საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. I ტური: ნეტავ, უმაღლესშიც შემცირდებოდეს...

AutoSharing Option
ფოტოზე: "რუსთავში" საინტერესო და დამაიმედებელი პროცესები მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ოფიციალური მატჩების გამო უმაღლეს ლიგაში 11 სექტემბრამდე პაუზაა გამოცხადებული; სამაგიეროდ, დღეს სტარტს აიღებს პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც, ბოლო წლებისგან განსხვავებით, ბევრად განსხვავებული ფორმატით ტარდება.

უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდები ჯგუფებსა თუ ზონებში აღარ იქნებიან გადანაწილებულნი. ისიც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რომ უმაღლესი ლიგისაგან განსხვავებით, პირველ ლიგაში გუნდების შემცირების ტენდენცია უკვე ამ სეზონიდან დაიწყო და სამომავლოდ კიდევ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში პირველ ლიგაში 20 გუნდი ორ
ჯგუფში იყო გადანაწილებული, თანაც, ოთხწრიანი პირველობა იყო. ამჯერად კი, 18 გუნდი (ყოველგვარ ჯგუფებად და ზონებად დაყოფის გარეშე) ორ წრედ იასპარეზებს და, ამას გარდა, სხვა სერიოზული ცვლილებაცაა გათამაშების რეგლამენტში: პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგაში ავტომატურად აღზევდებიან, მესამეადგილოსანი კი პლეი ოფში დაუპირისპირდება უმაღლეს ლიგაში XIV ადგილზე მყოფ გუნდს.

თუმცა, ყველაზე დიდი ინტრიგა ცხრილის ქვედა ნაწილში უნდა იყოს: ამ სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ლიგიდან... 5 გუნდი ვარდება, რომელთაც მეორე ლიგიდან აღზევებული 3 გუნდი ჩაანაცვლებს და ასე გადავალთ მომავალი სეზონიდან უკვე 16-გუნდიან ჩემპიონატზე.

ისე, ურიგო არ იქნებოდა, უმაღლეს ლიგაშიც გვეფიქრა გუნდების შემცირებაზე, თანაც, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა, თორემ ამ "მასობრიობაში" რომ არანაირი სიკეთე არ არის, უკვე მეორე წელიწადია, ვრწმუნდებით. თუმცა, ისიც კარგად გვესმის, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირების პროცესი, ყველაზე კარგ ვარიანტში, 2016-17 წლების სეზონისათვის უნდა მოხდეს...

მანამდე კი, სჯობს, ისევ დღევანდელობას დავუბრუნდეთ და პირველი ლიგის ახალ სეზონზე ვისაუბროთ: ფავორიტებიც ვახსენოთ, მეორე ლიგიდან დაწინაურებული გუნდებიც და, რაღა თქმა უნდა, ქართული საზომით ცნობილი ის ფეხბურთელებიც უნდა გამოვარჩიოთ, წლების განმავლობაში უმაღლეს ლიგაში რომ გამოდიოდნენ და ბევრ მათგანს არაერთი აქაური ტიტულიც მოუგია...

გამოკვეთილი ფავორიტები და...
შარშან, ამ დროს, როცა პირველი ლიგის გათამაშების დაწყების წინ ფავორიტებზე ვსაუბრობდით, ყველაზე მაღალ შანსებს დედაქალაქურ გუნდებს, "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს" ვაძლევდით და ასეც მოხდა: დღესდღეობით ეს ორივე გუნდი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

აი, კიდევ ერთი აღზევებულის, თერჯოლის "საპოვნელას" ასეთ წარმატებულ გამოსვლას კი ნამდვილად არავინ ელოდა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სეზონშიც გამოჩნდეს ერთი-ორი ისეთი გუნდი, რომლის ასპარეზობაც შემდგომში სასიამოვნო მოულოდნელობად შეფასდება. თუმცა, მოდი, ჯერ იმ გუნდებზე ვთქვათ, ჩვენი აზრით, უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი რომ უნდა ჰქონდეთ.

ამ კატეგორიაში, უპირველეს ყოვლისა, "ვიტ ჯორჯია" უნდა ვახსენოთ: საქართველოს ორგზის ჩემპიონი 17 წელიწადი ასპარეზობდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ წინა სეზონის შედეგების მიხედვით, პირველ ლიგაში დაქვეითდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ "ვეტერინარები" პირველსავე ცდაზე შეძლებენ უძლიერესთა შორის დაბრუნებას.

წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ვიტ ჯორჯიიდან" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი გეთიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ელგუჯა ლობჯანიძე) კი წავიდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, თენგიზ კობიაშვილის განკარგულებაში კვლავაც დარჩა ძირითადი ბირთვი (ჯონი შეროზია, ლევან საბაძე, ლუკა თათხაშვილი, გიორგი კალანდია, ვალიკო გახარია, ბადრი დემეტრაშვილი, კახა კახაბრიშვილი, შოთა დავლაშელიძე, ვანო კურდღელაშვილი), რომელსაც რამდენიმე პერპექტიული ახალწვეულიც (ივანე ხაბელაშვილი, ვაჟა მატიაშვილი, რევაზ ბარამიძე) დაემატა.

მოკლედ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთწლიანი პაუზის მერე "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში უნდა ვიხილოთ თავის უცვლელ პრეზიდენტთან, გურამ რუხაძესთან ერთად...

...უმაღლესში აღზევების ასევე რეალურ კანდიდატად მიგვაჩნია ცხინვალის "ლიახვიც", ოღონდ, "ვიტ ჯორჯიისაგან" გასხვავებით, ეს გუნდი, ფაქტობრივად, წინა წელს ჩამოყალიბდა და ჯერ მეორე ლიგაში გაიმარჯვა უპრობლემოდ თავის ზონაში, მერე კი ასევე დამაჯერებლად იასპარეზა პირველ ლიგაში გადასასვლელ სამგუნდიან პლეი ოფში.

თუმცა "ლიახვის" ხელმძღვანელებს უფრო ამბიციური მიზნები აქვთ და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ამ ზაფხულს გუნდი სოლიდურად გაძლიერდა და ისეთი შემადგენლობაც შეიკრიბა, მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნები რომ უნდა ჰქონდეს.

მაგრამ ჯერ მთავარ მწვრთნელზე ვთქვათ: ზაფხულში გუნდი ჩაიბარა 39 წლის სპეციალისტმა მალხაზ ჟვანიამ, რომელიც ჯერ მარტვილის "მერანში" მუშაობდა წარმატებით (პირველ ლიგაშიც და უმაღლესშიც), შემდეგ კი თბილისის "დინამოსთან" ერთად "დუბლი" შეასრულა.

მალხაზ ჟვანიას ახალ გუნდში უამრავი გამოცდილი და ცნობილი ფეხბურთელია: 29 წლის მეკარე მაქსიმე ქვილითაია, მცველები - 34 წლის ალექსანდრე ინწკირველი, 33 წლის სერგი ორბელაძე, 29 წლის ვაჟა ლომაშვილი, 23 წლის კიჭი მელიავა, ნახევარმცველები - 27 წლის გიორგი ცხადაია, 26 წლის ნიკოლოზ სადაღაშვილი, 23 წლის ირაკლი ღიბრაძე, თავდამსხმელები - 26 წლის რევაზ ბარაბაძე, 25 წლის საბა ლომია.

...სხვა უცნობ-ნაცნობი სახეები
"ლიახვთან" ერთად მეორე ლიგიდან აღზევდა ხონის "იმერეთიც", რომელსაც ასევე გამოცდილი სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნის და სადაც ასევე რამდენიმე "ცნობადი სახეა": გელა ხუბუა, გიორგი მემარნიშვილი, ილია პავლიაშვილი, მიხეილ კობერიძე, ალეკო მზევაშვილი და სხვები.

თუმცა, ქართული საკლუბო ფეხბურთის კვალობაზე ცნობად სახეებს პირველი ლიგის სხვა გუნდებშიც მრავლად შევხვდებით; ასე, მაგალითად, "ჭიათურაში" გააგრძელებენ კარიერას 32 წლის მინდია ბობღიაშვილი, 30 წლის ლაშა ჭელიძე, 24 წლის ვაჟა ნემსაძე.

ქედის "ბეთლემში" მოასპარეზე ორ ვეტერანს, 34 წლის ლევან შავგულიძესა და 33 წლის ვიტალი დარჩიძეს ახალი პარტნიორები ეყოლებათ, უმაღლეს ლიგაში წლების განმავლობაში რომ თამაშობდნენ: 32 წლის თენგიზ ჩიკვილაძე, 27 წლის კარენ მაკარიანი, 26 წლის ირაკლი ეხვაია;

არანაკლებ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს "ბორჯომს", რომელიც წინა სეზონში პენალტების სერიაში დამარცხდა პლეი ოფის მატჩში "ლოკომოტივთან": 34 წლის ედიკ საჯაია, 30 წლის მიხეილ ჩხარტიშვილი, 34 წლის ვლადიმერ ჯოჯუა, 29 წლის ლევან თედიაშვილი, 25 წლის გიორგი სალარიძე;

იგივე შეიძლება ითქვას "სქურზე", სადაც 35 წლის გიორგი კრასოვსკი, 34 წლის პაატა ბაკარანძე, 33 წლის დათა რაფავა და 25 წლის პაატა ცხვიტარია გამოდიან;

კიდევ ბევრი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლებოდა, რომლებიც სხვადასხვა გუნდში არიან გადანაწილებულნი.

თუმცა, "ლელოს" მკითხველი ამ ყველაფერს მალე იხილავს, როცა პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდების განაცხადებს შემოგთავაზებთ. მანამდე კი კიდევ ორ გუნდზე გვინდა ვთქვათ: 1-ელ სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის "ლაზიკას" სახელწოდება შეეცვალა, ამიერიდან პირველ ლიგაში "ოდიში 1919" იასპარეზებს;

ასევე ახალი სახელწოდების გუნდი ეყოლება რუსთავს, თუმცა, საქმე მხოლოდ სახელწოდებაში არ არის - საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" ამ ზაფხულს დაფუძნდა და მასზე პატრონობა ქალაქის ხელმძღვანელობამ იკისრა.

ადრეც ვწერდით, რომ "რუსთავში" საინტერესო და დამაიმედებელი პროცესები მიმდინარეობდა: ძირითადი აქცენტი აღებულია ადგილობრივ, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე, წარსულს ჩაბარდა ის მართლაც ქრონიკული პრობლემები (უხელფასობა, უშუქობა, უწყლობა), გუნდს ეყოლება ფარმკლუბი (მეორე ლიგაში იასპარეზებს) და "რუსთავის" მთავარ მწვრთნელს, გიორგი მიშველიძეს არასაფეხბურთო პრობლემებზე ფიქრი აღარ მოუწევს.

ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ პირველი ტურის მატჩზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, "რუსთავი" კომფორტული ავტობუსით...თამაშის წინა დღეს გაემგზავრა, სასტუმროში დაბინავდა და შეხვედრის წინა დღეს სრულფასოვანი ვარჯიშიც ჩაატარა! მსგავსი ფუფუნება კი რუსთავის გუნდს უმაღლეს ლიგაში ყოფნის დროს როდის ჰქონდა, ამას, ალბათ, ბევრი ვერც გაიხსენებს.

თუმცა, როგორც გუშინ "რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა გვითხრა, ეს ჯერ დასაწყისია და ამ კლუბში კიდევ არაერთ სიახლეს უნდა ველოდოთ.

აი, თუნდაც საკადრო საკითხებზე ვთქვათ - თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "რუსთავის" სპორტულ დირექტორად დღესდღეობით ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლევან სილაგაძე იმუშავებს, რომელიც რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია;

ასევე მშობლიური ქალაქის გუნდში გააგრძელებს კარიერას გამოცდილი ფეხბურთელი, 30 წლის დავით იმედაშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთავის "ოლიმპის" ჩემპიონობაში (2009/10 წლების სეზონში).

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. I ტური
2 სექტემბერი
ბეთლემი (ქედა)-რუსთავი
ბორჯომი-ოდიში 1919 (ზუგდიდი)
ჩხერიმელა (ხარაგაული)-ვიტ ჯორჯია (თბილისი)
გაგრა-ალგეთი (მარნეული)
იმერეთი (ხონი)-კოლხეთი (ხობი)
მერცხალი (ოზურგეთი)-ლიახვი (ცხინვალი)
მეშახტე (ტყიბული)-ჭიათურა
სამეგრელო (ჩხოროწყუ)-სამგურალი (წყალტუბო)
სქური (წალენჯიხა)-მაჭახელა (ხელვაჩაური)

ყველა მატჩი 16 საათზე დაიწყება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროპასჰი ბევრი გუნდია რომელტაც ფული გამოელია მატ დაიწყეს ახალგაზრდების დამატება რომელმაც დზალიან გაამარტლა და ბევრი ნიჭიერი ფეხბურტელი აღმოაჩIნეს და მერე რა საქარტველოშიც ტუ დაიწყებენ პერსპექტიულ ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეტებას
0
იქნებ ხობის კოლხეთზეც დაგეწერათ?ონიანი ჭედია ვართაგავა ბუკია და 99 % ადგილობრივები რო გვყავს
kolkheti khobi
21:37 02-09-2015
0

სიახლეები პოპულარული