აი, მომდევნო ტური რა კლიმატურ პირობებში ჩაივლის, ამის თქმა დღესდღეობით მართლაც გაგვიჭირდება.
თუმცა, სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაშიც კალენდარში გარკვეული ცვლილებებია და დადგენილ ვადაში (ანუ 8 დეკემბერს) მხოლოდ "დილა"-"ზესტაფონი" ჩატარდება, დანარჩენი შეხვედრები კი ორშაბათს გაიმართება.
ეს ყველაფერი წინ გველოდება, მანამდე კი გასული ტურის გამორჩეული ფაქტები უნდა ვახსენოთ; ოღონდ,
ჰო, "სიონის" მორიგმა გამარჯვებამ სატურნირო ცხრილში სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბა და იმ "გადამრჩენელ", მეექვსე ადგილისათვის დიდი ბრძოლა რომ არის მოსალოდნელი, ყველასათვის ცხადია.
...ყველაზე უცნაური ის არის, რომ ცხრილში დამაინტრიგებელ სიტუაციაზე ვსაუბრობთ და ამ დროს არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ ტურის მატჩების შედეგების მიხედვით, ცხრილში... არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა!
უბრალოდ, სამ გუნდს ("ზესტაფონს", "ტორპედოს", "სიონს") დაუგროვდა ერთნაირი რაოდენობის ქულები, მოგებებიც კი ერთნაირი აქვს და "ზესტაფონი" იმიტომ არის დაწინაურებული, რომ ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.
თუმცა გასული ტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, "დინამო"-"გურიას" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის განცხადება იყო.
ჰო, როგორც აღმოჩნდა, "გურიასთან" მატჩი მისთვის უკანასკნელი ყოფილა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში და უჰრინიც ისე ემშვიდობება თბილისურ კლუბს, რომ უახლოეს მდევართან ექვსქულიან სხვაობას "ტოვებს"!..
მოგებით დაგვემშვიდობა...
საქართველოში დუშან უჰრინის წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ცალკე წერილის თემაა და ამ საკითხზე "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვისაუბრებთ. მანამდე კი ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო მატჩზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა, უპირველეს ყოვლისა კი, ტერმინი "რევანში" უნდა ვახსენოთ:
მიმდინარე სეზონში "დინამოს" ხომ ერთადერთი წაგება აქვს და აი, ჩემპიონმა შეძლო და წაგებული პირველი ტაიმის მერე "გურიას" კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა!
ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოირჩა 33 წლის ჩისკო, რომელსაც უკვე 7 გოლი დაუგროვდა და, თუ მთავარი მწვრთნელის მსგავსად, უახლოეს მომავალში ესპანელმაც არ დატოვა "დინამო", მაშინ მისი ბომბარდირული ამბიციები საფუძვლიანად უნდა მივიჩნიოთ.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დინამოელთაგან მეორე და მესამე გოლები იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, ამ ბოლო პერიოდში დუშან უჰრინი ნაკლებად რომ ენდობოდა: 27 წლის გიორგი მერებაშვილმა ჩემპიონატში ორთვიანი პაუზის მერე გაიტანა, 28 წლის ჯაბა დვალმა კი თვენახევრიანი შესვენების შემდეგ.
ცალკე გვინდა აღვნიშნოთ სტუმართა ფორვარდის, ვილი ისიანის მორიგი შედეგიანი თამაში: 22 წლის თავდამსხმელმა, პირველი წრის მსგავსად, 5 დეკემბერსაც შეძლო "დინამოს" კარში გოლის გატანა.
საინტერესოა, რომ თავის წინა გუნდში ("სიონში") ასპარეზობისას ისიანს ექვსი გოლი ჰქონდა გატანილი საქართველოს ჩემპიონატში; ახლა კი იგივე მაჩვენებელი აქვს ერთ სეზონში და, ფაქტია, რომ ამ ახალგაზრდა ფორვარდს გუნდის გამოცვლა აშკარად მოუხდა.
კონკურენტები
"სიონის" წარმატებული სვლა გრძელდება და ამას უკვე მხოლოდ და მხოლოდ კანონზომიერება უნდა ვუწოდოთ! ლადო ბურდულის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაბრუნება მოგებით აღნიშნა და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, "ზესტაფონსა" და "ტორპედოს" წამოეწია!
ვნახოთ, სადამდე გაგრძელდება ბოლნისური კლუბის წაუგებელი სერია, მანამდე კი ის ვთქვათ, რომ ბოლო ტურში 3 ქულის მომტანი გოლი 31 წლის ლადო ახალაიამ გაიტანა. გამოცდილ ფორვარდს თითქმის ორთვიანი "მშრალი სერია" ჰქონდა, თუმცა ეს ობიექტური პირობებით იყო განპირობებული: ახალაია ტრავმირებული გახლდათ და მხოლოდ წინა ტურში დაუბრუნდა გუნდს.
...უკვე ჩვენც აღარ გვსიამოვნებდა წამდაუწუმ იმის შეხსენება, თუ როგორი კოშმარული სერია ჰქონდა ქუთაისის "ტორპედოს"; და აი, ჟერარდ სარაგოსას ახალგაზრდულმა გუნდმა, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ზედიზედ ხუთი წაგების მერე პირველად გაიმარჯვა!
გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი კი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა, ვისაც ასევე ხანგრძლივი "მშრალი სერია" ჰქონდა: 21 წლის შემტევმა თვენახევრიანი პაუზის მერე ისახელა თავი.
ისე, "ტორპედომ" ეს ნანატრი გამარჯვება უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა: "სპარტაკმა" მედგარი წინააღმდეგობაც გაუწია მეტოქეს და ორი უმწვავესი მომენტიც შექმნა მასპინძელთა კართან, მაგრამ ქუთაისელთა გუნდის მეკარემ, მაქსიმე ქვილითაიამ ორივე ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა და თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა მეტად და მეტად საჭირო 3 ქულის მოპოვებაში!
უხერხული მეტოქე
ამ სეზონამდე "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი უხერხული მეტოქე "მერანი" იყო: წინა ორი სეზონის განმავლობაში "ვეტერინარები" ვერაფრით ახერხებდნენ მარტვილურ გუნდთან თუნდაც ერთი ქულის მოპოვებას.
და აი, ამ სეზონში ნავსი გატყდა: პირველ წრეში დიდი ანგარიშით მოგებას (3:0) ახლა არანაკლებ ფასეული სტუმრად გამარჯვებაც მოჰყვა. თანაც, ამ მართლაც "ექვსქულიან თამაშში" მოგების შემდეგ ზურაბ ბერიძის გუნდი სახიფათო ზონასაც მეტ-ნაკლებად "კომფორტული" მანძილით დაშორდა.
სხვათა შორის, ეს იყო "ვიტ ჯორჯიას" პირველი საგარეო გამარჯვება ამ სეზონში; აი, "მერანს" კი "ნუგეშად" ის შეიძლება ჰქონდეს, რომ მისმა ორივე კონკურენტმა ("სპარტაკმა" და "ზუგდიდმა") წააგო, თუმცა მარტვილელთა გუნდს ზამთრის პაუზამდე ერთმანეთზე რთული სამი მატჩი აქვს დარჩენილი...
რევანში არ შედგა
ჩვენს ჩემპიონატში უკვე ბევრი რამ იყო არაპროგნოზირებადი, მაგრამ მაინც "გავბედავთ" და ვიტყვით, რომ თუ განსაკუთრებული არაფერი მოხდა, "მეტალურგიც" და "დილაც" მეორე ეტაპზე ზედა ექვსეულში უნდა ვიხილოთ.
ეგ კი არა, ეს ორივე გუნდი ევროტურნირების საგზურების მოპოვების რეალურ კანდიდატებადაც მიგვაჩნია და დღესდღეობით არცთუ ურიგო ფეხბურთსაც რომ უჩვენებენ (ჩვენს კვალობაზე, რა თქმა უნდა), ეს გასულ ტურშიც დადასტურდა.
ჰო, უგოლო ფრე კი ვიხილეთ, მაგრამ მოსაწყენი თამაში ნამდვილად არ გამოდგა, თუმცა იმ გვარიან სიცივეში ვერც ვერავინ მოიწყენდა და თუ რაიმე დააკლდა უშუალო კონკურენტების დაპირისპირებას, რაღა თქმა უნდა, გოლ(ებ)ი იყო.
არადა, ამის მცდელობა ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ შემტევები, ხან კიდევ დამაჯერებლად თამაშობდნენ ორივე გუნდის მეკარეები. "დილასა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ ნუკრი რევიშვილმა მეორე ტაიმში ჩინებული რეაქციით იხსნა თავისი გუნდი. მისმა კოლეგა კოკა სეფიაშვილმა კი მასთან პირისპირ გასულ ნიკოლოზ სადაღაშვილს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
სხვათა შორის, 27 წლის სეფიაშვილმა ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში. საინტერესო ფაქტია: სეფიაშვილს წინა სეზონში მხოლოდ ერთადერთხელ მოუწია ძირითადში გამოჩენა (თბილისის "დინამოს" მაისურით) და მაშინაც "დილას" წინააღმდეგ!
ისე, შარშან, 15 სექტემბერს ჩატარებული შეხვედრა "დილას" ქომაგებს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ხომ პირველად სწორედ მაშინ შეძლო გორელთა გუნდმა თბილისის "დინამოს" დამარცხება!
...ამ სეზონის რეგლამენტში თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირველესი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია და, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, "მეტალურგიც" და "დილაც" უშუალო კონკურენტებად მიგვაჩნია.
დიდი ალბათობით, ორივე გუნდს მეორე ეტაპზე კიდევ მოუწევს ერთმანეთთან ორი მატჩის ჩატარება, თუმცა დღესდღეობით "დილას" სოლიდური თუ არა, გარკვეული უპირატესობა მაინც აქვს "მეტალურგთან"...
ძმების დაპირისპირება
..."დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი" და ახლა უკვე "ჩიხურა" - "ზესტაფონის" ძველ-ახალი სამწვრთნელო შტაბის გუნდში დაბრუნება აი, ასეთ მეტოქეებთან დაპირისპირებას დაემთხვა. საერთო ჯამში, "ზესტაფონის" ქომაგებს, ალბათ, უკმაყოფილების განცდა არ უნდა ჰქონდეთ: ამ ოთხ მატჩში მათმა საყვარელმა გუნდმა 7 ქულა აიღო და, რაც მთავარია, სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გამოასწორა.
თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდი არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა და ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ შედეგის გაუმჯობესებასაც რომ უნდა ველოდოთ, ფაქტია.
აი, რაც შეეხება კიდევ ერთ "იმერულ დერბის", როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც საინტერესო პაექრობაში წარიმართა და "მეტალურგი"-"დილას" შეხვედრის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა "ზესტაფონის" 20 წლის ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად და "ჩიხურასთან" მატჩში ამ სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა.
სტუმართა შორის კი ერთადერთი გოლი 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა კვასხვაძემ გაიტანა, რომელიც ამ ზაფხულს ევროტურნირებზე მიღებული ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში. კვასხვაძე წინა სეზონში "ჩიხურას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ (7 გოლი გაიტანა), ამ ჩემპიონატში კი პირველად შეძლო თავის გამოჩენა და ეს მაინცდამაინც თავის ყოფილ გუნდთან მოახერხა.
თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ისე, როგორც შარშან, 11 დეკემბერს, ნიკა კვასხვაძემ ამჯერადაც შეძლო... ძმის, "ზესტაფონის" მეკარის, როინ კვასხვაძის დამწუხრება!..
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
დინამო-გურია 3:1 - ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
ტორპედო-სპარტაკი 1:0 - ქუთათურებმა მოგება გაიხსენეს [VIDEO]
მეტალურგი-დილა 0:0 - მერე რა, რომ სუსხია... [VIDEO]
ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]
მერანი-ვიტ ჯორჯია 1:2 - მტკიცე პოზიცია და საგანგაშო მდგომარეობა
სიონი-ზუგდიდი 1:0 - სტადიონზე ჩვენი ნათესავებიც აღარ დადიანო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"