მარტვილელთა გასაჭირი - პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და დაგვეხმარონ!

AutoSharing Option
უკვე რამდენიმე თვეა, მარტვილის "მერანის" გარშემო ათასგვარი ჭორ-მართალი ვრცელდება. ლაპარაკი იყო ფინანსურ კრიზისზე, გუნდის დაშლაზე, ადგილობრივი გამგეობის დამოკიდებულებაზეც (რაზეც "ლელო" უკვე წერდა)...

მიუხედავად ამისა, მარტვილური გუნდი მზადყოფნაშია და ახალ სეზონში რადიკალურად შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს. თუ რა ხდება "მერანში" და რა მიზნები აქვს გუნდს, ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება კლუბის დირექტორი ელდარ ბაკურია, რომელიც ფრიდონ ინჯიასთან ერთად წლებია "მერანის" არსებობისთვის ყველაფერს აკეთებს...

- გულშემატკივარს აინტერესებს, თუ რა ხდება "მერანში". რატომ გახდა საჭირო გუნდის ძირითადი ბირთვის შეცვლა?..
- დავიწყოთ იმით, რომ წელს "მერანი"
ახალი შემადგენლობით ითამაშებს. სამი ფეხბურთელის გარდა, რომელთაც უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ, ყველა დუბლშემადგენლობიდან და ჭაბუკთა ლიგიდან დავაწინაურეთ.

პირველ წელსვე ძნელი იქნება, ამ ფორმაციის გუნდმა დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს, მაგრამ ნორმალური კრებულია, შეთამაშდება და მჯერა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ.

გაჭირვების მიზეზი კი ის უყურადღებობაა, რასაც წლებია, ფრიდონ ინჯია ადგილობრივი გამგეობის მხრიდან ხედავს. "მერანი" კერძო მფლობელის ხელშია და რომ იარსებოს, მეპატრონე ფულს საკუთარი ჯიბიდან ხარჯავს.

ცხადია, ფეხბურთი საქართველოში მომგებიანი ბიზნესი არ არის და ინჯიასაც, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, მილიონობით ლარი აქვს დახარჯული, ეს თანხები კი იბეგრება და არანაირი მხარდაჭერა არ იგრძნობა. ისე გამოდის, თითქოს, ეს ადამიანი ვალდებულია ვინმეს წინაშე. არადა, უბრალოდ, მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და საკუთარი კუთხე. ინჯია ისევ აგრძელებს დაფინანსებას, ოღონდ - შესაძლებლობიდან გამომდინარე. ასე რომ, გუნდის შენარჩუნებას ერთობლივი ძალებით ვცდილობთ. თუ "მერანი" უმაღლეს ლიგაში არ იქნება, ჩათვალეთ, რომ მარტვილში ფეხბურთი ჩაკვდება და ეს ყველასთვის ცუდი იქნება.

- გამგეობის თქმით, ისინი "მერანს" ეხმარებიან და ფეხბურთში მილიონზე მეტი აქვთ დახარჯული, ლაპარაკი იყო პრემიებზეც...
- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არასდროს მქონია და არც დღევანდელ გამგებელთან ან გამგეობასთან მაქვს პირადი პრეტენზია. მაგრამ რეალობა ასეთია: ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ეს ხალხი ადგილობრივ ხელისუფლებაშია, გამგეობამ პრემიის სახით 5000 ლარი ერთხელ ჩარიცხა. მაგრამ ეს თანხა დაიბეგრა, 1250 ლარი გამოაკლდა და დარჩენილი 30 კაცზე გაიყო. ამის გარდა, არანაირი დახმარება "მერანს" არ მიუღია.

- რეგიონალური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების ძალისხმევით, კერძო კლუბის, "მერანის" სტადიონზე უმაღლესი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგო. ცხადია, ეს მუნიციპალიტეტის ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა. ამისთვის 2014 წელს 621 ათასი ლარი გამოიყო. ეს დახმარება არ იყო?
- ამას ჩვენც ვხედავთ და უმადურები არ ვართ. მათი თქმით, 191 ათასი ლარი ბავშვთა სკოლისთვის მოიძიეს და "მერანს" ამიტომაც ვერ ეხმარებიან.

- მერე და, ცუდია, აქცენტი ბავშვთა ფეხბურთზე რომ კეთდება?
- კარგია და ამას ჩვენც მივესალმებით, მაგრამ თუ მარტვილს ჭაბუკების, დუბლებისა და უმაღლეს ლიგაში მთავარი გუნდი არ ეყოლება, ეს ბავშვები სად ითამაშებენ? ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, ბავშვთა სკოლა კლუბზე იყოს მიბმული, ისევე, როგორც საფეხბურთო აკადემია და ამ შემთხვევაში 200 ათასი ლარის დახარჯვას მეტი ეფექტი და შედეგი ექნება. თუ წინა გამგეობას ჰქონდა საშუალება და შესაძლებლობა, დახმარებოდა "მერანს", მიკვირს, დღევანდელი ამას რატომ არ ცდილობს.

პიროვნული გართულება არავისთან მაქვს, უბრალოდ, საკუთარი რაიონის გუნდს გვერდში ისევე რომ დაუდგე, როგორც ამას ფრიდონ ინჯია აკეთებს, საამისოდ, სურვილი და მონდომებაა საჭირო.

ერთიანი ძალისხმევით დიდი საქმის გაკეთება შეიძლება - როგორც "მერანისთვის", ისე ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის. და ფეხბურთის სიყვარულიც ხომ მხოლოდ მკერდზე მუშტის ბრაგუნი არ არის?!

- ასეა თუ ისე, გუნდი მაინც შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის ემზადებით. რა რესურსი აქვს "მერანს"? ამ კონტინგენტით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებთ?
- "მერანს" ყოველთვის მებრძოლი გუნდი ჰყავდა და ვლადიმირ ლობასის ხელმძღვანელობით, აუცილებლად ჩამოყალიბდება ის შემადგენლობა, რომელიც არავისთან არაფერს დათმობს.

ახალგაზრდა ბიჭები არიან. რაც მთავარია, მათში ვხედავ ენთუზიაზმს, მებრძოლს სულსა და მონდომებას. მჯერა, ეს ყოველივე შედეგს მოიტანს და ახალი "მერანი" ეროვნულ ჩემპიონატში თავის სიტყვას მაინც იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუმარჯოს მერანს,გამარჯვება და სულ გამარჯვევები.
merani
17:30 13-08-2015
0
მერანის ინტერესებში უნდა იყოს ბავშვთა სკოლა,და აქამდე რატომ არ ყვდა მერანს ბავშვთა ჯგუფები? ყველა ფულს ითხოვს მაგრამ რაში ხარჯავენ კაცმა არ იცის! კლუბის ინტერესებში უნდა იყოს ასაკობრივი გუნდები,გაზარდე კლუბისთვის გაყიდე და მოგებას ნახავ!
ambrolauri
22:11 13-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული