სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლნისის "სიონს" ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "საპოვნელასთან" შეხვედრაში წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა. ბოლნისელებმა დამსახურებულად იმარჯვეს და კვლავ აგრძელებენ ევროსაგზურისთვის ბრძოლას.

"საპოვნელა" კი ძალიან უიმედოდ გამოიყურებოდა. თერჯოლელთა გუნდი ამ შეხვედრის წინ დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ, რომელიც მამუკა ხუნდაძისა და მირიან გეწაძის ტანდემმა შეცვალა... სახელებით "საპოვნელას" არაფერი დაეწუნება. ეგაა, გუნდი ვერ არის შეკრულ-შეთამაშებული და ეს იმერელთა გარჯას განსაკუთრებულად ასვამს დაღს. თუ "საპოვნელამ" თამაში დროულად არ გამოასწორა, უმაღლესი ლიგის დატოვება არ ასცდება.

თამაში ორივე გუნდმა დაზვერვით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი
სტუმრებმა შექმნეს. გამოცდილმა ჯაბა დვალმა ძლიერად დაარტყა, თუმცა მირზა მერლანი ბურთს ადგილზე დახვდა.

მეორე ეპიზოდში ისევ მერლანმა ითამაშა კარგად - ამჯერად, კიდევ ერთი ვეტერანის, ალექსანდრე კოშკაძის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. ამის შემდეგ თამაშის სადავეები მთლიანად მასპინძელთა ხელში გადავიდა.

მატჩი ხეირიანად არც იყო გახურებული, როცა აქტიური აკაკი შულაია დაშავდა და მის ნაცვლად მინდორზე ოთარ კობახიძე გამოჩნდა. ამ უკანასკნელმა შესანიშნავად ითამაშა და მატჩის გმირ დიმიტრი ტატანაშვილთან ერთად საუკეთესო მოთამაშედ მოგვევლინა...

"სიონმა" ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა. გიული მანჯგალაძემ კარგად გახსნილ ლუკა რაზმაძეს პასი არ დაუგვიანა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრე გიორგაძეს შანსი არ დაუტოვა.

ამის შემდეგ მომენტი კვლავ "საპოვნელას" ჰქონდა, თუმცა დვალის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. პირველი ტაიმის ბოლომდე სახიფათო მომენტებს მხოლოდ "სიონი" ქმნიდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ ყოფილიყო, იქვე გადაწყდებოდა თამაშის ბედი...

ამასობაში, გიორგი გაფრინდაშვილმა შესანიშნავი პასი გაუკეთა კობახიძეს, რომლის დარტყმული გიორგაძის კარს ოდნავ ასცდა, მერე კი ტატანაშვილს გაუცუდდა უაღრესად სახიფათო თავური.

მეორე ტაიმში მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ისე მოიგეს, იგრძნობოდა, მომატებაც შეეძლოთ.

თამაშის ეს ნაწილი "სკონტოდან" ბოლნისში დაბრუნებული ზურაბ ჯაფიაშვილის შორეული და ოდნავ არაზუსტი დარტყმით გაიხსნა. 53-ე წუთზე კი "სიონის" უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ჯერ იყო და, თერჯოლელებმა ხეირიანად ვერ ამოიტანეს ბურთი, მერე კი გამოცდილი ლაშა ჭელიძე შეცდა, ტატანაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 2:0.

61-ე წუთზე "სიონმა" უპირატესობა სამამდე გაზარდა. ტატანაშვილმა კიდევ ერთხელ გაუყარა მეკარეს თვალი თვალში (ამჯერად, კობახიძის გამოზომილი გადაცემით) და დუბლი გაიფორმა.

მალე მეოთხე გოლიც ვიხილეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ეპიზოდი თამაშის მშვენება იყო. "სიონის" სწრაფი კონტრშეტევისას კობახიძემ სწრაფად წაიღო ბურთი და უძლიერესი დარტყმაც არ დაახანა. ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა!

"საპოვნელამ" პრესტიჟის გოლი მაინც გაახერხა. 70-ე წუთზე დავით ბოლქვაძემ კარგი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა შეცვლაზე შესული გიორგი ბუხაიძე და მანაც არ ააცილა მიზანს. ბუხაიძეს დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ ეტყობა, რომ ფეხბურთი იცის, ჭკვიანია და საგოლე ალღოც აქვს.

...საბოლოოდ "სიონმა" დაუძაბავად მიიყვანა თამაში სასურველ დასასრულამდე. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონის გათვალისწინებით, გუნდის კომპლექტაციითა თუ თამაშის ხარისხით, ბოლნისურ კლუბს აშკარად შეუძლია ევროთასების საგზურის მოპოვება.

"სიონი" თანდათან იმ ნაკლსაც ასწორებს, რომლის თაობაზეც ძალიან ხშირად საუბრობს გუნდის მთავარი მწვრთნელი - ვგულისხმობთ არაერთი საგოლე მომენტის გაცუდებას. 4 გოლი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-საპოვნელა 4:1
გოლები: 1:0 რაზმაძე (28), 2:0 ტატანაშვილი (53), 3:0 ტატანაშვილი (61), 4:0 კობახიძე (66), 4:1 ბუხაიძე (70)
სიონი: მერლანი, გაფრინდაშვილი, ვ. კილასონია, ჯაფიაშვილი, საჯაია, შულაია (20. კობახიძე), გვალია (67. გ. კილასონია), რაზმაძე, მანჯგალაძე, გოგობერიშვილი, ტატანაშვილი (64. მანაგაძე).
სათადარიგოები: ნანიევი, სვანიძე, ფოფხაძე, ლუის ალბერტო
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
საპოვნელა: გიორგაძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ვაჭარაძე (35. ბანძელაძე), კოშკაძე, შარიქაძე (57. ტყეშელაშვილი), ბოლქვაძე, ენდელაძე, ოდიკაძე (69. ბუხაიძე), მაკარიძე, დვალი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ქათამაძე, ბერუაშვილი, მიქაბერიძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (68), ჯაფიაშვილი (77)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

XIX ტური
07.03. სამტრედია.
სამტრედია-საბურთალო
"ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:3
პირველი წრე 2:3

XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ბუხაიძე თამაშობდა ამ გუნდში და იმასაც არ ათამაშებენ, რა თამაში უნდა მოიგონ , თან ფლანგზე ათამაშებენ როცა ცენტრ ფორვარდია
giga
15:21 07-03-2016
0

სიახლეები პოპულარული