რატომ? რატომ? რატომ? ესტონური კოშმარის ექო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში, მასპინძელ ესტონეთთან განადგურდა.

ესტონეთი შინ ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ესტონეთი შინ ძალიან ცოტას უშვებს, მაგრამ ფაქტია - თუნდაც შესუსტებული შემადგენლობით, ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს...

ჩვენს გუშინდელ მიმოხილვაში, გვიან საღამოს რომ დაიწერა, რამდენიმე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილეთ მკითხველის ყურადღება.

ახლა იმ ნიუანსებს შევეხებით, რომლებზეც წინა წერილში დაწვრილებით ვერ შევჩერდით...

აქილევსის ქუსლი
ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი და მათე ცინცაძე - ესტონეთთან მატჩში საქართველოს
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათთვის თბილი სიტყვები არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ სიმართლე მწარეა - საშუალო დონის ესტონეთთან მათი გარჯა დამაკმაყოფილებლადაც კი ვერ გამოჩნდა.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც უნდა გავიმეოროთ - სანამ საქართველოს ჩემპიონატი რაღაცას არ დაემსგავსება, ეროვნული ნაკრები ხელშესახებ წარმატებას ვერაფრით მიაღწევს.

იმ სამეულიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, საუკეთესო ისევ ნავალოვსკი იყო, თუმცა პირადად ჩემი აზრია და არ ვიცი, მკითხველი გაიზიარებს თუ არა - მას შემდეგ, რაც ის რუსეთიდან გორის "დილას" დაუბრუნდა, აშკარად მოუკლო.

ამბობენ, ნავალოვსკის ტრანსფერი არნემის "ვიტესში" გადაწყვეტილი ამბავიაო და თუ ასეა, ძალიანაც კარგი. ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის მეტი საშუალება ექნება. სხვათა შორის, "ვიტესის" წარმომადგენელი მას ალბანეთში დააკვირდება...

თავის მხრივ, ცინცაძეცა და კაკაბაძეც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის დონე იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე საერთაშორისო ასპარეზზე გადართვა ჭირს.

ჩვენ ესტონეთის ჩემპიონატის დონეს ვაკრიტიკებთ, არადა, მასპინძელთა რიგებში მრავლად იყვნენ "ფლორასა" და "ნომე კალიუს" ფეხბურთელები. ვაკრიტიკებთ საქმეში ჩაუხედავად და იმ მიდგომით, რომ "ესტონელმა არ შეიძლება, ფუტბოლი იცოდეს"...

სულაც არ გვინდა, ჯოხი მხოლოდ ამ ბიჭებზე გადავტეხოთ, ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის საერთო დონე მათ დათვურ სამსახურს უწევს.

ის კი გვავიწყდება, რომ ესტონეთის ჩემპიონატში, თუნდაც ამ ბოლო დროს, ასე თუ ისე ჩაიდო ფული და ლეგიონერებიც მომრავლდნენ. იქ ფეხბურთს არასოდეს ითამაშებენ ყანაში და თუნდაც დაბალ ლიგებში ყოველი მეორე თამაში საეჭვო არ იქნება...

შეკრიბო 11 კაცი, დაარქვა ნაკრები, დაუნიშნო მწვრთნელი და მერე იმ მწვრთნელს დააბრალო ყველაფერი, ასე არ შეიძლება. იოლია, მაგრამ არ შეიძლება. ფეხბურთი დღეს გაცილებით სიღრმიდან იწყება, თორემ ვაკო ყაზაიშვილი რომ ყველა ესტონელს სჯობს ერთად აღებულს და გურამ კაშია "ფლორასა" და "ნომე კალიუს" მცველებზე უკეთესია, ეს ყველამ ვიცით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა მიხედოს ეროვნულ ჩემპიონატს. რა მარტივად იწერება, მაგრამ რა რთული გასაკეთებელია. სახელმწიფოსგან კი მოქმედებას ვითხოვთ და არა კომისიების სხდომებს. დასათვლელი, გასაზომი და საკეთებელი ამდენ ხანს ჩამოყალიბებული უნდა იყოს და გაზომილიც. ახლა ის დროა, ერთხელ გავჭრათ...

რა სამსახური გაგვიწია გერმანიამ?
ამის თაობაზე ყველაზე უკეთ და ამომწურავად ეროვნული გუნდის თავკაცი ისაუბრებს. ჩვენ მხოლოდ ტელეეკრანიდან გამოტანილ დასკვნებს შეგვიძლია ვენდოთ.

რატომღაც მომეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ტალინის მთავარ სპორტულ არენაზე სათამაშოდ თავაწეული გავიდა და მეტოქე არ დააფასა.

მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, გერმანიასთან ნათამაშები კარგი გასვლითი მატჩი იყო. ის თამაში ყველას გვახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მავანს დაავიწყდა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთთან და მალტასთან აგებდა...

ასე რომ, მაღლა აწეული ცხვირი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. რაც მთავარია, უკეთესობა პროცესში უნდა გადაიზარდოს, კარგმა და ძალიან კარგმა მატჩებმა კი დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს.

ფიზიკა
აქსიომაა - კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე დღეს ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ. პრესინგი, ბურთით და უბურთოდ მოძრაობა, დროული გახსნა - ეს ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

ზოგადად, ამ პრობლემას მხოლოდ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი ვერ გადაჭრის. უპრიანია, სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელი თავის კლუბში იმთავითვე მოემზადოს სანაკრებო შეხვედრებისთვის.

დაბოლოს...
ახლა ალბანეთია. ორშაბათს გამოჩნდება, რა დასკვნები გაკეთდა ესტონური კოშმარიდან.

საკვანძო მოთამაშეები ტირანაშიც დაგვაკლდებიან, მაგრამ უკეთ თამაში ამ შემადგენლობასაც შეუძლია და ამის გვჯერა. თან, ჩვენი ფეხბურთელები ცხვირაწეულებიც ვერ იქნებიან - ვეთამაშებით ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს.

ასეა. ეს ის ალბანეთი აღარ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 42 /
""სანამ საქართველოს ჩემპიონატი რაღაცას არ დაემსგავსება, ეროვნული ნაკრები ხელშესახებ წარმატებას ვერაფრით მიაღწევს"" - არა, არა და კიდევ ერთხელ - არა! არ ვეთანხმები ამ სიტყვების ავტორს. ჩემს არგუმენტად ალბანეთის მაგალითიც გამოდგება. მგონი ჩვენი ჩემპიონატ მაგათსას ჯობს. ან მინიმუმ ერთ დონეზე ვართ. ნაკრები კი... მთავარი პრობლემა საქმისადმი არასწორად მიდგომაშია და არა სუსტ ჩემპიონატში. თორემ ჩემპიონატის გაძლიერებას რომ ველოდოთ მხოლოდ, კიდევ მინიმუმ 10 წელი არაფერი გვეშველება. და ბოლოს - ძალიან გთხოვთ, ნაკლებად ემოციურად ვწეროთ (ეს ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს) და უფრო მეტი დრო ცივ გონებაზე და კონკრეტულ საქმეებზე მსჯელობას მოვანდომოთ.
ilo
13 ნოემბერი 2015 15:09
0
ხალხო დაანებეთ თავი ვინაა საშვალო და ვინ გრანდი ჩვენებს მუწოდოთ ჯიგარი ჩადონ თამაშში ფეისბუქზე არ პოზიორობდა ყიფიანი ცხადაძე ქეცბაია მარა მსოფლიო პატივს ცემდა ცხადაძეს დაუდგეთ გვერდით და მოუწოდოთ ვინც უდისციპლინოა ყველა გაყაროს გაგვარკვიეთ ოქრიაშვილს რა პრობლემები ქონდა არ უნდა დაიფაროს არაფერიო
koki
13 ნოემბერი 2015 14:53
0
ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს..., კი მაგრამ ჩვენ რა დონის ვართ? ისე რატომღაც ქეცბაია გამახსენდა.
მამუკა
13 ნოემბერი 2015 14:52
0
გასაგებია ბატონო ალეკო, რომ თქვენ საკმაოდ კეთილგანწყობილი ხართ ცხადაძის მიმართ, ასევე ვართ ჯერჯერობითგულშემატკივრების დიდი ნაწილი, მაგრამ მის მინუსებზე ეხლავე რო არ ამახვილებთ ყურადღებას ძალიან ცუდია. მერამდენედ დავინახეთ, რომ ბაჩანა არ არის სანაკრებო კაცი. ამისულაშვილი, რომელიც თურქეთის დაბალი ლიგის მაჩანჩალა გუნდშია, რომელსაც აღარც სისწრაფე უწყობს ხელს და არც არაფერი, დროა ნელნელა ჩამოაშოროს გუნდს. კიდევ კარგი ხიზანიშვილზე მიხვდა ბოლოს დაბოლოს რო ბალასტია ეგ კაცი ნაკრებისთვის. რავიცი მიხედოს სელექციას და ნაცნობობით ფეხბურთელების ნაკრებში მოწვევას შეეშვას რა !! თორე ბევრად უფრო მალე დაკარგავს ხალხის კეთილგანწყობას, ვიდრე ქეცბაია... -_-
-_-
13 ნოემბერი 2015 14:46
0
სამწუხაროდ ჩვენ და ესტონეთი ძალიან დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნები ვართ, განსხვავება იმაშია რომ ესტონელები უფრო ორგანიზებულები არიან და ბევრს შრომობენ! ჩვენ აქამდე ნიჭით და ტექნიკით გავდიოდით ფონს, თუმცა უკვე რამდენი წელია არცერთი მაღალი დონის ფეხბურთელი აღარ გვყოლია ნაკრებში :(((
გიორგი
13 ნოემბერი 2015 14:39
0
კაკაურიძის სტატიის მთავარ აქცენტებს ძირითადში ვიზიარებ,მაგრამ რატომ მარტო სამის გამოყოფა? არ მინდა ძალიან კატეგორიული ვიყო,მაგრამ 11 ნოემბერს ესტონეთის სტადიონზე მთლიანად უსისხლო ქართველები ბურთაობდნენ(მაპატიონ კანკავამ და ლორიამ,რომელთაც თავი არ დაუზოგავთ!
თამაზ ხუბუა
13 ნოემბერი 2015 14:38
0
ოო ამისულაშვილმა და კაშიამ ხომ დაბდღვნეს ყველაფერი,კაკაბაძე ახალგაზრდაა და აქ თამაშობს,იმათ რაღა დაემართათ?ამისულაშვილმა უნდა დატოვოს ნაკრები თუ ნამუსი აქვს,საწყენი აქ არაფერია,დაბერდა კაცი ფეხბურთისთვის
გიორგი
13 ნოემბერი 2015 14:37
0
ესტონეთი : საქართველო 3:0 "ვზროსლები" ესპანეთი : საქართველო 5:0 U 21 უელსი : საქართველო 3:0 U 19 ჯამი 11:0 p.s. სანამ არველაძეები ფედერაციის სათავეში იქნებიან არაფერი არ გვეშველება... :))) ფედერაციიდან კი არა სამშობიაროდან დაიწყეთ ფეხბურთის სწავლება და მენტალიტეტის გამოცვლა!!! ან აკრძალეთ საერთოდ ფეხბურთი საქართველოში!!!
pele
13 ნოემბერი 2015 14:36
0
რა რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ფეხბურთის რესურსი არ აქვს. მაყურებელს იმის საშუალება და სურვილი არ აქვს რომ ეროვნულ ჩემპიონატზე მივიდეს და 30 ლარი გადაიხადოს სულაც რო მესი ჩამოიყვანო და ჩიხურაში ათამაშო. ერთეულებზე არ ვამბობ. ფეხბურთელებს ტაქსისტის ხელფასები აქვთ და კი თამაშობენ ტაქსისტებივით. რას ელოდებით ქართული ფეხბურთისგან როცა ფეხბურთელებისთვის 1500 ლარი კარგ ხელფასად ითვლება? ტყუილად ვხარჯავთ ფულს. ჯობია ისეთი სპორტის სახეობები დავაფინანსოთ რომელშიც ნაკლები ფული ტრიალებს დაა შედარებით ადვილი იქნება წარმატება. ბარსა-რეალზე ერთი ბილეთი 500 ევრო ღირს და ჩვენთან 5 ლარს ვერ იხდის ხალხი. 50 ლარად იყიდებოდა შავ ბაზარზე ბარსელონას ბილეთი სუპერთასზე 100 ლარადაც ვერ გაიყიდა ყველა (ეს მაშინ როცა ასეთი თამაში ერთხელ იყო აქ და შეიძლება აღარც გაიმართოს) და კიდე გიკვირთ რატო წავაგეთ ესპანეთთან 5-0?
დიმა
13 ნოემბერი 2015 14:29
0
ეგ მეც არ მინდა მარა საინტერესოა რატო არ უნდა ვაგებდეთ ესტონეთთან საერთოდ?
დინამომ რო 81-ში თასების თასი მოიგო და საიუზის ჩემპიონატში ჩვენ რო 2-3 გუნდი გვყოლია უმაღლეს ლიგაში და ესტონეთს არც ერთი მაგიტო?
ესტონეთი მშპ, რო რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას, იმათი საფეხბურთო ინვესტიციებიც რომ აღემატება ჩვენსას, იმათი მოედნები, სასტუმროები და ფეხბურთელების კვების ხარისხიც რო აღემატება ჩვენსას, უახლოეს წარსულში რომ მუნდიალის პლეი-ოფი ითამაშა მაშინ როცა ჩვენ ერთი თამაშიც ვერ მოვიგეთ იმ შესარჩევ ციკლში ეს აღარაფერს ამბობს?.. სათამაშო დისციპლინაზე და ფიზიკურ მომზადებაზე რომ მართლა აღარაფერი ვთქვათ////
irakli apkhaidze
13 ნოემბერი 2015 14:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული