თბილისის "დინამო": სერგეი ლიტოვჩენკო და აკაკი შულაია სამიზნეში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ორი უახლოესი სამიზნე უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო და მარტვილის "მერანის" შემტევი აკაკი შულაიაა. ადვილი შესაძლებელია, ორივე მათგანი მალე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წევრი გახდეს.

"მერანის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი შულაია 20 წლისაა. ის სხვადასხვა დროს თამაშობდა "ცხინვალსა" და "სიონში", ბოლოს კი ისევ "მერანში" იყო, სადაც საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშა. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

29 წლის ლიტოვჩენკო სხვადასხვა დროს თამაშობდა ხარკოვის "არსენალში", "გაზოვიკში", "ვოლინში", "ნეფტიანიკში", "ჰელიოსსა" და დონეცკის "ოლიმპიკში". საქართველოში იცავდა "ზუგდიდის" კარს და ამ მხრივ აშკარად გამორჩეულიც იყო.

მართალია, "ზუგდიდმა" უმაღლესი ლიგა დატოვა, მაგრამ ლამის ერთადერთი ფეხბურთელი, ვის მიმართაც არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ არც მწვრთნელებს და არც გულშემატკივრებს, სწორედ ლიტოვჩენკო იყო.

გამოცდილი უკრაინელი მეკარე კარგი კანდიდატურაა ნუკრი რევიშვილის შესაცვლელად, ვინც კარიერას კვიპროსში გააგრძელებს. მეკარე ნახევარი გუნდიაო, ნათქვამია და ეს ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა.

მოსალოდნელი ტრანსფერების თაობაზე "ლელო" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა:

"ორივე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. მას შემდეგ, რაც "დინამო" საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა დატოვა, დაგვჭირდა კვალიფიციური შემცვლელის დამატება. ლიტოვჩენკოსა და "დინამოს" თანამშრომლობის სურვილი აქვთ, თუმცა კლუბსა და ფეხბურთელს შორის ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა", - გვითხრა სალუქვაძემ.

ეს, რაც შეეხებოდა სატრანსფერო ამბებს, მომავალი სეზონისთვის მზადების პროცესზე კი თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს იმ გუნდების ჩამონათვალს, რომელთაც ვიაჩესლავ გროზნის კრებული თურქულ შეკრებაზე შეხვდება. მანამდე კი კლუბებს შორის ამხანაგური მატჩების გამართვის თაობაზე ორმხრივი შეთანხმება უნდა გაფორმდეს.

ამასობაში, ჩვენთვის საინტერესო ცნობა გაავრცელა პოლონურმა pilkanozna.pl-მ, რომლის თანახმადაც, თურქულ შეკრებაზე "დინამო" პოლონურ "იაგელონიას" დაუპირისპირდება. ეს გუნდი პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერია. ასევე, დიდია შანსი, რომ დინამოელთა ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სლოვაკური "ჟილინაც" იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უაზრო ლეგიონერებში ტყვილად ფულის ყრას არ ჯობია 200 დოლარად აიყვანო :D
0
Admin gagvagebine samtrediashi ra xdeba? Cecadzec wavidao da yvela pexburtelioo martalia pulze ver shetamxdneno
rezo
15:32 04-01-2017
0

სიახლეები პოპულარული