ამ თემებზე სასაუბროდ "მერანის" დირექტორ ელდარ ბაკურიას დავუკავშირდით...
- ბატონო ელდარ, თავდაპირველად მოსამზადებელი პერიოდის შესახებ გვიამბეთ...
- მომავალი სეზონისთვის მარტვილში ვემზადებით. ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრებს. არის მთელი რიგი სიახლეებისა. მომავალ სეზონში ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება.
- უცხოეთში გამგზავრება და იქაური შეკრების მოწყობა ვერ მოხერხდა. ამან თქვენი გეგმები ხომ არ არია?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, უცხოეთში წავსულიყავით,
- ვინ დარჩა "მერანში" ძველი გუნდიდან?
- ძველი გუნდიდან დარჩნენ ჯღამაია, გეგია და წურწუმია - ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, დავაწინაურეთ დუბლშემადგენლობის ნიჭიერი ფეხბურთელები.
- გვესმის, რომ ახალწვეულები ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, მაგრამ იქნებ რამდენიმე ცნობილი გვარი მაინც დაგვისახელოთ...
- ალბათ, გახსოვთ რუსთავში მოთამაშე ფორვარდი ბროლაძე. მას, დიდი ალბათობით, დავიტოვებთ. ჩვენთანაა მეკარე ზარქუა, ვინც თავის დროზე თბილისის "დინამოში" იყო. ასევე გვყავს ახალგაზრდა რუსი გოლკიპერი. "მერანშია" უკრაინელი მცველი კოტი, ასევე - გამოცდილი უკანახაზელი პაჭკორია. ჩვენთან ითამაშებს პავლე ხორგუაშვილიც.
განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ დუბლებიდან დაწინაურებულ მოთამაშეებზე. მართლა კარგი ბიჭები გვყავს. გვინდა, ისინი შენიშნონ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა და საქართველოს გამოადგნენ.
- სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდა?
- როგორც იცით, მომავალ სეზონშიც გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლობასი იქნება. მოვიწვიეთ მხოლოდ მეკარეთა მწვრთნელი ღურწკაია, ვისაც "ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონში" უმუშავია. ფიზმომზადებას კი ადგილობრივ სპეციალისტს მივანდობთ. მან უკვე მიიღო შესაბამისი ლიცენზია. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა კი უკრაინაში A ლიცენზია აიღო.
- რამდენია გუნდის საშუალო ასაკი?
- ჩემი გამოთვლით, 19 წელი.
- რა იქნება "მერანის" მიზანი მომავალ სეზონში?
- უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება. ამის მიუხედავად, "მერანი" საჩუქარი არავისთვის იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"