ისიცაა, რომ რუსთაველებს ამ მატჩისთვის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ - მაგალითად, ტრავმირებული თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი, თუმცა, როგორც უნდა იყოს, 5:2 მჭექარე ანგარიშია...
"ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე დიდი ხანია, რაც ამ კლუბში მუშაობს, ოჯახის წევრივითაა და იქაურობის ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა, ვიტჯორჯიული გამოცდილება
"ლელომ" ის ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელად დაასახელა. ბერიძეს ინტერვიუ ვთხოვეთ:
- "მეტალურგთან" მატჩის წინ რაზე აკეთებდით გათვლას? რა ძირითადი დავალება მიეცით ფეხბურთელებს? ისე ჩანდა, რომ რაც მოედანზე მოხდა, ამაზე წინასწარ გქონდათ ნამუშევარი...
- აქცენტი სწრაფ გოლზე გვქონდა გაკეთებული. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩი იყო იმ გაგებით, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო, წაგება არაფრით არ შეიძლებოდა.
სწრაფი გოლის გატანა მოვახერხეთ და მერე ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.
- ამის გარდა, კიდევ რა იყო მთავარი, რაც თქვენს ფეხბურთელებს უნდა გაეკეთებინათ?
- მეტოქის შეტევები უნდა "დაგვენგრია" და როცა დაცვით ფაზაში ვიქნებოდით, ბურთის მოხელთებისთანავე სწრაფი იერიში უნდა გაგვეშალა ფლანგებიდან, კორიფაძე, სიჭინავა და ლობჯანიძე უნდა დაგვეტვირთა ცარიელ ზონებში.
იყო ეპიზოდები, როცა "მეტალურგს" მისსავე ნახევარზე ვხვდებოდით, ხოლო როცა უფრო წინ გადმოდიოდნენ, თავისუფალი ზონებიც იქმნებოდა. ასეთ დროს ბურთი ჯანელიძეს უნდა მიეღო და რომელიმე ფლანგზე გადაეტანა შეტევა.
- გიორგი ჯანელიძე "მეტალურგთანაც" გამორჩეული იყო. როგორ ფიქრობთ, ის უკვე არის მზად უცხოეთში სათამაშოდ?
- ჯანელიძე ერთ-ერთი სერიოზული ფეხბურთელია საქართველოში. მისი ტექნიკური მხარე რომ ძლიერია, ეს ცხადია და ამავე დროს, ის საკმაოდ ძლიერია ფიზიკურადაც, დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. მოკლედ, ის არ მოისუსტებს არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. ჯანელიძე ნებისმიერ ქართულ გუნდს დაამშვენებდა და ერთ-ერთი წარმატებული ქართველი იქნებოდა უცხოეთშიც.
"მეტალურგთან" კორიფაძისა და ლობჯანიძის კარგი თამაშიც უნდა გამოვარჩიო, მთლიანად გუნდმაც კარგად ითამაშა.
- ჯანელიძე ჯერ მხოლოდ ერთხელ, შარშანწინ იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში - თქვენი აზრით, არის ის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი?
- კარგა ხანია, ჯანელიძე ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსია. ასე კარგად და სტაბილური შედეგის მქონე მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებას ნამდვილად იმსახურებს. ჯანელიძის შედეგიან თამაშში იმას ვგულისხმობ, რომ ის გუნდში ნამდვილი, როგორც იტყვიან ხოლმე, "ზავადილაა", ასეთი კი ჩვენს ნაკრებსაც გამოადგებოდა. ნაკრებში მისი გამოძახება მეტ მოტივაციას გაუჩენდა სხვა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც.
- "ვიტ ჯორჯიას" ახლა არ აქვს დალხენილად საქმე, დაფინანსების მხრივ. გასაგებია, რომ ფეხბურთელები ამას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ წინ არის და ასეთი მდგომარეობით მოხერხდება კი სასურველი შედეგის მიღწევა?
- გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს - უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ მიზანს. ექვსეულში გვინდა შესვლა. კლუბში ვისაუბრეთ ამ პრობლემატურ საკითხზე და შევთანხმდით, რომ ფეხბურთელები ჩვეული შემართებით გააგრძელებენ თამაშს, ფული კი "დაგვეწევა". არის ჩამორჩენა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს გამოსწორდება.
სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს საფეხბურთო კლუბების კერძო მფლობელებს. ამაშია სწორედ ქართული ფეხბურთის გადარჩენა. ყველა კლუბში უნდა იყოს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ეს ყველას ინტერესშია.
- ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" ყველაზე მეტად რომელ მოწინააღმდეგესთან გაუჭირდა თამაში?
- ცხადია, გაგვიჭირდა იმ გუნდებთან, რომლებთანაც წავაგეთ. თუმცა, როცა ქუთაისში "ტორპედოსთან" 1:4 დავმარცხდით, ეს უფრო უიღბლობის ბრალი იყო. ვინც თამაშს უყურა, ამაში ალბათ დამეთანხმება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 5:2 - ძლევაი საკვირველი