გია გურული: დარწმუნებული ვარ, ეს ორი შეხვედრა ნამდვილი ომი იქნება

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურამ" უმაღლეს ლიგაში პირდაპირ დარჩენის შანსი ბოლო ტურში, თბილისის "ლოკომოტივთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ დაკარგა. ახლა უძლიერესთა შორის ადგილის მოსაპოვებლად, გია გურულის გაწვრთნილებს პლეი აუტში მოუწევთ ბრძოლა.

დღეს, 1-ელ დეკემბერს, ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" ქობულეთელები "სიონს" სტუმრობენ. გუშინ ბოლნისელთა დირექტორის, ლადო ბურდულის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, დღეს "შუქურას" ჯერია.

- უმაღლესი ლიგა. პლეი აუტის წინათქმა: ტიტულოვანთა მოკრძალებული მიზანი
- ლადო ბურდული: ნათელმირონობა და მეგობრობა - ცხოვრებაში, მინდორზე - ბრძოლა

"ლელო" ქობულეთელთა ერთ-ერთ ლიდერს, კობა შალამბერიძეს ელაპარაკა:

"თბილისის "ლოკომოტივთან" ფრემ ძალიან ცუდი სამსახური
გაგვიწია. თამაშზე მოსაგებად ჩამოვედით, რადგან პლეი აუტში მოხვედრა არ გვსურდა. გია გურულის დანიშვნის შემდეგ, ალბათ, სეზონში საუკეთესო თამაში ჩავატარეთ.

ჩემი აზრით, უიღბლობის ბრალია, რომ ვერ მოვიგეთ. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. რა დასამალია და, ბოლოს დავიღალეთ, მოედნის საფარმაც იქონია გავლენა, რომელიც თავიდანვე სასურველ მდგომარეობაში არ იყო, ბოლოს კი ატალახდა", - ამბობს შალამბერიძე.

"შუქურას" თავდამსხმელი პლეი აუტში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს:

"სიონში ერთი წელი ვთამაშობდი. ამ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს და უხერხული მეტოქეა. დარწმუნებული ვარ, ორივე შეხვედრა ძალიან მძიმე იქნება. თუმცა, იმედი მაქვს, ჩვენს შესალებლობებს "სიონთან" მაინც გამოვავლენთ".

შალამბერიძის თქმით, ერთი ფაქტორის გამო ქობულეთელებს მცირე უპირატესობა აქვთ:

"შანსები თანაბარია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეტოქეს ვაფასებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არის დეტალი, რომელმაც, შესაძლოა, საჩვენოდ იმოქმედოს. ჯერ იმას ვიტყვი, რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ასეთი გუნდი პრო ლიგა 1-ში თამაშს იმსახურებს.

მაგრამ მთავარი ფაქტორი მოედნის საფარია - ჩვენ ხელოვნურ საფარზე ვთამაშობთ და ამის შემდეგ ბუნებრივზე გადასვლა რთულიც არის და ტრავმის საფრთხეც მატულობს. მაგრამ, მეორე მხრივ, ბოლნისელები ბალახზე თამაშს არიან შეჩვეულები და მათთვის ქობულეთის "ხალიჩა" უფრო რთული იქნება. მაგრამ მაინც, გადამწყვეტია არა საფარი, არამედ ჩვენი თამაში. ახლა უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენივე გაფუჭებული საქმე ჩვენვე გამოვასწოროთ".

შალამბერიძის მოსაზრებას "შუქურას" ნახევარმცველი ზურაბ არზიანიც იზიარებს:

"პლეი აუტში მძიმე თამაშს ველოდებით. ვნახე ბოლნისის "სიონის" თამაში ბათუმის "დინამოსთან" და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ქობულეთის ხელოვნურ საფარზე თამაში ბოლნისელებს დამატებით სირთულეს შეუქმნის.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, "ხალიჩაზე" თამაში თავადაც მიჭირს და დღემდე ვერ შევეჩვიე - ხან ტრავმა მივიღე, მერე გრუნტსაც ვერ ვეჩვევი და, რაც მთავარია, საქართველოში კარგი ხელოვნური საფარი არც არის".

გამოცდილი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ "ლოკომოტივთანაც" და სხვა მატჩებშიც გუნდმა ბევრი ისეთი ქულა დაკარგა, რომელიც არ უნდა დაეკარგა:

"ბოლო ტურში აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ გასვლითი შეხვედრის წინა დღეს მეტოქის სტადიონზე ვერ ვივარჯიშეთ. არადა, ეს აუცილებელი მგონია. სადაც მითამაშია, ყველგან ასე ხდებოდა...

სამწუხაროდ, კლუბის ფინანსური შესაძლებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ქობულეთში ვვარჯიშობთ და მეტოქის სტადიონზე თამაშის დღეს გავდივართ. ეს ორმაგი დატვირთვაა და გუნდზე ცუდად მოქმედებს".

უაზროდ დაკარგული ქულების გამო...
"ჩვენ ხუთეულისთვის ბრძოლა გვსურს და ტყუილად ეგონათ, რომ სატრანსფერო პერიოდში არაფერს ვაკეთებდით. გარდამავალი ჩემპიონატისთვის ბევრი საინტერესო მოთამაშე მოვიყვანეთ", - ამბობდა ჩემპიონატის დასაწყისში ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე.

სამწუხაროდ, ლეგენდარული ფორვარდის სიტყვები არ გამართლდა და მის ამჟამინდელ გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევს ბრძოლა. "შუქურას" მთავარი მწვრთნელი გია გურული ამბობს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება უაზროდ დაკარგული ქულების ბრალია.

"მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. თბილისის "ლოკომოტივთან" ბოლო ტურში იმდენი მომენტი შევქმენით, აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და მოგვეგო. ასეთ შემთხვევაში, აღარ ვიწვალებდით და მე-4 ადგილზე გავიდოდით.

მიმაჩნია, რომ ეს არა ცუდი ფიზიკური მომზადების, არამედ უიღბლობის ბრალი იყო. თან შემადგენლობაც გვიან შეიკრიბა, ფაქტობრივად, შეკრება არც გაგვივლია და ამის გამო გუნდი თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი ქულა უაზროდ დავკარგეთ...

მაგრამ რას ვიზამთ, პლეი აუტში უნდა ვიბრძოლოთ და უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ", - ამბობს გურული და იქვე მეტოქესაც აფასებს:

"ბოლნისელებს საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ. იქ თითქმის ყველა მოთამაშე საკმაოდ გამოცდილია და მაღალ დონეზე უთამაშია, ბურთსაც მშვენივრად ათამაშებენ... მოკლედ რომ ვთქვათ, რთული მეტოქეა.

მწვრთნელებს რაც შეეხებათ, ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და, სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატის მსვლელობისას ბევრჯერ გამიჩნდა კითხვა - ასეთი კარგი შემადგენლობით რატომ იყო გუნდი აუტსაიდერებში? ეს ძალიან მიკვირს".

გურულს სწამს, რომ მის გუნდს ამოცანის გადაჭრა შეუძლია:

"მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი ამოსავალი წერტილი არა მეტოქე, არამედ ჩემი გუნდი და მისი სიძლიერეა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ არანაკლებ ძლიერი ბირთვი გვყავს. მე ის ვიცი, რომ "შუქურა" კარგად უნდა მოვამზადო და ისე განვაწყო, რომ მოიგოს.

დარწმუნებული ვარ, ეს ორი შეხვედრა ნამდვილი ომი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული