ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ოღონდაც ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული.
საქართველოს ნაკრები იმ სერიალს ჰგავს, სადაც იცვლებიან მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები... სერიალი კი გრძელდება, მუდმივი რჩება მხოლოდ სახელი.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობასაც აქვს მუდმივი საწუწუნო - ქვეყანას უჭირს, ქართულ ფეხბურთსაც უჭირს და ეროვნულმა გუნდმა შედეგი როგორღა უნდა დადოსო?
მაშ, რა ვქნათ, აღარ მივიდეთ სტადიონზე, სანამ ნატო-ში და ევროკავშირში არ მიგვიღებენ? ან სანამ საქართველოში
მე მაინც მგონია, რომ ფეხბურთი ისეთი რამეა, საქართველოსაც შეუძლია პატარა წარმატების მიღწევა და თუ მართლა ასეთი დაბეჩავებულები ვართ, როგორღა ვახერხებთ ფეხბურთელების ექსპორტს გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ჰოლანდიაში, თურქეთში, დანიაში, აზერბაიჯანსა და კიდევ სხვა ქვეყნებში?
თუ ასეთი მაჩანჩალები ვართ, როგორ ან რატომ ვიხდით ფულს ნაკრების ძვირიან მწვრთნელებში? როგორ და რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი წელიწადში სახელმწიფოსგან საკლუბო ფეხბურთისთვის?..
ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების ცუდი შედეგი ყველაზე მეტად არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ბოლო წლებში ხელისუფლება ატარებდა და ფეხბურთის ფედერაცია შიშისა და ზეწოლის ქვეშ ჰყავდა მოქცეული.
ტყუილად არ უთხრა "ლელოს" ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ - თემურ ქეცბაია სპორტის წინა მინისტრმა დაიბარა და უთხრა, ამდენს გადაგიხდით და ნაკრები უნდა ჩაიბაროო...
ნეტავ, სად არის სპორტის მაშინდელი მინისტრი?..
ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება, მაგრამ შედეგზე, პირველ რიგში, ის არის პასუხისმგებელი და პასუხი, ალბათ, მის დამნიშნავსაც უნდა მოეთხოვოს.
ქეცბაია ყოველთვის რესპექტაბელური კაცი იქნება საქართველოში, რადგან ის ძალიან კარგად, თავდადებით თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. მერე კი ძალიან ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი და ამისთვის აუცილებელი უნარები არ აღმოაჩნდა.
ნაკრების დონე სულ სხვა არის როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე მწვრთნელისთვის - ეს საკამათო არ უნდა იყოს.
ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრები მეტწილად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და არც ეს არის ადვილი საქმე. ასეთ თამაშსაც ორგანიზება და შესრულება უნდა, ოღონდაც აქ ნაკლები შემოქმედებითობაა საჭირო, ვიდრე მაშინ, როცა შემტევ, ავანტიურისტულ ფეხბურთს თამაშობ...
10 სექტემბერს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს საქართველოს და იძულებული იყო, სხვა ფეხბურთი ეთამაშა - არა ისეთი, როგორსაც ქეცბაიას ხელში თამაშობდა ორი შესარჩევი ციკლის განმავლობაში. ჩვენმა გუნდმა ამის მცდელობა მეორე ტაიმიდან დაიწყო - ალბათ, ასეთი იყო გეგმა-ჩანაფიქრი. ქეცბაია საქართველოს შემტევი ფეხბურთისთვის მზად არ აღმოჩნდა - ასეთი დარჩა შთაბეჭდილება...
* * *
...შეხვედრის დასაწყისში ჯანო ანანიძე მარცხენა ფლანგიდან ცდილობდა თამაშის გამწვავებას. იმავე ფლანგიდან ჯერ სახიფათოდ ჩააწოდა ჯარიმა, მერე კი კუთხურები - ნიკა გელაშვილის თავური ფინელთა მეკარე ნიკი მაენპაამ მოიგდო ხელებში, გურამ კაშიას თავურს კი სიზუსტე დააკლდა.
ფინეთმა ნელ-ნელა დაალაგა თამაში შეტევაში. სტუმართა გუნდს რომან ერიომენკო დირიჟირობდა. ფინელები მარტივად და გამართულად ათამაშებდნენ ბურთს - იმ კომბინაციურ თამაშს ახერხებდნენ, რაც ჩვენ არ გვქონდა.
როცა ფინეთი გადადიოდა შეტევაში, ორივე განაპირა მცველი მიდიოდა წინ, ხოლო როცა საქართველო უტევდა, ექვსი ფეხბურთელი უკან რჩებოდა - მეკარე, ოთხივე მცველი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი.
პირველ ტაიმში საქართველო დიდი ძალებით მხოლოდ მაშინ უტევდა, როცა ჯარიმას ან კუთხურს აწვდიდა.
...კასპერ ჰამალაინენმა ბურთი ახლოდან ვერ გადაგზავნა დაუცველ კარში, ტეემუ პუკიმ მცველებსაც დაასწრო და კარიდან გამოსულ ნუკრი რევიშვილსაც, მაგრამ საგოლე შანსი მაინც გაფლანგა - ცარიელ კარს ააცილა ოციოდე მეტრიდან. მერე ალექსანდერ რინგსაც მართებდა თავის გამოჩენა და ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა...
...ამასობაში თორნიკე ოქრიაშვილმა ერთხელაც მოინაგრა ჯარიმა - ანანიძის ჩაწოდების შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილმა რთული მდგომარეობიდან არაზუსტად დაარტყა.
შეტევის ორგანიზებით, სახიფათო თუ საგოლე მომენტების რაოდენობით ფინეთმა პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა.
შესვენებაზე ქეცბაიამ ინერტული სანდრო კობახიძე დავით თარგამაძით შეცვალა. მწვრთნელმა სხვა დავალებაც მისცა გუნდს - ჩვენი ნაკრები უკვე დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში, მაგრამ კომბინაციური თამაში მაინც არ ჩანდა - აფეთქებები, ინდივიდუალური თამაში - საქართველო ასეთ შანსს ეჭიდებოდა...
ქეცბაიამ მალე ელგუჯა გრიგალაშვილიც შეუშვა მოედანზე, რომელმაც გუნდს აგრესია კი შემატა, მაგრამ ეფექტი ამანაც ვერ მოიტანა. არადა, გოლის გატანის შესაძლებლობები, გრიგალაშვილის არაზუსტი შორეული დარტყმების გარდა, სხვაც იყო, თანაც უკეთესი - გია გრიგალავას ჩაწოდებულს ოქრიაშვილმა "მაკრატელა" მიაყოლა და ახლოდან ვერ გაახვია ბურთი ბადეში.
...ფინელებმა კი 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს - ერიომენკოს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა მანვე შეასრულა. ბურთი ხელზე მოხვდა "ცოცხალ კედელში" მდგომ თარგამაძეს. პენალტიც ერიომენკომ შეასრულა ზუსტად.
ალბათ, ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო კვიპროსელმა არბიტრმა ლეონტიოს ტრატუმ, როცა 11-მეტრიანი დანიშნა...
ცოტა ხანში ჯაბა კანკავამ ნერვები ვერ მოთოკა, უკნიდან ეუხეშა მეტოქეს, მეორე გაფრთხილება მიიღო და საქართველო კაცნაკლული დარჩა. თუ გახსოვთ, ჰელსინკიში ფინეთმა მაშინ გაათანაბრა ჩვენს ნაკრებთან ანგარიში, როცა კაცნაკლული დარჩა და იმედი რჩებოდა - იქნებ ჩვენებსაც იგივე გაემეორებინათ...
მონდომება მართლა დავინახეთ, თუმცა როცა ფინეთი კონტრშეტევაზე გადმოდიოდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ცოტა არ იყოს, დაღლა ეტყობოდათ...
...პუკიმ სოლო-რეიდს ძლიერი დარტყმა მიაყოლა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზი გადაკვეთა (რაც მერე ვიდეოგამეორებაზეც აშკარად გამოჩნდა), თუმცა ამ ეპიზოდში მსაჯებმა უკვე ჩვენი მხარე დაიჭირეს...
შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტიც ფინელების იყო - ჰამალაინენი რევიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, ჩვენმა მეკარემ კი მას სუფთად აართვა ბურთი...
საქართველოს ნაკრები ისევ ჩაფლავდა...
* * *
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. იქვე მან უსაყვედურა კვიპროსელ არბიტრს - ასეთ პენალტს სხვა მსაჯი არ დანიშნავდაო...
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო განაცხადში ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს ნაკრების თავკაცმა მოკლედ უპასუხა - გუნდთან ერთად ავტობუსით არ იმგზავრაო, რაც, მისივე აზრით, ვეტერანი მცველის განაცხადში ვერმოხვედრით უნდა ყოფილიყო გამოწვეული...
მატჩისშემდგომი კომენტარები:
თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა
მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა
ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
10 სექტემბერი
ბელორუსი-საფრანგეთი 2:4
1:0 ფილიპენკო (32), 1:1 რიბერი (47-პენ), 2:1 კალაჩოვი (58), 2:2 რიბერი (64), 2:3 ნასრი (70), 2:4 პოგბა (73)
ბელორუსი: ვერემკო, ფილიპენკო, მარტინოვიჩი, ვერხოვცოვი (77. როდიონოვი), ბალანოვიჩი, ტიგორევი (83. ბრესანი), დრაგუნი (71. ოლეხნოვიჩი), ბორდაჩოვი, კალაჩოვი, ა. ჰლები, პუტილო.
საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოშილნი, აბიდალი, კლიში, ვალბუენა (გილავოგი, 90), პოგბა, მატუიდი, რიბერი (79. სისოკო), პაიე (61. ნასრი), ჟირუ.
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 4 2 0 10:2 14
2. საფრანგეთი 7 4 2 1 12:6 14
3. ფინეთი 7 2 3 2 5:6 9
4. საქართველო 7 1 2 4 3:8 5
5. ბელორუსი 7 1 1 5 6:14 4
დარჩენილი მატჩები
11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელორუსი
15 ოქტომბერი
ესპანეთი-საქართველო
საფრანგეთი-ფინეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
ak itkva sichinavam tkvao kecbaia daibareso ministrtan da chaabareso nakrebi. tviton vin moikvana isic tkvas da mere cabrzandes saidanac mosula, amistanebma dagupa kartuli fexburti