არჩილ არველაძე: საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ცუდი იქნება?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური საფეხბურთო ლიგის შექმნის იდეა გააჟღერა.

ამას ქართული საფეხბურთო წრეების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: უმრავლესობა იდეას ეწინააღმდეგება, ვეტერანი ფეხბურთელი აჩიკო არველაძე კი მიიჩნევს, რომ ეს პერსპექტიული პროექტია.

- გასაგებია, რომ ქართულ ფეხბურთს "ჩაკეტილი" მდგომარეობიდან გამოსავალი ესაჭიროება, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იქნება ეს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად?
- ალბათ, ყაზახეთი ამ პროექტში არ ჩაერთვება და ვფიქრობ, უფრო ქართულ-აზერბაიჯანული ჩემპიონატი ჩატარდება. და თუ მის პლუსებსა და მინუსებს განვიხილავთ, დადებითი მხარე გადაწონის. მეტი იქნება ფინანსები და დაძაბულობა მატჩებში, რაც
ფეხბურთის ზრდის წინაპირობაა. იქნება მეტი სპონსორი, რეკლამა, ტელევიზიით გაშუქება და მაყურებელი. შესაბამისად, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ბიზნესის კუთხითაც ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

- მინუსებიც იქნება. ბევრია დარწმუნებული, რომ ეროვნული კუთხით თამაშების დათმობა წესად იქცევა.
- გასაგებია, რომ მინუსები იქნება, მაგრამ შესაძლებელია ისეთი სისტემის მოფიქრება, რომლითაც გუნდები მატერიალურად დაინტერესდებიან და ასეთ შემთხვევაში, მსგავსი მოვლენების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.

- თუ ეს პროექტი განხორციელდა, რა ბედი ელის საქართველოს ჩემპიონატს?
- საბჭოთა კავშირის დროს ხომ ტარდებოდა ეროვნული ჩემპიონატი? ახლაც ასევე ჩატარდება. გუნდებს ჰქონდათ პერსპექტივა და წარმატების შემთხვევაში, უკეთეს ლიგაში დაწინაურდებოდნენ - ასევე იქნება ახლაც. მაინტერესებს, საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ეს მიუღებელი იქნება?

- ჰოლანდიას და აზერბაიჯანს ერთმანეთს ვერ შევადარებთ.
- მე იმას ვამბობ, რომ გაერთიანება ცუდი არაა. გასაგებია, რომ უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხები წინასწარ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ამ საკითხზე ისეთი ხალხის კომენტარებს ვისმენ, ვისაც პროექტი არ წაუკითხავს, ნიუანსები არ იციან და უბრალოდ, ამბობენ - იდეა მიუღებელიაო.

- პროექტი არც გამოქვეყნებულა და ისიც უცნობია, ვისთან ერთად ვახორციელებთ მას. ევროტურნირებზე კვოტები როგორ გადანაწილდება?
- მარტივად: თუ ახალ ჩემპიონატში პირველ რვა ადგილს აზერბაიჯანული კლუბები დაიკავებენ, ჩვენები - ბოლო რვა ადგილს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებში საუკეთესო გუნდი, ანუ მეცხრეადგილოსანი გავა. დანარჩენი საგზურებიც ასევე გადანაწილდება. ანუ კვოტას არც ერთი ქვეყანა არ კარგავს.

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება, რომ ეს პროექტი უეფამ მოიწონოს.
- არის ამაზე ბჭობა და ჯერ უეფაც გაურკვევლობაშია. შესაძლოა, ვიღაცას ეს მოეწონოს, ვიღაცებმა დაიწუნონ, მაგრამ უეფას კვოტით, ამ ორ ქვეყანას ჯამში რვა ადგილი ეკუთვნოდა და გაერთიანების შემთხვევაშიც იგივე განაწილება უნდა დარჩეს.

- მერე უეფა ამას დაუშვებს? მისი პრინციპია - ჩემპიონატი ერთმა ფედერაციამ ჩაატაროს და ერთი კვოტა მიიღოს.
- თუ ეს არ შენარჩუნდება, ცხადია, მაშინ იდეა არ ივარგებს, მაგრამ უეფას აწყობს, რაც შეიძლება მეტი მდიდარი და მომგებიანი კლუბი ჰყავდეს.

ჩეხეთი ევროპაშია და კლუბებს იქაც უჭირდათ. "სელტიკსა" და "რეინჯერს" ინგლისის პრემიერლიგაში გაწევრიანება სურთ, მაგრამ ასე შოტლანდიის ჩემპიონატი ძალიან დასუსტდებოდა და უეფა ამიტომ შეეწინააღმდეგა.

- ჩატარების პრინციპიც გაუგებარია - გავარდნილი გუნდების ნაცვლად ვინ ითამაშებს?
- აქაც კვოტები იქნება: ორივე ქვეყნის ბოლო ორ გუნდს მისივე ჩემპიონატიდან ორი საუკეთესო დაემატება. ანუ რვა-რვა გუნდი შენარჩუნდება.

- როდესაც ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდს პრინციპული შეხვედრა ექნებათ, რომელი ქვეყნის მსაჯი განსჯის ობიექტურად?
- იდეა ისეთია, რომ ქართული გუნდების მატჩები აზერბაიჯანელმა განსაჯონ, აზერბაიჯანელებისა კი - ჩვენებმა. ხოლო, თუ ბაქოში თბილისის "დინამო" "ნეფთჩის" შეხვდება, ის ქართველ არბიტრს მივანდოთ, მაგრამ ქუთაისში "ტორპედოსა" და ვთქვათ, ლენქორანის "ხაზარის" მატჩი - აზერბაიჯანელს.

ანუ ეს იქნება ერთგვარი დამცავი და პასუხისმგებლობის ამაღლების მექანიზმი, რადგან სხვა ქვეყანაში მატჩის "გაფუჭებას" ყველა მოერიდება.

ამავე დროს, არბიტრის უსაფრთხოებაც გათვალისწინებული იქნება - შეცდომისგან ხომ არავინაა დაზღვეული.

სხვათა შორის, თურქეთში მსაჯის შეურაცხყოფისთვის გუნდს 5 მილიონით სჯიან, სტადიონს 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას უწერენ და უეფაზე აღარ უშვებენ.

იდეალური იქნებოდა, ამ პროექტში სომხეთიც რომ იყოს ჩართული. მაშინ კავკასიური ლიგა უმაგრესი ტურნირი გახდებოდა. მაგრამ რას ვიზამთ.

- ალბათ, ამაზე არც გილაპარაკიათ.
- აზერბაიჯანელები და სომხები ერთ მაგიდაზე არ სადილობენ და დალაპარაკებას რა აზრი ჰქონდა? იდეაში, ამ ტურნირში მთავარი ფული აზერბაიჯანელების უნდა იყოს, რომლებიც სომხებთან ამ საკითხზე არც დაილაპარაკებენ.

- მარტო ბაქოს "ნეფთჩის" ბიუჯეტი უდრის ყველა ქართული კლუბის ერთად აღებულ ბიუჯეტს. არ გიფიქრიათ, რომ ჩვენს კლუბებს წინასწარ წასაგებად განწირულ ტურნირს სთავაზობენ?
- აზერბაიჯანულ კლუბებს უფრო მეტი ბიუჯეტი აქვთ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ბევრ მონაწილეს. ანუ დიდი ფული არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენ ბევრად გვჯობიან. ხომ ვიცით, რომ ნიჭით კავკასიაში ქართველს ბევრი ვერ შეეჯიბრება და პლუს, სპონსორების მოზიდვისა და ბიუჯეტის გაზრდის პერსპექტივა გვაქვს.

მთავარი პროცესია - მე და შოთა თურქეთში რომ ჩავედით, იქაური ლიგის სატელევიზიო ბიუჯეტი 12 მილიონი დოლარი იყო, ახლა 375 მილიონი ევროა! ეს თანხა 18 გუნდზე ადგილების მიხედვით ნაწილდება და თითოეულს საკმაოდ დიდი შემოსავალი გამოსდის.

- სატელევიზიო სიგნალის უფლება რომელ ქვეყანას ექნება?
- ორივე ქვეყნის ტელევიზიას. ჩვენს კლუბებს მწირი ბიუჯეტები აქვთ და მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში, სატელევიზიო შემოსავლებით პრობლემებს ნაწილობრივ მაინც მოაგვარებენ. მოკლედ, მიმაჩნია, რომ ამ პროექტს გაცილებით მეტი პლუსი აქვს, ვიდრე მინუსი.

ჩაწყობილი თამაშები იქნებაო - ამბობენ, მაგრამ დამოუკიდებელ ჩემპიონატებში ეს პრობლემა არ აწუხებთ? გარიგებები ყველგან არის და დაზღვეული არც ჩვენ ვიქნებით. მაგრამ თუ პრემიალური თანხა ადგილების მიხედვით განაწილდება, ნაკლებ თანხას აიღებენ. კომერციული მოტივაცია კლუბებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან მაქსიმალურად დაიცავს.

- თუ აზერბაიჯანთან გაერთიანებაზეა ლაპარაკი, სიჭინავამ საიდან ახსენა მოლდოვა და უკრაინა-რუსეთი?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა და პროექტად არც დაწერილა.
- პირადად მე ამ ლიგას ქართულ კლუბებს სიამოვნებით შევუერთებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ აზერბაიჯანთან გაერთიანებაზეა ლაპარაკი, რუსეთ-უკრაინაში შესვლის შანსი კი არ არის, რადგან მათ ლიგაში ჩვენს ევროსაგზურების კვოტებს ვერ დავიცავთ.

არჩილ არველაძე: ამ პროექტს მეტი პლუსი აქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო და აზერბაიჯანი - დიდი განსხვავება ფინანსებში
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
მკითხველის კომენტარები / 12 /
გეოგრაფია კარგად ვიცი საბერძნეთი იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ტქვენ თუ ნეფტჩი ბაკო გინდათ ეგ ტქვენი ნებაა მაგრამ მე ვიცი ქარტული ფეხბურტის სამზარეულო ასე თუ ისე და ვიცი რა ს ჯობია სსრკ-ს დროს რატომ ვიყავით მაღალ დონეზე? პასუხიც მანდ არის
tamazino
04:33 25-04-2013
0
ზვიად სიჭინავას საქმოსნური ალღო აქაც გამოჩნდა...ქართული ფეხბურთიდან წასვლის მერე მასაც უნდა რომ დარჩეს "შავი დღისთვის" რაცხა დაგროვილი!...გონს მოდით ქართველო გულშემატკივრებო მაგრათ გვაბოლებენ...ამ შემთხვევაში სწორედაც ჯიბის საკითხებია წინ წამოწეული!...
მინდია
22:24 24-04-2013
0

სიახლეები პოპულარული