- რა იქნება პირველი, რის კეთებასაც შეუდგებით ამ თანამდებობაზე?
- პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ასეთი ნდობისთვის.
თორმეტი წელიწადი ფეხბურთელი ვიყავი, მერე რვა წელიწადი 35-ე სკოლის დირექტორად ვიმუშავე. ახლა კი მომეცა საშუალება ისევ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ჩემი მხრიდან ამ შანსის ხელიდან გაშვება არასწორი იქნებოდა.
ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკურ და სპორტულ მხარეს
ფაქტია, რომ ასაკობრივი ნაკრებების პროექტი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ნაყოფიერი გამოდგა. იმედი მაქვს, ეს პროექტი გაგრძელდება. ასაკობრივ ნაკრებებს ისეთი მწვრთნელები ჰყავთ, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა უმაღლესი ლიგის კლუბებიდან.
სასიხარულოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით ეს სპეციალისტები უფრო მაღალი დონის მწვრთნელებად ჩამოყალიბდნენ.
- ასაკობრივი ნაკრებების წარმატებები აშკარაა, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ მთავარი მაინც ეროვნული გუნდის შედეგია, სადაც ნამდვილად ვერ არის საქმე კარგად...
- ათი წელი ვთამაშობდი ნაკრებში და ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ფედერაციის თანამშრომლის რანგშიც ეროვნული ნაკრები ისევ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩემთვის.
ყველას არ ეხება, თუმცა ზოგს მართებს იმის გათვითცნობიერება, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელობა. მინდა მათ ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს.
- ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობა - როგორ ფიქრობთ, ამ საკითხის მოგვარებაში შეგიძლიათ წვლილის შეტანა? ფაქტია, ნაკრების ზოგი ფეხბურთელი უკვე ღიად აკრიტიკებს გუნდის სათამაშო სტილს...
- რა თქმა უნდა, მწვრთნელის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი. თუ გაუგებრობა ხდება მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, ეს ორივე მხარის გასარკვევია.
არის ხალხი, ვისაც ლაპარაკი ურჩევნია ვარჯიშს. ჩემი თხოვნაა, ფეხბურთელებმა გაითვალისწინონ ის, რომ ეროვნული ნაკრები ფაქიზი თემაა და ნაკრებში კარგი ატმოსფერო პირველ რიგში მათ კარიერას წაადგება. პრობლემური თემები თუ არსებობს, მათი მოგვარება შიდა სამზარეულოშიც შესაძლებელია.
- ნაკრებში გამოძახებაზე ფულს ფეხბურთელებს უკვე აფრიკულ ნაკრებებშიც უხდიან, ჩვენთან კი საპრემიო სისიტემაც არ არსებობს. ეს საკითხი თუ შედის ფედერაციის სპორტული დირექტორის კომპეტენციაში?
- თუ ვინმეს არ აქვს სურვილი, რომ უფულოდ ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში, ეს პირდაპირ უნდა დააფიქსიროს და ფედერაცია ამ თემას განიხილავს. ჩვენ უფულოდ ვთამაშობდით ნაკრებში, გამოძახებაში არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებდით.
მესმის, რომ მას შემდეგ ფეხბურთში საერთო სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ჩვენთან ჯერ არ არის ისეთი ვითარება, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში გამოძახებისთვის თანხა გადავუხადოთ. ნაკრებები სახელმწიფოს დოტაციაზეა.
რაც შეეხება პრემიებს, მომდევნო შესარჩევ ციკლში ნაკრების ფეხბურთელებს გუნდის საბოლოო შედეგის მიხედვით თუ დაუწესდებათ ჰონორარი, ეს უკვე საქმიანი მიდგომა იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად დაინიშნა
აჩის დუბლი ვეტერანთა მატჩში: გაიმარჯვა... მეგობრობამ! [VIDEO]
არჩილ არველაძე: საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ცუდი იქნება?
არჩილ არველაძე: ამ ნაკრებში პოზიტიურ ასპექტებს ვხედავ
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
არჩილ არველაძე: არ მომეწონა, ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს
არჩილ არველაძე: ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია