ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა. გუნდი დატოვეს არჩილ ტვილდიანმა, გიორგი გურულმა და გიორგი კუხიანიძემ და მხოლოდ კიშინიოვის "დაჩიას" ექსკაპიტანი და მოლდოვის ნაკრების ყოფილი წევრი, ცენტრალური მცველი დენის გილესკუ მიიწვიეს.

15 ივნისს, "შუქურას" ხელმძღვანელმა რევაზ ჩელებაძემ ახალი ამბებიც გვამცნო.

გუნდის მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას წარმატებული მუშაობა დაუფასეს და კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელეს.

სხვათა შორის, ესეც სიახლეა - ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, ქობულეთური კლუბი ამიერიდან მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებებს გააფორმებს. ასე მოხდა ოთხი ახალწვეულის შემთხვევაშიც. ჩელებაძის თქმით, ყველა მათგანი "სამტრედიიდანაა".

ახალი სეზონიდან
"შუქურასთვის" ითამაშებენ ნახევარმცველები - გრიგოლ დოლიძე, ლევან შარიქაძე, რევაზ გეწაძე და თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე. ამ უკანასკნელის ამბავი მოულოდნელია, რადგან "სამტრედიის" წარუმატებლობის მიუხედავად, პირადად მას სეზონი არ ჩაუგდია.

"ამ ოთხეულის გარდა, "შუქურაში" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელის, ელგუჯა ლობჯანიძის დამატებაც გვინდა, რადგან ნიჭიერი ბიჭია. მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერ მასზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ჩელებაძემ.

ქობულეთელთა თავკაცის თქმით, გუნდი კიდევ ბევრმა მოთამაშემ დატოვა: ირაკლი ხუჭუამ, თორნიკე თუხარელმა, ლაშა კალანდაძემ, ლაშა ჩაფიძემ და ზვიად მეტრეველმა, ლეგიონერების ნაწილი, მახაჩყალის "ანჟის" ყოფილი მეკარე აზამათ ჯიოევი და უკრაინის ნაკრებსა და დონეცკის "შახტარში" ნათამაშები საყრდენი ადრიან პუკანიჩი შეინარჩუნეს, რაც შეეხება ბრაზილიელთა საკითხს, ეს დღემდე გაურკვეველია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული