12:40 29-02-2016
მერანი-ჩიხურა 3:2 - მოსალოდნელი მოულოდნელობა [VIDEO]
AutoSharing Option
ფაქტია, მეორე წრეში ბადრი კვარაცხელიას გუნდი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. უკანასკნელ სამ მატჩში "მერანმა" 7 ქულის მოპოვება შეძლო, რითიც უშუალო კონკურენტები უკან ჩამოიტოვა და გასავარდნ ზონასაც დააღწია თავი.
წინა ტურისგან განსხვავებით, ცვლილებები ორივე გუნდში განხორციელდა. მასპინძელთა რიგებში დისკვალიფიცირებულ სერგი ორბელაძის ნაცვლად, დაცვის ცენტრში ადგილი ანდრო გიორგაძემ დაიკავა, ხოლო ტრავმირებული ბესიკ ჩიმაკაძე წინა ხაზზე ჯაბა უგულავამ შეცვალა. სტუმართა რიგებში კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშეს წამყვანმა ფეხბურთელებმა - გიორგი განუგრავამ და კახაბერ კაკაშვილმა.
თავად მატჩი კი საინტერესოდ დაიწყო და, ფაქტობრივად, პირველივე მომენტი გოლით დაგვირგვინდა. მე-11 წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ნიკა საბანაძემ დაუხვედრა თავი და თავისიანები დააწინაურა.
ცოტა ხანში, შეგულიანებულ მერანელებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ - ჯერ ლაშა ჯღამაიას დარტყმული დავით კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია, მოგვიანებით კი უგულავას თავური ასცდა მიზანს.
იქვე, მარტვილელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - სწრაფი შეტევა, რომელშიც მასპინძელთა თითქმის ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბანაძის ზუსტი გადაცემით უნდა დასრულებულიყო, თუმცა... უკანასკნელ წამს ვაკო ხაბელაშვილს საჩხერელთა მცველმა დაასწრო და სიტუაციაც განიმუხტა.
ერთადერთი შანსი "ჩიხურამ" პირველი ნახევრის მიწურულს გაანიავა - "სტანდარტულიდან" ჩაწოდებულ ბურთს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითიც ვერც ერთმა საჩხერელმა ვერ იხეირა. საბოლოოდ, ბურთი ზურაბ მამალაძემ მიიღო.
შესვენების შემდეგ გულშემატკივრებმა კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული თამაში იხილეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ეტყობოდა, რომ ორივე გუნდს მიზნად მხოლოდ მოგება ჰქონდა დასახული...
51-ე წუთზე მერანელთა ახალწვეულებმა - ხაბელაშვილმა და საბანაძემ - მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რაც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ მართალია, წინა ტურების მსგავსად, ხაბელაშვილს ამ შეხვედრაშიც არ გამოუჩენია თავი, თუმცა მოედანზე მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო...
მას მერე, რაც მეორე გოლი გაუშვა, "ჩიხურა", რომელიც მეტწილად საკუთარ საჯარიმოში იყო ჩაკეტილი და აქა-იქ ეპიზოდურად თუ გაიბრწყინებდა, გამოფხიზლდა, შეტევები გააძლიერა და მეტოქე რამდენჯერმე აანერვიულა კიდეც. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სხვაობა მალევე შეამცირეს - გიორგი ჭანკოტაძის დარტყმა მამალაძისთვის აუღებელი გამოდგა.
დარჩენილ ნახევარ საათში ორივე კართან უამრავი მომენტი შეიქმნა, გარდამტეხად კი 87-ე წუთი იქცა, როცა გამოცდილ გიორგი რეხვიაშვილს საკუთარ საჯარიმოში საბანაძემ მოპარა ბურთი და სამსვლიანი კომბინაცია (საბანაძე-ჯიქია-გოგუაძე) დებიუტანტმა ზაურ გოგუაძემ გოლად აქცია.
ანგარიშში სხვაობის შემცირება ლაშა ჩიკვაიძემ მოახერხა, რომელმაც თავისიანებს ქულის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში საჩხერელები მთელი ძალებით წავიდნენ წინ, შექმნეს რამდენიმე, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი, მაგრამ - ამაოდ. გიორგი კიკაჩეიშვილის სასტვენმა "მერანის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ
ბადრი კვარაცხელია (მერანი):
"ზამთრის პაუზამ ჩვენზე კარგად იმოქმედა. შემადგენლობის გაძლიერებამ, თურქულმა შეკრებამ და ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო. არნახულად კარგი სტარტი გვაქვს. მზად ვართ კიდევ უფრო რთული ბარიერების გადასალახავად. წინ "დინამოსთან" ურთულესი მატჩი გველის და ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
27.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ჩიხურა 3:2
გოლები: 1:0 საბანაძე (11. კიკნაველიძის პასით), 2:0 საბანაძე (51. ხაბელაშვილის პასით), 2:1 ჭანკოტაძე (60), 3:1 გოგუაძე (87. ჯიქიას პასით), 3:2 ჩიკვაიძე (90)
მერანი (4-1-3-2): მამალაძე - მელიავა, გიორგაძე, ი. ციცხვაია, კიკნაველიძე - ტეიდი - ჯიქია, ჯღამაია (64. აშორტია), ხაბელაშვილი (89. გეგია) - უგულავა (46. გოგუაძე), საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, კენჩხაძე, შენგელია, გაზდელიანი
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ჩიხურა (4-4-2): კუპატაძე - კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი - ჭანკოტაძე (82. მუმლაძე), კორიფაძე, გაბაძე (21. სარდალიშვილი), თ. კირკიტაძე (50. დ. კირკიტაძე) - ენუქიძე, კუჭუხიძე.
სათადარიგოები: კაკალაძე, ჯოხაძე, დეკანოიძე, მეგრელიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ენუქიძე (30), რეხვიაშვილი (36), ჭანკოტაძე (44), ჯღამაია (45), ტეიდი (45)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
XIX ტური
6 მარტი, კვირა
დინამო (თბ)-მერანი
გურია-ლოკომოტივი
ტორპედო-დინამო (ბთ)
სიონი-საპოვნელა
ცხინვალი-დილა
შუქურა-კოლხეთი
ჩიხურა-ზუგდიდი
7 მარტი, ორშაბათი
სამტრედია-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული