დილა-ჩიხურა 1:1 - დავიწყებული მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ მოიგო გორის "დილამ" და ტიტულის დაცვას ვინღა ჩივის, მეორე ადგილის შანსიც სათუოდ ექცა. მეორე წრეში გორელები ხუთიდან სამ მატჩში მეტოქეს დაუზავდნენ, მაგრამ გუნდისა და მწვრთნელისთვის მთავარი ისაა, "დილა" შექმნილ ვითარებას არ დაუზავდეს და ევროსაგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

ადგილობრივი ქომაგი "ჩიხურასთან" საყვარელი გუნდისგან 3 ქულას ელოდა, რისი იმედიც მათ პირველივე წუთებიდან გაუღვივდათ. უკვე მე-4 წუთზე მასპინძლებმა შედეგიანი იერიში განახორციელეს. გიორგი ჩელებაძის კუთხურს ალექსანდრე კვახაძის თავური მოჰყვა. მეკარე დინო ჰამზიჩმა უკუაგდო დარტყმა, მაგრამ ირაკლი მოდებაძის მიერ დამატებული მცველმა უკვე
კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა - 1:0.

იქვე გოლი წვიმამ დაასველა - ფაქტობრივად, იმავე წუთში ძლიერი წვიმა წამოვიდა და თამაშის ბოლომდე სრულად არც გამოუდარია. სველ ბურთს და მოედანს, ცხადია, გარკვეული კორექტივები შეჰქონდა თამაშში, თუმცა მწვრთნელების მიერ არჩეული ტაქტიკა არ შეუცვლია.

"დილა", მით უმეტეს, გატანილი გოლის შემდეგ კონტრშეტევებს ანიჭებდა უპირატესობას, საჩხერელები კი ცოტა უფრო მეტხანს ფლობდნენ ბურთს და მეტსაც უტევდნენ. სტუმართა გუნდი, განსხვავებით მასპინძლებისგან, საჯარიმოში მაინცდამაინც ბურთიანად შესვლაზე არ ყოფილა აქცენტირებული. მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი არაერთხელ შეაწუხეს შორი თუ საშუალო დისტანციიდან დარტყმებით. ასე მოიქცა ორჯერ გიორგი ჭანკოტაძე, ერთხელაც - ლაშა კუჭუხიძე.

შეტევისას, იმავე მეთოდს მეორე ტაიმში "ჩიხურა" მიმართავდა.

36-ე წუთზე კუჭუხიძის მიერ ათიოდე მეტრიდან დარტყმულს კვახაძე რომ არ გადაფარებოდა, იქნებ საპასუხო გოლი უფრო ადრეც გვეხილა. სტუმართა იერიშის მოგერიებისთანავე, გორელები ბურთს უმალ წინ დარჩენილ მოდებაძეს აწვდიდნენ. ამ უკანასკნელსაც კონტრშეტევაზე სახარბიელო სიტუაცია რამდენჯერმე შეექმნა, მაგრამ მცველები ახერხებდნენ მის განეიტრალებას.

ჩელებაძის მიერ წამოწყებული კარგი კომბინაციის შემდეგ გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა ირაკლი ძარიას, მაგრამ მის მიერ ახლოდან დარტყმული ჰამზიჩმა უკუაგდო. ტაიმის მიწურულს "ჩიხურამ" მასპინძლებს გოლი, როგორც იტყვიან, "გასახდელში გაატანა" - სახიფათო "სტანდარტულისას", საჯარიმოში მაღალი ჩამოწოდებულის მოგერიება ვერ შეძლო წინ გამოსულმა მუჯრიშვილმა და ბურთი, თითქოს, პირით ხაზს იქით გადადიოდა, თუმცა...

გურამ ენუქიძემ შემოაბრუნა, მიხეილ სარდალიშვილმა კი ბადეში შეაგორა - 1:1.

ბუნებრივია, მეორე ტაიმში "დილას" უფრო მართებდა მომატება და ასეც მოხდა, მაგრამ საგოლე ან სახიფათო მომენტები ჰამზიჩის კართან ვერ იქმნებოდა. მნიშვნელოვანწილად, ამას სტუმართა დაცვისა და შუა ხაზის გამართული თამაში განაპირობებდა.

77-ე წუთზე სტუმრებმა კინაღამ მეორედაც იხეირეს, მაგრამ აქ მასპინძელთა მეკარემ ბოლო წამს იხსნა გუნდი. მართალია, იქ დავით კირკიტაძის წაქცევისთვის საჩხერელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა სანაცვლოდ... სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღეს.

სოსიაშვილმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ჯერ რომან ახალკაცი, ხოლო შემდეგ ოთარ მარცვალაძეც შეუშვა. ამ უკანასკნელმა მატჩის ბოლო წუთზე ასევე შეცვლაზევე შესული თემურ ღონღაძის პასით კი შეაგდო, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ადვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვებოდა სათადარიგოთა სკამიდან და მეტადრე, ტრიბუნებიდან ბოლო წუთზე გორელთა გოლის არჩათვლას. საბოლოოდ, არბიტრს მაყურებლის ლანძღვა-გინების მთელი კორიანტელი დაატყდა თავს. "დილამ" მეორე ადგილი "სამტრედიას" დაუთმო.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი, "დილას" მწვრთნელი: "თამაში სანახაობრივი გამოდგა, სახიფათო მომენტებიც შეიქმნა, გოლებიც გავიდა და არჩათვლილი გოლიც ვიხილეთ, რომელიც, სანამ ვიდეოს არ ვნახავ, ვერ ვიტყვი, წესების დაცვით გავიდა თუ არა.

პირველ ტაიმში მეორე ნომრად თამაში ავირჩიეთ და ვიგებდით კიდეც. სამწუხაროდ, ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე მარტივ სიტუაციაში შევცდით და მივიღეთ გოლი...

შესვენების შემდეგ უფრო დიდი აქცენტი გავაკეთეთ ბურთის კონტროლზე, მომენტებიც შევქმენით. მოედანზე საინტერესო ტაქტიკური ჭიდილიც მიმდინარეობდა...

მიმაჩნია, რომ უფრო მეტად შეიძლებოდა გაგვმართლებოდა და ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულებულიყო შეხვედრა. რა თქმა უნდა, სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ ჩემპიონატი მაისამდე გრძელდება და ჩვენ ვიბრძოლებთ ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
12.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 მოდებაძე (4), 1:1 სარდალიშვილი (45)
დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი, ძარია, ჩელებაძე (68. ახალკაცი), თექთურმანიძე (60. ღონღაძე), მოდებაძე (80. მარცვალაძე).
სათადარიგოები: ლეგაშვილი, ლომიძე, ქარქუზაშვილი, წიქარიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, განუგრავა, კაშია, ჩიკვაიძე, ვოლკოვი (60. დ. კირკიტაძე), ჭანკოტაძე (76. ლოვრეჩიჩი), დობროვოლსკი, ენუქიძე, თ. კირიკიტაძე (30. სარდალიშვილი), კუჭუხიძე.
სათადარიგოები: კაკალაძე, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, მუმლაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ნონიკაშვილი (22), ჩელებაძე (29), თექთურმანიძე (40), დ. კირკიტაძე (76), კუჭუხიძე (90), ენუქიძე (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXI ტური
17 მარტი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-დილა

18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი

19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიმახსოვრეთ
1) დინამო
2) სამტრედია
3) დილა
4) ჩიხურა

ასე დამთავრდება ჩემპიონატი
ჯარჯი21
16:49 14-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული