დანაშაული, სასჯელი და აფთიაქარის სასწორი - გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში

AutoSharing Option
ქართულ საკლუბო ფეხბურთში მორიგი ბომბი აფეთქდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას რაპორტზე დაყრდნობით ერთი გარიგებული მატჩი გამოავლინა. მარტვილში ადგილობრივმა "მერანმა" 2:1 მოუგო "რუსთავს". მასპინძლის მოგება და "მეტობა" - ამაზე დადებულა ფსონები ტოტალიზატორებში...

- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ
- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
- "რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რაც უნ
და მოვუწონოთ, ისაა, რომ შეძლებისდაგვარად ებრძვის გარიგებულ მატჩებს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ საკუთარი აზრი გვაქვს და ქვემოთ აუცილებლად ვიტყვით...

ჩვენც აქ ვართ, ამ ბრძოლაში და თუ ქართული ფეხბურთის სიკეთე გინდა, სხვანაირად ვერც იქნები, შენი ადგილი აქ არის. უბრალოდ, ბოლო ფაქტთან დაკავშირებით ჩნდება კითხვის გვარიანი ნიშნები.

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: ჩვენ ამ დიდ ბრძოლაში ფეხბურთის ფედერაციის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ყველა საკითხში, განსაკუთრებით - ასეთ ფაქიზში, დაცული უნდა იყოს მართლზომიერება და სასჯელი მას შემდეგ უნდა გამოვიტანოთ, როცა დანაშაულს სრულად, ბოლომდე გამოვიძიებთ.

რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან თემაზე იურისტები უფრო ამომწურავად ისაუბრებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირების უფლება არ გვაქვს. ცნობილია: ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციამ იხელმძღვანელა უეფას რაპორტის და ფედერაციის სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიხედვით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ იმას, რომ ორივე გუნდი უდანაშაულოა. დღევანდელ ქართულ ფეხბურთში გარიგებები თუ "გაცვლები" არავის უკვირს, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნებოდა, სასჯელი მას შემდეგ ყოფილიყო გამოტანილი, რაც ამ საქმეში ბრალმდებელ მხარეს მეტი უტყუარი მტკიცებულება ექნებოდა.

ზუსტად ვიცით, უეფას ადრეც არაერთხელ მოუწერია ასეთი რაპორტი და დიდი ალბათობით, დღეს ის რაპორტები რომელიღაც მტვრიან კუთხეში "განისვენებენ".

რა თქმა უნდა, ეს ცუდია და სხვა რომ არაფერი ვთქვათ, გულგრილობაა, მაგრამ მეორე მხრივ, უეფას რაპორტი არ არის დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება. მე მათი შინაარსი დაახლოებით ასე მესმის: საეჭვო თამაში ჩატარდა, ასი თვალი და ასი ყური გამოისხითო, აფრთხილებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო თავის წევრ ფედერაციებს.

ჩვენ ამ რაპორტების მიხედვით დასჯილი არაერთი გუნდი გვინახავს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება ბოლომდე მიდიოდა. "მერანი"-"რუსთავის" მატჩი კი ახლახან ჩატარდა და ვეჭვობთ, ამ უმოკლეს დროში შესაძლებელი ყოფილიყო საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება. და თუ ჩატარდა ეს გამოძიება, სად არის ფაქტები?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, ფეხბურთის განვითარების ფონდმა დაფინანსება შეუწყვიტა ამ მატჩის მონაწილე ორივე გუნდს, რითიც ისინი, ფაქტობრივად, დასაშლელად გაწირა, მით უმეტეს - "რუსთავი", რომელსაც არ ჰყავს კერძო სპონსორი.
უეჭველია: თუ მართლაც რაღაც მოხდა ამ შეხვედრაში ისეთი, რაც ეწინააღმდეგება "ფეარ პლეის" პრინციპებს, მაშინ ქულების დაკლება, ფულადი ჯარიმა და დაფინანსების შეწყვეტა არ არის საკმარისად მკაცრი სასჯელი.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ქართული ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს ყველა ის, ვისაც შეხება აქვს ამ სიბინძურესთან. ოღონდ, ეს მას შემდეგ, რაც დაიდება უტყუარი ფაქტები. მხოლოდ ეჭვის, თუნდაც უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფის ეჭვის საფუძველზე, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ივარგებს.

* * *
სანამ ერთ საინტერესო ამბავს გამოვიტანდეთ მკითხველის სამსჯავროზე, მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება და ეს ნამდვილად არ არის უბრალო დეტალი.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თითქმის არ არსებობს ისეთი გარიგებული მატჩი, რომელშიც ყველამ, მინდორზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა, ან თუნდაც გუნდების მწვრთნელებმა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ.

როგორც წესი, გარიგება ხდება კონკრეტულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, ან გარეშე პირებსა და ზოგიერთ მწვრთნელს, ან უშუალოდ ფეხბურთელებს შორის. ბოლოს და ბოლოს, არ არის სასურველი, გარიგებული მატჩის თაობაზე ყველამ იცოდეს. მარტივი სავარაუდოა: რაც მეტმა იცის გარიგებული მატჩის თაობაზე, მით მალე "გასკდება" ამბავი.

მე ვერავინ დამაჯერებს, რომ მარტვილში გამართული შეხვედრის "სათადარიგო გეგმის" თაობაზე ყველამ ყველაფერი იცოდა. თუ ბუნებაში მართლაც არსებობდა რაღაც გარიგება, ეს უნდა სცოდნოდა რამდენიმე კონკრეტულ პირს.

არადა, დაისაჯა ორივე გუნდი. აქვე იბადება კითხვა: რატომ უნდა დაისაჯოს ფეხბურთელი ან მწვრთნელი იმ შემთხვევაში, თუ მან არაფერი იცოდა გარიგების თაობაზე და ისე მიუდგა (ანუ პროფესიულად და პატიოსნად) თამაშს, როგორც სხვა დანარჩენი?

თუ მათ არაფერი იცოდნენ შესაძლო გარიგების თაობაზე, შესაბამისად, ვერც ვერაფერს მოიმოქმედებდნენ ამ დანაშაულის პრევენციისთვის. ძველი ქართული ანდაზა რომ მოვიშველიოთ, არცოდნა არცოდვაა...

ამიტომ, ისმის კითხვა: ხომ არ ჯობდა, საბოლოო ვერდიქტი მაშინ გამოეტანათ, როცა გამოძიება დადებდა უტყუარ ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვეცოდინებოდა იმ ხალხის ვინაობა, ვინც ატყუებს ქართველ გულშემატკივარს. ასეთების მიმართ კი სასჯელი მართლაც რომ არაადეკვატურია: მათ დაფინანსება კი არ უნდა შეუწყვიტო და კი არ უნდა დააჯარიმო, არამედ, სამუდამოდ უნდა მოკვეთო ფეხბურთიდან...

ახლა იმ საინტერესო ამბავზე, წეღან რომ გავიხსენე. ეს მოხდა მაშინ, როცა ქართულ ფეხბურთში პრეზიდენტ-მინისტრ-გუბერნატორები მაგრად მძლავრობდნენ. საქართველოს თასის ნახევარფინალში ერთმა გუნდმა სათადარიგო შემადგენლობა დაუყენა მეორეს მას შემდეგ, რაც "ზემოდან" მიიღო მითითება.

ეს ყველაფერი ასე შეიფუთა: ჩვენ ჩემპიონატზე ვაკეთებთ აქცენტს და თასი ნაკლებად მნიშვნელოვანიაო. დავწერე ამის თაობაზე, ჩემმა კოლეგებმა სხვა საეჭვო მატჩებზე გაიხსენეს და... დაგვიბარეს მაშინდელ კუდ-ში თუ სოდ-ში, ზუსტად არ მახსოვს.

მთელი დღე იქ გავატარეთ. ვერ მოვიტყუები - უბატონოდ ხმა არავის გაუცია, მაგრამ მთელი დღის "კალმასობის" შემდეგ ეს გვითხრეს: რომ წერთ შესაძლო გარიგების თაობაზე, ფაქტი სად გაქვთ, ან ჩანაწერი მოიტანეთ, ან რამე სხვა მტკიცებულება, თორემ ასე ნაწერს რა ფასი აქვსო?

ვიღაცას ჩვენი პროფესია აერია. სწორედ ამ საკითხზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ ნება არ იყო და შემოიდო თაროზე ეს საქმეები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფაქტის გარეშე ვერავის დასჯი, ფაქტები კი გამოძიებამ უნდა დადოს.

მაშინდელ საქართველოში საეჭვო ამბებს არავინ გამოიძიებდა. მაშინ ფეხბურთი ვერ იყო თავისუფალი და მასში ხელს ათასი არამზადა ურევდა. ახლა მთლად ასე აღარ არის და გვინდა, გვჯეროდეს, რომ ფეხბურთი თავისუფალია სახელმწიფოს მარწუხებისგან და გამოძიებაც ისეა შესაძლებელი, რომ "ვიღაც-ვიღაცების" ბნელ ინტერესებს არ გაითვალისწინებს.

არადა, მასალა საკმაოდ არის. ალბათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად უწყის, რა ხდება ქვედა ლიგებში. სხვა თუ არაფერი, კაცს მხოლოდ ანგარიშებზე გაეცინება...

ამ ჯგუფმა ასეთი მატჩები უნდა გამოავლინოს, მერე კი საქმე სამართალდამცავებზეა. მერე ფაქტებიც გაჩნდება.

დანაშაული და სასჯელი - ფაქიზზე ფაქიზი თემაა. ჩვენს შემთხვევაში დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მანამდე კი ყველაფერი აფთიაქარის სასწორზე უნდა უნდა აიწონოს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
არის მოსაზრებები რომ ამ სანქციებით კონკრეტულ ქალაქებში "ფეხბურთი ჩაკვდება"... "ბავშვებს რას ერჩით"... საერთოდ არ მივიდეს ჯობია ბავშვი ისეთ საფეხბურთო კლუბში სადაც ფეხბურთის თამაშს კი არა მსახიობობა-თვალთმაქცობას ასწავლიან...
L.E.S
17:02 20-09-2016
0
ვიდეო არაა საკმარისი, ფაქტი უნდა დაიდოს
obieqturi
17:05 20-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული