უმაღლესი ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ვისთვის იღბლიანი, ვისთვის კი უიღბლოდ დაიწყო გაზაფხულის პირველი თვე! თუმცა, ფეხბურთში ხომ მუდამ ასეა, ანუ ძალზე იშვიათია ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მატჩის შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი რჩება; უფრო ზუსტად, ასეთი "რამეები" უფრო სეზონის ბოლოსკენ ხდება, თანაც, არამხოლოდ საქართველოში...

...ისევ ჩვენს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ და უპირველესად, ის უნდა ვახსენოთ (სეზონის დაწყებიდან უკვე მერამდენედ!), რომ ამ სეზონს რასაც "ვერ დავუკარგავთ", ეს, რაღა თქმა უნდა, ინტრიგაა!

ამას გარდა, ის ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში მართლაც თითზე
ჩამოსათვლელია ისეთი მატჩები, რომელთა შედეგიც წინასწარ არის ხოლმე ცნობილი.

ანუ XXVI ჩემპიონატის დასაწყისიდან, ფაქტობრივად, ყველა ტურში გვხვდებოდა ისეთი მატჩები, ბევრის აზრით, ალოგიკური შედეგით რომ მთავრდებოდა. თუმცა ახლახან ჩატარებულმა ტურმა, ამ მხრივ, ყველა რეკორდი მოხსნა და რვა მატჩიდან ერთი-ორი შეხვედრა იყო მხოლოდ, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი შედეგით რომ დასრულდა...

დიდი სტუმრიანობა
ტურში ჩატარებული რვა მატჩიდან სტუმრებმა ოთხში იმარჯვეს, ერთიც - ფრედ დამთავრდა; ასეთი შედეგი კი სეზონის დაწყებიდან ჯერ არ დაფიქსირებულა და შემთხვევით არ გაგვიმახვილებია ყურადღება ტურის მიმოხილვის შესავალში ამ სეზონის საფირმო ნიშანზე - აი, თითქმის ნებისმიერ წყვილში ფავორიტსა და აუტსაიდერს წინასწარ რომ ვერ განსაზღვრავ...

უფრო მეტის მოლოდინი
მეორე წრის სასტარტო ტურში უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებმა დიდი შედეგიანობით ნამდვილად ვერ გაგვაოცეს (რვა მატჩში 12 გოლი გავიდა); ახლა ექვსი გოლით მეტი გავიდა და ერთ მატჩში საშუალოდ ორ ბურთზე ოდნავ მეტი, ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებად "მისაღები" შედეგია.

რაც მთავარია, ამ სეზონში, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი გულშემატკივრებისათვის ყველაზე არამისაღები შედეგით (0:0) დამთავრებული მატჩები.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ისიც საინტერესოა, თუ როდემდე იქნება ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე ჯაბა დვალი, რომელიც ამჯერად უკვე მოლდოვის ჩემპიონატში ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "ზესტაფონის" ფორვარდმა 10 გოლი გაიტანა და ეს შედეგი ჯერჯერობით კვლავაც საუკეთესოა.

ისე, ერთხელ კინაღამ მოხდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ის ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მხოლოდ პირველი ეტაპი ჩაატარა და თითქმის სეზონის ბოლომდე მის შედეგს ვერავინ აუმჯობესებდა! 2005/06 წლების სეზონს ვგულისხმობთ, როცა "ვიტ ჯორჯიის" ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ პირველ ეტაპზე 14 გოლი გაიტანა და მერე კიევის "დინამოში" გადავიდა.

ჰოდა, მეორე წრის ბოლო ორ ტურში ჯაბა დვალს ("დინამო") და კოკა მიკუჩაძეს ("სიონი"), შესაბამისად, 7 და 5 გოლი რომ არ გაეტანათ, ეს სამივე ფეხბურთელი ერთნაირი შედეგით დაამთავრებდა ჩემპიონატს.

თუმცა იმ სეზონის და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში გამორჩეული გოლეადორი კინაღამ დაგვავიწყდა - "ზესტაფონის" იმდროინდელმა ფორვარდმა ზურაბ იონანიძემ ჩემპიონატი 17 გოლით დაამთავრა...

კოშმარული სერიის დასასრული
ყველგან ასეა და არც ჩვენთან არის გამონაკლისი ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ გუნდს კონკრეტული მეტოქე ჰყავს "ამოჩემებული" და, შინ თუ გარეთ, ყოველთვის იმარჯვებს! ბევრი ასეთი წყვილის ჩამოთვლა შეიძლება, როცა ერთი გუნდი მეორეს წლების განმავლობაში ამარცხებს და ერთ-ერთი მსგავსი "სერიაც" ახლახან გასრულებულ ტურში შეწყდა!

"ზუგდიდის" საგარეო გამარჯვებას ვგულისხმობთ, რამეთუ რუსთავში მანამდე ჩატარებულ ათ შეხვედრაში "მეტალურგი" (იგივე - "ოლიმპი") ათივეჯერ გამარჯვებული გამოდიოდა. თუმცა ახლა "მეტალურგს" მართლაც ცუდი დრო უდგას და დღესდღეობით ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ეყოფათ რუსთაველებს ამ ეტაპისათვის მოგროვებული 23 ქულა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

თუმცა "მეტალურგის" უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა სულაც არ აკნინებს მოღონიერებულ და "მოფერიანებულ" "ზუგდიდის" პირველ საგარეო გამარჯვებას რუსთავში: ბესიკ შეროზიას გუნდმა მეორე წრის სტარტზე ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა; თანაც, გავბედავთ და ვიტყვით, რომ "ზუგდიდს" უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

უიღბლობა გრძელდება
ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში იმყოფება ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ვიტ ჯორჯია"; სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდულ გუნდს ჩემპიონატში უკვე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამის გამოც არის, რომ ცხრილის ფსკერზე ყოფნა გაუგრძელდათ.

არც "ტორპედოს" აქვს საქმე კარგად, ასევე თერთმეტმატჩიანი მოუგებელი სერიის გამო უკვე გასავარდნ ზონაში რომ აღმოჩნდა; თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიასაც" და "ტორპედოსაც" ისეთი მეტოქეები ჰყავდათ, ჩემპიონობაზე რომ აქვთ პრეტენზია (შესაბამისად - "სამტრედია" და "დილა").

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და "ლელოს" სახელით "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს, გიორგი დარასელიას გვინდა სამძიმარი ვუთხრათ მეუღლის გარდაცვალების გამო...

ახალი ლეგიონერები
ტურიდან ტურამდე იზრდება ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერთა რიცხვი და ახლაც, XVII ტურში, კიდევ ოთხ უცხოელს ჰქონდა დებიუტი საქართველოს პირველობაში: ბრაზილიელებს, 22 წლის ლუიზინიოს, 20 წლის პაულო ვიქტორს, 20 წლის ფელიპეს (სამივე - "შუქურა") და უკრაინელს, 26 წლის დმიტრი ზოზულიას ("გურია").

ამათ გარდა, კიდევ სხვა ლეგიონერების აღნიშვნაც გვინდა: "სიონის" 23 წლის ფორვარდმა ლუის ალბერტო მედინამ (პორტუგალია) და "შუქურას" 31 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ადრიან პუკანიჩმა (უკრაინა) საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

ლუის ალბერტო, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ "სიონი"-"დინამო თბილისის" მატჩში და ასევე მშვენიერ შენაძენად უნდა მივიჩნიოთ "დილას" ცენტრალური მცველი, 23 წლის ალან ბაგაევი (რუსეთი).

ამათგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატი "უცხო ხილი" არ არის "ზესტაფონის" ახალწვეულისათვის, ჯონი ჯერემიასათვის - 21 წლის ნიგერიელი შემტევი უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

სადებიუტო მატჩები, გოლები
ადრეც ხშირად ვწერდით, რომ ამ ზამთრის პაუზის დროს თითქმის... ასამდე ჩვენმა ფეხბურთელმა შეიცვალა კლუბი; და აი, XVII ტურში ერთდროულად ხუთმა ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა თავისი ახალი გუნდის მაისურით: დაჩი ცნობილაძემ ("სიონი"), ნიკა საბანაძემ ("ტორპედო"), ირაკლი სიხარულიძემ ("ზესტაფონი"), ლუკა გუგუჩიამ ("ზუგდიდი"), თეიმურაზ მარკოზაშვილმა ("ცხინვალი").

ამათგან ოთხს (ცნობილაძე, სიხარულიძე, საბანაძე, გუგუჩია) პირველ წრეში სხვა გუნდის მაისურითაც გაუტანია გოლი და მიმდინარე სეზონში აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა - თეიმურაზ ღონღაძეს ("ზესტაფონი"/"ჩიხურა").

ნურც ლაშა ჩიკვაიძისა ("ჩიხურა") და ლაშა ჩაფიძის ("შუქურა") გარჯას დავივიწყებთ, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანეს.

...გასულ ტურში ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში: ზაზა ციცქიშვილს ("მეტალურგი") და ბაქარ ქარდავას ("ცხინვალი"); აი, ლაშა გვალიამ ("დილა"), დავით ლომაიამ, ნოდარ გაჩეჩილაძემ (ორივე - "ზესტაფონი") და მერაბ გიგაურმა ("კოლხეთი") თავიანთი ახალი გუნდის მაისურით პირველი მატჩები ჩაატარეს.

და ერთი დაბრუნებაც: 29 წლის სანდრო გურული გარკვეული პაუზის მერე კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და ამიერიდან "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას.

ყოჩაღი რეზერვისტები
"შუქურას" 22 წლის გარემარბი ლაშა ჩაფიძე შეცვლაზე 63-ე წუთზე შემოვიდა და ორ წუთში გოლიც გაიტანა! ასევე შეცვლაზე შემოსულმა შეძლო თავის გამოჩენა "ჩიხურას" 22 წლის ფორვარდმა თორნიკე მუმლაძემ, რომელმაც ისე, როგორც პირველი წრის მატჩში, ამჯერადაც შეძლო "ზესტაფონის" კარში გოლის გატანა.

ისე, ამ "ნომინაციაში" ჯერჯერობით "აბსოლუტური ლიდერი" არა გვყავს: მუმლაძის გარდა, კიდევ ოთხ ფეხბურთელს აქვს ორ-ორი გოლი გატანილი შეცვლაზე შემოსულს (ილია კერძევაძეს, ირაკლი ლექვთაძეს, გიორგი ჩირგაძეს, თორნიკე კაპანაძეს). არადა, ახლო წარსულში ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელისათვის სეზონის განმავლობაში 7-8 ბურთის გატანა "ჩვეულებრივი ამბავი" იყო ხოლმე.

ხვდებით, ალბათ, რომ დიმიტრი ტატანაშვილს ვგულისხმობთ, "ამერსა" თუ "ოლიმპში" როცა გამოდიოდა. 31 წლის ფორვარდი ამჟამად ბათუმის "დინამოშია" და სხვათა შორის, ისე, როგორც მისმა თანაგუნდელმა გიორგი ბერიაშვილმა, მეორე წრეში ჩატარებულ ორივე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.

...და ყველაზე მთავარი
ამ ტურის ორი მთავარი მოვლენა კი ბოლოსკენ შემოვინახეთ: ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს, გორის "დილა"!

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც მშვენიერი გუნდი ჰყავს გორელთა ახალგაზრდა თავკაცს, უჩა სოსიაშვილს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "დილას" ასეთი წარმატებული ასპარეზობა შემთხვევითი ნამდვილად არ არის.

I წრეში, "შუქურასთან" ტექნიკურ წაგებას თუ არ ჩავთვლით, "დილას" დაუმარცხებელი სერია უკვე 11 ტურია გრძელდება!..

"დილას" ლიდერობის შანსი კი იმის გამო გაუჩნდა, "დინამო თბილისმა" რომ ჩემპიონატში მეხუთე მარცხი განიცადა. რა თქმა უნდა, ობიექტურ მიზეზად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დინამოელთა თავკაცს, კახა გოგიჩაიშვილს ერთობ მოტივირებულ მეტოქესთან მატჩში დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი (ოთარ კაკაბაძე, ლაშა თოთაძე, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე) რომ აკლდა.

თუმცა ეს არაფრის დიდებით არ აკნინებს "სიონის" ჩინებულ ბურთაობას და ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით ლადო ბურდულის გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გამოისწორა.

ასე რომ, ზამთრის პაუზის დროს "სიონის" მიერ ჩატარებული სატრანსფერო კამპანია ნამდვილად ეფექტიანი იყო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
სიონი-დინამო (თბ) 2:1 - ჩხუბი ტრიბუნებზე... ეს ფეხბურთს არ უხდება! [VIDEO]
დილა-ტორპედო 2:1 - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-სამტრედია 0:1 - ზამთარაძემ გაზაფხული სამი ქულით დაიწყო
ზესტაფონი-ჩიხურა 2:2 - დერბისთვის შესაფერისი [VIDEO]
მეტალურგი-ზუგდიდი 0:1 - მხოლოდ მონდომება რომ შველოდეს... [VIDEO]
მერანი-ცხინვალი 0:2 - მარტვილში ფეხბურთი დაბრუნდა
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:2 - პირველი პენალტი მაინც შეახსენეს...
შუქურა-გურია 2:0 - მაინც შინაურმა უშველა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღები ხართ..მარა მეტი ყურადღებით...იმედია არ გეწყინათ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული