოლო დროს კახეთში ფეხბურთი თითქმის მივიწყებული იყო, არადა, ამ კუთხეს არცთუ მოკრძალებული საფეხბურთო ტრადიციები აქვს. კახეთიდან იყო ლეგენდარული გივი ჩოხელი, ევროპის ჩემპიონი (1960). თელავის "კახეთში" თამაშობდნენ გიორგი დემეტრაძე, სოსო გრიშიკაშვილი, სანდრო იაშვილი...

თელავის სტადიონი 12 000 ქომაგს იტევს და თუ იქ ნაღდი ფეხბურთი გაჩაღდება, ვინ იცის, იქნებ თავისუფალი ადგილები აღარც დარჩეს. თელავში 20 ათასზე მეტი მაცხოვრებელია და თუ ქალაქის შემოგარენსაც მივიღებთ მხედველობაში, ყველა შესაძლებლობა გაჩნდება, რომ იქ მძლავრი საფეხბურთო კერა შეიქმნას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უნდა ყავდეს, რატომაც არა! :) და იმედია მალე გვეყოლება ყოჩაღი გუნდი.
ტურა
10:44 09-09-2013
0
სტატიის სათაური უნდა იყოს, ნიუ ვასიუკი.
ramo
11:05 08-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული