უმაღლესი ლიგის XVIII ტურის წინ: მალხაზ ჟვანიას შეხვედრა წარსულთან

AutoSharing Option
19 დეკემბერს გასამართი მატჩებით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი დასრულდება.

თუმცა საფეხბურთო წელიწადი ჯერ არ მთავრდება: 22 დეკემბერს ხომ საქართველოს სუპერთასი გვაქვს ჩასატარებელი, "დინამო"-"ჩიხურას" იმ მატჩის შემდეგ კი ნაღდად გველოდება ორთვიანი პაუზა.

ჩემპიონატის XVIII ტურის ორი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა - მოიგო "ზუგდიდმა", რომელმაც განმუხურში რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. გიორგი დარასელიას შეგირდებმა მეტოქეს შოთა ლომიას მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს - 1:0.
გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]

ერთადერთი გატანილი გოლით მოიპოვა გამარჯვება
"ზესტაფონმაც", რომელიც ქობულეთში, "ჩელე-არენაზე" ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა. სამი ქულა გია გეგუჩაძის გუნდს 29-ე წუთზე გიორგი ადამიამ ზუსტად შესრულებული პენალტით მოუტანა.
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]

19 დეკემბერს გასამართ ტურის დარჩენილ მატჩებზე ქვემოთ:

Sportall.Geსპარტაკი-დილა
პირველი წრე - 1:3

ამ ჩემპიონატში "სპარტაკი" საშინაო მატჩებს ხან თბილისში ატარებდა, ხან კიდევ - მცხეთაში; ახლა კი მშვენიერ ფორმაში მყოფ "დილას"... რუსთავში უნდა უმასპინძლოს!

იმის მიუხედავად, რომ "სპარტაკს" წინა ტურში მატჩის გამოტოვება მოუწია, გუნდმა მაინც შეინარჩუნა "გადამრჩენელი" X ადგილი.

თუმცა, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კახა კაჭარავას გუნდს 19 დეკემბერს ერთობ სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს თამაში: ბოლო ხუთი მატჩი "დილამ" ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან ("დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან", "ზესტაფონთან", "ჩიხურასთან") ჩაატარა და რამაზ სოღოლაშვილის გუნდი არც ერთხელ არ დამარცხებულა.

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებითაც (და, რაც მთავარია, გამოცდილი ფეხბურთელების ფაქტორითაც), ამ წყვილის ფავორიტად "დილა" უნდა მივიჩნიოთ, თუმცა "სპარტაკს" რომ სიურპრიზების მოწყობა შეუძლია, ამ სეზონში რამდენიმე ჩვენმა გუნდმა საკუთარ თავზე უკვე იწვნია.

თანაც, "სპარტაკს" რუსთავში მთლად ნეიტრალური სარბიელიც არ ელოდება: გუნდში ხომ ამ ქალაქში აღზრდილი ერთდროულად 5 ფეხბურთელი ასპარეზობს.

Sportall.Geჩიხურა-სიონი
პირველი წრე - 2:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე - ჩიხურა)

"გურიას" მსგავსად, საშინაო მატჩებში საუკეთესო შედეგი (7 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება) "ჩიხურას" აქვს, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ამ სეზონში მეტოქეებთან "მასპინძლობა" ჯერ ქუთაისში უწევდა, XVII ტურში კი - მცხეთაში.

ამჟამად "საშინაო არენა" კვლავაც შეიცვალა და ამ ტურის კიდევ ერთი საინტრიგო მატჩი... გორში უნდა ჩატარდეს; თუმცა, "ჩიხურას" მსგავსად, "სიონიც" ხომ, ფაქტობრივად, ანალოგიურ სიტუაციაშია და, საერთოდ, ეს პრობლემა XXV ჩემპიონატის თითქმის ყველა გუნდს ("დინამოს", "მეტალურგისა" და "ვიტ ჯორჯიას" გარდა) შეეხო.

...20 ოქტომბერს "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (1:6) წაგების მერე "ჩიხურამ" ჩემპიონატში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო".

არანაკლებ შთამბეჭდავია "სიონის" ბოლოდროინდელი ასპარეზობაც: ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა ბოლნისურმა კლუბმა ახალი მწვრთნელის, ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით, ჩემპიონატში 7 შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად და დღესდღეობით სრულიად დამსახურებულადაც იმყოფება ზედა ექვსეულში.

19 დეკემბერს გასამართ მატჩში "ჩიხურას" ორი წამყვანი ნახევარმცველი (გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური) ვერ დაეხმარება, აი, "სიონი" კი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება პირველი ეტაპის ბოლო ტურს.

Sportall.Geვიტ ჯორჯია- ტორპედო
პირველი წრე - 1:4

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრის შემდეგ "ტორპედო" დაუმარცხებელი გუნდი იყო, თუმცა ამას მართლაც კოშმარული სერია მოჰყვა.

ჟერარდ სარაგოსას გუნდმა მომდევნო ათი მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 8 წააგო!

"ვიტ ჯორჯიამ" კი ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიით მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და დღესდღეობით "ტორპედოსა" და "ზესტაფონთან" ერთად VII-IX ადგილებს იყოფს!

თანაც, ზურაბ ბერიძის გუნდის სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ზედიზედ მოპოვებული ბოლო ორი საგარეო გამარჯვების შემდეგ: "მერანთან" სტუმრად მოგებას "ვიტ ჯორჯიამ" წინა ტურში ხომ "დინამოს" ძლევაც "მიაყოლა"!

მოკლედ, ყველა წინაპირობაა იმისა, რომ 19 დეკემბერს მცხეთაში საინტერესო მატჩი ჩატარდეს, სადაც ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი ლიგის ორი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი წარდგება.

Sportall.Geმერანი-დინამო
პირველი წრე - 2:4

ამ გუნდების ხანმოკლე ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა "მერანმა" საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება შეძლო.

ეს ყველაფერი კი უმაღლეს ლიგაში "მერანისათვის" სადებიუტო სეზონში (2011/12) მოხდა; უფრო ზუსტად, იმ ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტურში, 2011 წლის 18 დეკემბერს რომ ჩატარდა და სადაც მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა "მერანმა" პირველად და უკანასკნელად შეძლო "დინამოს" დამარცხება.

როგორც მერე გაირკვა, ეს მატჩი ბოლო ყოფილა "დინამოს" იმდროინდელი დამრიგებლის, ალექს გარსიასთვის.

19 დეკემბერს კი, იმ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მალხაზ ჟვანია, რომელიც 7 წელიწადი (!) თავკაცობდა "მერანს" და ვისი ხელმძღვანელობითაც მარტვილური კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა, სწორედ... მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება.

თანაც, ამჯერად უკვე თბილისის "დინამოს" თავკაცის რანგში, ხოლო ოპონენტად კი "მერანში" თავისი ყოფილი ასისტენტი კახა ჩხეტიანი ეყოლება.

თუმცა ორივე მწვრთნელს სენტიმენტალობისათვის, ალბათ, არც ეცლება: მალხაზ ჟვანიამ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ორი მატჩი ჩაატარა და აქედან ერთში დამარცხდა; აი, "მერანის" სატურნირო მდგომარეობა კი კვლავაც კრიტიკულია: მარტვილურ გუნდს ხომ 21 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია...

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული