22 წლის ყენიას ახალ გუნდში მოუწევს გადასვლა, რადგან "კარპატიმ" ის და კიდევ ბევრი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.
ყენია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა და ეს ბუნებრივიცაა - რომ არა მისი ნიჭიერება, ხუთი წლის წინ თბილისის "ლოკომოტივიდან" გელზენკირხენის "შალკეში" ვერ მოხვდებოდა.
ყენიას ვესაუბრეთ და მწვავე ინტერვიუც გამოვიდა. მეტწილად საქართველოს ნაკრებზე მოგვიწია ლაპარაკი...
მაშ ასე, ყენია ლაპარაკობს საქართველოს ეროვნულ გუნდზე, მწვრთნელსა და
- რა მოხდა "კარპატიში"? რამ გამოიწვია კლუბის ასეთი გადაწყვეტილება?
- ფინანსური პრობლემების გამო "კარპატიმ" ცხრამეტი ფეხბურთელი დააყენა ტრანსფერზე. კლუბი მოთამაშეებისთვის საშუალოზე მაღალი ხელფასის გადახდას ვეღარ ახერხებდა და გადაწყვიტა, თავისივე აღზრდილ ახალგაზრდებზე გააკეთოს აქცენტი.
- "კარპატიში" ერთი სეზონი ითამაშე ხანგრძლივი უქმობის შემდეგ. საკუთარ თავს როგორ ატყობ, უკვე ხელახლა გახდი ფეხბურთელი?
- ვფიქრობ, პირველი წრე კარგად ვითამაშე, ფორმაში შევდიოდი, მეორე წრეში კი პრობლემები მოგვეძალა, მწვრთნელი წავიდა, მერე დაბრუნდა, ფინანსური მხარე გაუარესდა... შედეგად, მთელ გუნდს ცუდად წაგვივიდა საქმე.
- "კარპატიმ" ტრანსფერზე რომ დაგაყენა, ის თანხაც დაასახელა, რის სანაცვლოდაც უნდა გაგიშვას სხვა გუნდში?
- არა, ხვალ მივემგზავრები უკრაინაში და ეს საკითხი უნდა გავარკვიო, სატრანსფერო თანხა მოსალაპარაკებელი გვექნება. კლუბმა ჯერ მხოლოდ ის მითხრა, ახალი გუნდის ძებნა უნდა დაიწყოო.
- უკვე გაქვს შემოთავაზებები?
- ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, ისე კი, არის რაღაც ვარიანტები. ყველაფერი საბოლოოდ ერთ-ორ კვირაში გაირკვევა.
- უკრაინის ჩემპიონატმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვა? რამდენად რთულია იქ თამაში?
- თუ უკრაინის ოთხ საუკეთესო გუნდს არ მივიღებთ მხედველობაში, იქაური ჩემპიონატი საშუალო დონისაა და მასზე განსაკუთრებულიაო, არ ითქმის.
- უფრო საით მიგიწევს გული - რუსეთ-უკრაინა თუ დასავლეთ ევროპა?
- გული ევროპისკენ მიმიწევს, იქ კი ძალიან ძნელია თამაში. დასავლეთ ევროპის საუკეთესო ლიგებში ქართველი ფეხბურთელები თითქმის აღარ დარჩნენ... ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, ეს რამდენად გამომივა.
- როცა "შალკედან" წამოხვედი, ბერლინის "ჰერტაში" შეგეძლო გადასვლა. ლევან კობიაშვილის გუნდი ხელმეორედ ხომ არ დაინტერესებულა შენით?
- არა, "ჰერტამ" უკვე დაიმატა სხვა ფეხბურთელები.
- ნაკრებზე გადავერთოთ. 2 და 5 ივნისს ჩვენს ეროვნულ გუნდს ამხანაგური მატჩები ჰქონდა ირლანდიასთან და დანიასთან. თემურ ქეცბაიამ ამ მატჩებისთვის გამოგიძახა, მაგრამ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკრების ამ შეკრებაზე არ მიხვედი. ცხადია, ამ გადაწყვეტილებით მწვრთნელი კმაყოფილი ვერ დარჩებოდა. ირლანდიაში გამგზავრების წინ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და იქ ასეთი რამ თქვა - სამშობლოსთვის ტანკს უვარდებიანო...
- ექვსი თვის წინ მქონდა ქორწილი დაგეგმილი და ვერ გადავდებდი. ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ოჯახია. ამიტომაც ამ კონკრეტულ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვინც ეს ვერ გაიგო, ცივი წყალი დალიოს.
- ფაქტია, ნაკრების მწვრთნელმა პატრიოტიზმის თემა წამოსწია...
- ყველამ კარგად იცის, რაც ხდება საქართველოს ნაკრებში და ასეთი ლაპარაკი უკვე სასაცილოც კი არის. თუ ჩემი მისამართითაა ნათქვამი ქეცბაიას სიტყვები, ასეთ შენიშვნას ნამდვილად ვერ მივიღებ.
18 წლის ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში რომ ვთამაშობდი, მეორე დღეს კი, თუ საჭირო იყო, 19 ან 21-წლამდელთა ნაკრებსაც ვეხმარებოდი. ერთხელ ვერ მოვახერხე ნაკრებში მისვლა და ალაპარაკდა. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის ნათქვამს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.
როცა გუნდში უთანხმოებები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ვერ ალაგებს ურთიერთობას ფეხბურთელებთან. ამ ურთიერთობის მოწესრიგების ინიციატივა, პირველ რიგში, მწვრთნელიდან უნდა მოდიოდეს.
- როგორ ფიქრობ, ასეთი მკვეთრი განცხადებების შემდეგ ქეცბაია ისევ გამოგიძახებს ნაკრებში?
- მე ძალიან მინდა ნაკრებში თამაში, მაგრამ თუ მწვრთნელი აღარ გამომიძახებს, ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო. რასაც ამ მწვრთნელის ხელში თამაშობს საქართველოს ნაკრები, მას ბევრი შემტევი ფეხბურთელი არც სჭირდება.
ნაკრები ორ თამაშზე ერთი თავდამსხმელით რომ წავა, რა უნდა ვილაპარაკო?! რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, მე ეს ფეხბურთად არ მიმაჩნია - ფეხბურთელში ფეხბურთელი აღარ ჩანს და ნაკრებში ნაკრები.
- ნაკრებში საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდი? საფრანგეთთან 1:3 რომ წავაგეთ, ქეცბაიამ მეორე ტაიმიდან შეგიშვა მოედანზე, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხე, ლევან ყენიათი ბევრი უკმაყოფილო დარჩა...
- თავის მართლებას არ დავიწყებ, მართლა ვერ ვითამაშე კარგად, თუმცა სანამ მოედანზე შევიდოდი, უკვე თერთმეტი კაცით იჯდა ჩვენი ნაკრები უკან. როცა მინდორზე გავედი, ორ წუთში უკვე 0:2-ს ვაგებდით.
ისეთ რამეს ნუ მომთხოვენ, რისი გაკეთებაც მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელებს თუ შეუძლიათ. მარტოკა ათ კაცს ვერ მოვატყუებდი.
ბურთის ასართმევად დავრბოდი თანაგუნდელებთან ერთად, მეტოქის კარიდან ოთხმოციოდე მეტრის დაშორებით ვიდექით და ამ ყველაფრის შემდეგ, ზოგი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, თითქოს პირველად უყურა ფეხბურთს.
- ყველას უჩნდება კითხვა - საქართველოს ამ ნაკრებმა რას უნდა მიაღწიოს?
- მწვრთნელს ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი და ამით, პირველ რიგში, ნაკრები ზარალდება, ფეხბურთელები ზარალდებიან და თვითონ მწვრთნელიც.
გამოჩნდება, ამით რას მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები ასე უკნიდან არასდროს არ თამაშობდა...
- გასაგებია, რომ გუნდში არსებულ ატმოსფეროზე, შედეგზე, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელია პასუხისმგებელი, თუმცა საკუთარი წილი პასუხისმგებლობისა ფეხბურთელებსაც გაკისრიათ, მოედანზე თქვენ გადიხართ და იქ უკვე თქვენს ხელშია ყველაფერი...
- რა თქმა უნდა, ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, არავის არ უნდა მოედანზე წასაგებად გასვლა, მაგრამ როცა გუნდში ჯანსაღი სიტუაცია არ არის, ფეხბურთელს შედეგს ვეღარ მოსთხოვ. პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაურბოდეს, ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და პრობლემა იქ მოძებნოს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს უკვე მეტისმეტია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]
თვალსაზრისი: კიდევ ერთხელ ტანკსა და სამშობლოზე
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაიასგან ამას არ ველოდი