გორის საკრებულომ "დილას" მილიონი ლარი გამოუყო და თანხას კიდევ ჰპირდება

AutoSharing Option
გორის საკრებულომ დაამტკიცა 2015 წლის ბიუჯეტი, რომელშიც მომავალ წელს სპორტული ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობაა მოცემული. სულ დოკუმენტში, ქალაქში სპორტის განვითარებისთვის 2.732 მილიონია განსაზღვრული, აქედან ერთ მილიონს გორის "დილა" მიიღებს.

თუმცა, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობასთან საუბრისას გავარკვიეთ, აღნიშნული მილიონიდან 400 ათასი გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ეკუთვნის, დანარჩენი 600 ათასი კი უშუალოდ საფეხბურთო კლუბ "დილას".

ცხადია, ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ ქალაქის ბიუჯეტში კლუბისთვის გადასარიცხი თანხა წინასწარაა გაწერილი, რაც 2014
წლის ბიუჯეტში არ მომხდარა. თუმცა დიდი გაანგარიშება არ სჭირდება იმას, რომ აღნიშნული თანხა მთელი წლის განმავლობაში კლუბს არ ეყოფა. ეს მერიასაც ესმის. იქ აცხადებენ, რომ მომავალი წლის განმავლობაში გორული კლუბი ფულს კიდევ მიიღებს, ოღონდ საიდან - ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

ვესაუბრეთ გორის "დილას" დირექტორ გიორგი ტუღუშს, რომელიც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"იმედიანად ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ, მაგალითად, შარშან, იანვრიდან, ფინანსური პრობლემების გამო მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრება გუნდმა სრულყოფილად ვერ გაიარა, პრობლემები იყო ხელფასებთან დაკავშირებითაც. წლეულს ეს პრობლემები უკვე აღარ შეგვაწუხებს.

ამჟამად, მოსამზადებელი შეკრების ვადებიც უკვე გაწერილი გვაქვს. 8 იანვარს გორში დავიწყებთ ვარჯიშს, 22-დან 27 იანვრამდე შეკრება მოეწყობა ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქში, ხოლო 28 იანვარს გავემგზავრებით ანტალიაში, სადაც 10 თებერვლამდე ვგეგმავთ დარჩენას.

ამასთან, გაფორმდება ახალი კონტრაქტები მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. კლუბში მოხდება რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გადავეწყობით თანამედროვე რელსებზე, როგორც სპორტული, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით.

გვინდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლას მაქსიმალურად კარგად მივხედოთ, რაც იქ კიდევ უფრო მეტი კარგი ფეხბურთელის აღზრდის საშუალებას მოგვცემს და "დილასთვის" ადგილზე შევსება ადრინდელზე უფრო გაიოლდება.

30 იანვარს იწურება ფინანსური ლიცენზირებისთვის დაწესებული ვადა, რომლის მიხედვითაც, კლუბს ფინანსური ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს არავის წინაშე და "დილას" არც ამ შემთხვევაში ექნება პრობლემა", - გვითხრა ტუღუშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც თავში მომივიდა პირველი ეგაა: ვაი თქვენს პატრონს!!! თურმე გორში სხვა პრობლემა ყველაფერი მოგვარებული აქვს ქაკაქის ხელისუფლებას და მარტო ფეხბურთია დარჩენილი, ნუუ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისათვის დახარჯული ფული კიდე მესმის, ჯანდაბას, თუმცა მანდაც სერიოზული კონტროლია საჭირო, მაგრამ უშუალოდ საფეხბურთო კლუბზე გაღებული ყოველი თეთრი წყალში გადაყრილია და კორუფციისა და მაიმუნობის პირდაპირი ხელშემწყობი!!!
Leonardo
13:06 26-12-2014
0
შალამბერიძე დააბრუნეთ...
devidball
15:58 27-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული