ვლადიმირ ლობასი მარტვილის "მერანიდან" ჯერ არ წასულაო...

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" სამწვრთნელო ცვლილებების ზღვარზეა. გუნდის უკრაინელი დამრიგებელი ვლადიმირ ლობასი სამშობლოშია და, დიდი ალბათობით, მარტვილურ კლუბს აღარ დაუბრუნდება.

ლობასს დროებით ადგილობრივი სპეციალისტი გალაკტიონ ჭუბაბრია წვრთნის. მისი დებიუტი იღბლიანი გამოდგა - "მერანმა" შინ 2:0 მოუგო ლანჩხუთის "გურიას" და ეს იყო მარტვილელთა პირველი 3 ქულა საწყის ექვს ტურში.

სამწვრთნელო საკითხთან დაკავშირებით "მერანის" დირექტორ ელდარ ბაკურიას განმარტებები ვთხოვეთ:

"ლობასი საბოლოოდ არ წასულა გუნდიდან. ის ჯერ უკრაინაშია და სამწვრთნელო ცოდნას იღრმავებს. მისი საკითხი უახლოეს 4-5 დღეში გადაწყდება.

არ დავმალავ, რომ უფრო დიდი შანსია, წავიდეს.
მიზეზი მარტივია - შედეგი ნამდვილად არ არის მისაღები და, ალბათ, ამაში თქვენც დამეთანხმებით...

სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, დარჩება თუ არა გალაკტიონ ჭუბაბრია მთავარ მწვრთნელად. არის რამდენიმე ვარიანტი და მათ განვიხილავთ. ამ ეტაპზე, ჭუბაბრია დროებით ასრულებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას. ვნახოთ, მერე რა იქნება...

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდში რჩებიან...

ხელფასები? რაც გვაქვს, სტაბილურად გვაქვს. ანაზღაურება დიდი არ არის, მაგრამ რაც არის, იმას დროულად იღებენ ბიჭები.

სასიხარულო იყო "გურიასთან" გამარჯვება. უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ...

რაც შეეხება მომავალს, ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ეს არ იქნება იოლი. თქვენც იცით, ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ბევრისთვის ეს პირველი სეზონია უმაღლეს ლიგაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ელდარ, მალე დარასელიას გაუშვებს ტორპედო და აიყვანეთ. აშენებით არ აგაშენებთ, მარა მსაჯებისთვის ტონა და ორასი ლარი მოიმარაგეთ და ახლა სადაც ხართ იმ ადგილს აგაცილებთ
კლიმენტი
15:43 29-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული