გურამ კაშია: საფრანგეთთან ფრე უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
საფრანგეთთან ფრე ის შედეგია, რომელმაც გულშემატკივარი ეროვნული ნაკრებისკენ უნდა მოაბრუნოს.

ამ მატჩის ერთ-ერთი მონაწილე გურამ კაშიაც გახლდათ, საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი და არნემის "ვიტესის" კაპიტანი. კაშიამ საფრანგეთთანაც საიმედოდ ითამაშა, ორთაბრძოლებში კარგად ირჯებოდა და თანაგუნდელების დაზღვევაც არ ეშლებოდა.

დიდიე დეშამის გუნდის სიძლიერეზე ამ ნაკრების ფეხბურთელთა გვარ-სახელებიც მეტყველებს და ასეთ მოწინააღმდეგეს ქართველებმა არაფერი დაუთმეს...

როგორ ემზადებოდა გუნდი საფრანგეთთან მატჩისთვის და რას უნდა ველოდოთ 10 სექტემბერს ფინეთთან შეხვედრაში - კაშიას ამ და სხვა თემებზეც ვესაუბრეთ.

-
რა იყო ჩვენი ნაკრების სტრატეგია საფრანგეთთან მატჩისთვის, რა კონკრეტული ამოცანების გადაჭრა დაგავალათ თემურ ქეცბაიამ?

- დაცვითი სისტემა ავირჩიეთ. როგორც ნახეთ, ნახევარდაცვაში ვითამაშე და დაცვით ფუნქციებს ვასრულებდი. საფრანგეთთან ამ შესარჩევ ციკლში უკვე გვქონდა ნათამაშები და მეტოქეს კარგად ვიცნობდით. ასევე, კარგად ვაცნობიერებდით, თუ რა ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიწევდა ბრძოლა. ფრანგებს ახლოს, მჭიდროდ ვეთამაშეთ, დაახლოებით ისე ვმოქმედებდით, როგორც ესპანეთთან შეხვედრაში და ეს კარგად გამოგვივიდა.

- ფეხბურთელებს, ალბათ, საგანგებო მითითებები გქონდათ, თუ როგორ უნდა შეგეჩერებინათ ფრანკ რიბერი. ფაქტია, რომ საფრანგეთის ეს ნაკრები დიდად არის დამოკიდებული რიბერის თამაშზე და როცა ის მიიღებდა ბურთს, უჩა ლობჟანიძეს თქვენ და სანდრო კობახიძე ეხმარებოდით...
- რიბერიც და მატიე ვალბუენაც ტექნიკური, ტანმორჩილი ფეხბურთელები არიან და ასეთების წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულად რთულია. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ისინი ერთი-ერთზე არ დაგვეტოვებინა ჩვენს განაპირა მცველებთან - ლობჟანიძესა და გრიგალავასთან, რომელთა დახმარება კობახიძის, ჩემი და ჯაბა კანკავას გარდა, ხანდახან ჯანო ანანიძესაც კი უწევდა.

როცა რიბერი თუ ვალბუენა მიიღებდნენ ბურთს, მოედნის იმ მონაკვეთში რიცხობრივი უპირატესობა უნდა შეგვექმნა და ერთ მეტოქესთან სამნი უნდა ვყოფილიყავით.

ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ფლანგებზე რიცხობრივი უპირატესობისთვის მიგვეღწია. რიბერი და ვალბუენა ის ფეხბურთელები არიან, სახიფათო მომენტს რომ ქმნიან და კარის გასწვრივ მწვავე ჩაწოდებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, საყრდენ ნახევარმცველებს - მე და კანკავას, დაცვის ფლანგების დახმარებაც გვევალებოდა. ლობჟანიძემ და გრიგალავამ კარგად ითამაშეს და ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით მათთვის ხელშეწყობას.

- რიბერიმ მაინც მოახერხა რამდენიმე მწვავე პასის შესრულება, დრიბლინგი და კარში დარტყმა. თამაშიდან მისი ასი პროცენტით გამოთიშვა, ალბათ, შეუძლებელია...
- საფრანგეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია, რიბერი კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მასზე მეტს აღარაფერს ვიტყვი. რიბერის ნებისმიერი მცველის დაჯაბნა შეუძლია, ნებისმიერი რანგის გუნდთან მოახერხებს მომენტის შექმნას და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ნაკრებთანაც ამწვავებდა თამაშს.

- საფრანგეთთან სტუმრად შეხვედრაში რიბერი რამდენჯერმე დარჩა მარტო ქართველ მცველთან. გოლიც მაშინ გაიტანა, როცა ზურაბ ხიზანიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა და ჩვენს მცველს არავინ აზღვევდა. მაშინ რატომ ვერ მოხერხდა ჩვენი ნაკრების მხრიდან დაცვაში ეფექტურად თამაში?
- მაშინ სტუმრად ვთამაშობდით და ეს უფრო გვირთულებდა საქმეს. როცა შინ თამაშობ, უკვე დიდი უპირატესობა გაქვს, საკუთარი ქომაგების წინაშე გიწევს გამოსვლა. მერწმუნეთ, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. საფრანგეთში გაგვიძნელდა თამაში, შეცდომებიც დავუშვით, თბილისში კი მეტი შემართებით ვითამაშეთ და, ალბათ, დროც იყო, რომ ჩვენი ქომაგისთვის იმედი მიგვეცა.

საფრანგეთთან ფრის შემდეგ, ალბათ, ცოტა ირწმუნეს კიდეც ჩვენი. ფაქტია, რომ მხოლოდ საკუთარი კარის დაცვაზე არ ვფიქრობდით, სამი-ოთხი სახიფათო მომენტიც შევქმენით. საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნო იყო ასეთ მატჩში თამაში.

- 10 სექტემბერს ფინეთთან თამაშობთ. საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ რა მუხტიც იყო, იმის შენარჩუნება რამდენად არის შესაძლებელი?
- აბსოლუტურად გადართულები ვართ ფინეთთან შეხვედრაზე, ამაზე გუნდში უკვე გვქონდა ლაპარაკი. ახლა ჯგუფში მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასე რომ, ფინეთთან მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ.

საფრანგეთთან ფრე კარგახანს არ დაგვავიწყდება, მაგრამ 6 სექტემბრის მატჩი უნდა დავივიწყოთ. საფრანგეთის მერე თავდაჯერებულობა მოგვემატა და ფინეთთანაც უფრო თავისუფლად გავალთ მოედანზე.

- უკვე კარგა ხანია, რაც ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველად თამაშობთ და შეიძლება იმის თქმა, რომ შეეგუეთ ამ ფუნქციას?
- ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და სადაც მეტყვიან, იმ პოზიციაზე უნდა ვითამაშო. მეც ყველანაირად ვცდილობ, შევეგუო საყრდენ ნახევარმცველად თამაშს.

- "ვიტესზეც" გკითხავთ. წარმატებული სეზონის მერე ცოტა თუ ელოდა, რომ ევროპალიგის ჯგუფში შესასვლელ გზას რუმინული "პეტროლული" გადაგიღობავდათ. მაინც რა მოხდა, რისი ბრალი იყო ეს წარუმატებლობა?
- "პეტროლული" ურიგო გუნდი ნამდვილად არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ "ვიტესი" მასზე უკეთესია.

სეზონი ისე დავიწყეთ, რომ რუმინელებთან მატჩებამდე ოფიციალური შეხვედრა არ გვქონდა ნათამაშები. ამ ფაქტორის გარდა, იმანაც იმოქმედა, რომ "ვიტესი" წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები და ახალი მწვრთნელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდის ხელახლა ჩამოსაყალიბებლად დროა საჭირო.

საპასუხო შეხვედრაში რუმინელებმა სტანდარტული სიტუაციიდან გაგვიტანეს გადამწყვეტი გოლი... რაც "პეტროლულთან" დაგვემართა, ასეთი რამ ფეხბურთში ათასში ერთხელ ხდება და მაინცდამაინც ჩვენს შემთხვევაში მოხდა...

- ვალერი ყაზაიშვილი "ვიტესის" ძირითადში იკიდებს ფეხს...
- ის მართლაც კარგად თამაშობს, მწვრთნელმა ყაზაიშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე გაამწესა და ამავე დროს, დაცვითი ფუნქციების შესრულებასაც ავალებს. პიტერ ბოსი ენდობა და თავად ვაკოც ძალზე მონდომებულია.

"ვიტესის" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭანტურიათიც კმაყოფილი იყო, სანამ გიორგის დისკვალიფიკაციას მისცემდნენ.

- "ვიტესს" ჯერჯერობით ვერც ჰოლანდიის ჩემპიონატში მისდის კარგად საქმე, ხუთი ტურის შემდეგ მერვე ადგილზეა...
- "აიაქსსაც" იგივე შედეგი აქვს - ორი მოგება, ორი ფრე და წაგება. პირველ ადგილზე კი ხუთი ტურის შემდეგ "ზვოლე" აღმოჩნდა. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჩვენც იმავე შედეგისთვის ვიბრძოლებთ, რაც წინა სეზონში გვქონდა - ხუთეულში უნდა მოვხვდეთ.

ახალი მწვრთნელის ხელში "ვიტესი" კიდევ უფრო შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. ყოველ მატჩში ბოსი ბურთის ფლობის მინიმუმ 60-პროცენტიან მაჩვენებელს ითხოვს. სამი-ოთხი ტურის შემდეგ, ალბათ, უკვე შევალთ ფორმაში და კარგი გუნდი ვიქნებით, ისეთი, ბევრ სიურპრიზს რომ შესთავაზებს მეტოქეებს.

- "ვიტესიდან" თითქოს სხვა გუნდში უნდა გადასულიყავით. ბოლოს ვითომ "ანდერლეხტის" ვარიანტიც გამოჩნდა... ამ მხრივ რა ვითარებაა?
- საინტერესო ჯერ არაფერი ხდება. "ვიტესში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
...თურმე შეგვძლებია! - ფრთაშესხმული მარადიული ქართული ოპტიმიზმი
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული