პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო უქმეებზე "საბურთალომ" საკუთარ მოედანზე "სიონს" ვერ მოუგო. კარგი სტარტის მიუხედავად, გუნდი ახლა საკმაოდ მყიფე სატურნირო მდგომარეობაშია: 7 ტურში მოპოვებული 9 ქულით "წითელ ჯგუფში" მე-4 ადგილი უკავია. ამდენივე ქულა აქვს გორის "დილასაც". ერთი ფეხის გადაბრუნება და, შესაძლოა, "საბურთალო" აუტსაიდერებში მოხვდეს.

გუნდმა განსაკუთრებით ცუდად ჩაატარა ბოლო სამი მატჩი - "ზუგდიდთან" გასვლაზე 0:1 წააგო, ხოლო შინ ბათუმის "დინამოსა" (0:0) და "სიონთან" (1:1) თითო ქულას დასჯერდა. ამას გარდა, თასის გათამაშების პირველივე რაუნდში "საბურთალო" 1:2 დამარცხდა ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" და ბრძოლას გამოეთიშა.

როგორც
ჩანს, ამან "საბურთალოს" ხელმძღვანელები დააფიქრა. გუშინ კლუბმა საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" მადლობას უხდის პაბლო ფრანკო მარტინს თანამშრომლობისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს".

შეგახსენებთ, რომ პაბლო ფრანკო მარტინი "ლა ლიგაში" ნამუშევარი პირველი ესპანელი სპეციალისტია, რომელმაც ქართული გუნდი ჩაიბარა. ის "საბურთალოში" 2016 წლის მარტში მივიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ დღეს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. დროებით გუნდს ესპანელი მწვრთნელის ასისტენტები - ლაშა ნოზაძე და დავით კევლიშვილი გაწვრთნიან.

* * *
"საბურთალო" უმაღლესი ლიგის მეექვსე გუნდია, სადაც მთავარი მწვრთნელი უკევ შეიცვალა. პირველად ეს "ზუგდიდში" მოხდა, სადაც ორი ტურის შემდეგ ოთარ გაბელია უკრაინელმა ინვესტორებმა ვლადიმირ ლიუტით ჩაანაცვლეს.

მალე ახალი დამრიგებელი მიიყვანეს ლანჩხუთის "გურიაშიც", სადაც თემურ მახარაძემ საქმეები უკრაინელ ოლეგ ლეშჩინსკის გადააბარა.

მეხუთე ტურის შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა ქუთაისის "ტორპედო", სადაც კობა ჟორჟიკაშვილი კახა ჩხეტიანმა შეცვალა.

ევროთასებისა და ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ჩაგდების შემდეგ თბილისის "დინამო" სლოვაკ იურაი იარაბეკს დაემშვიდობა. მის ნაცვლად, მოქმედ ჩემპიონს დროებით თამაზ სამხარაძე ავარჯიშებს.

ცვლილება მოხდა ქობულეთის "შუქურაშიც". თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით, გუნდმა წარუმატებლად ითამაშა, "თეთრ ჯგუფში" ერთი მატჩიც ვერ მოიგო და ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. "ლოკომოტივთან" საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე შალამბერიძეს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა, მის ნაცვლად კი გია გურული მიიწვია, რომელიც პირველ ლიგაში ხობის "კოლხეთს" თავკაცობს. ბოლო უქმეებზე ქობულეთელები სათამაშოდ ავთანდილ ნამგალაძემ გაიყვანა, გურული კი მუშაობას სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუდგება.

საინტერესოა, რომ 6-დან 4 გუნდი, სადაც მწვრთნელი შეიცვალა, "თეთრი ჯგუფის" ბინადარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული