ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯიქია
ნატურალიზებული ქართველების თემა არახალია. საქართველოს ნაკრებში რამდენიმე აშკარად დეფიციტური პოზიციაა და უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების მოწვევა უინტერესო იდეა არ უნდა იყოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სწორედ ამ საკითხს შეეხო (იხილეთ სტატია). მისი თქმით, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსული პასპორტით მოთამაშე ერთ-ერთ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებას აპირებდა...

მინუს შელია?
...რუსეთის ჩემპიონატში ასეთი რამდენიმე მოთამაშეა: წლეულს პირველი ლიგის კრასნოიარსკის "ენისეი
დან" პრემიერლიგურ "უფაში" გიორგი შელია გადაიყვანეს. 27 წლის მეკარემ რუსეთის პრემიერლიგაში უკვე 7 შეხვედრა ჩაატარა და ცხადია, დღეისთვის, სანაკრებო დონისთვის ის უდავოდ საინტერესო მეკარეა.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი შელია
მაგრამ ამ პოზიციაზე "ჯვაროსნებს" არ უჭირთ, გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევენ, პლუს, საინტერესოები არიან გიორგი მაკარიძე და როინ კვასხვაძეც.

სავარაუდოდ, შელიას ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ - იმიტომ, რომ ვაისი ახალ ფეხბურთელს პრობლემურ პოზიციებზე ეძებს.

პრაგმატული ნაბიჯები
...იგივე შეიძლება ვთქვათ რუსეთში მოთამაშე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელზე. მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველია რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გიორგი მელქაძე, რომელიც შარშან თავის ასაკში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ნიკა ყიფიანთან ერთად.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი მელქაძე
ეს უკანასკნელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს და ცხადია, პერსპექტივაში ჩვენთვის საინტერესოა. მელქაძემ პრემიერლიგაში უკვე 3-ჯერ ითამაშა, ყიფიანი კი ჯერ კიდევ დებიუტის მოლოდინშია.

Sportall.Ge
ფოტოზე: ნიკა ყიფიანი
მაგრამ ორივეს ჯერ რუსეთის სახელით თამაში სურს, რადგან სხვაგვარად ლეგიონერად ჩაითვლებიან და დიდი ალბათობით, კარიერას დაისამარებენ და ესეც უნდა გვესმოდეს. ამაზე კი საკუთარი ნებით არავინ მიდის, იშვიათი გამონაკლისების გარდა. არადა, დიდ ფეხბურთში ფეხი ახლა შედგეს და გარკვეულწილად,  გასაგებიცაა, რომ ქართული პასპორტის აღებას არ ჩქარობენ.

ანალოგიური ვითარებაა ბექა ვაჩიბერაძის შემთხვევაშიც, რომელიც დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელებიდან "ბეტისის" დუბლებში გადავიდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ნაკრების მცველების გარემოცვაში
საქართველოს მოქალაქეობა ესპანეთში მას შრომის ვიზის მიღებაში ხელს შეუშლიდა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში ამჯობინა. მაგრამ დანამდვილებით ვიცით - თუ ეროვნულ ნაკრებში მისით დაინტერესდებიან, თანახმა იქნება, "ჯვაროსნებში" ითამაშოს.

რეალურად რომ ვთქვათ, ვაჩიბერაძეც, ყიფიანიცა და მელქაძეც კარიერის ასაწყობად პრაგმატულად მოქმედებენ.

ფეროელი
ახლახან ეკატერინბურგის "ურალში" კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა - 20 წლის რევაზ ღავთაძე (დაიბადა 1995 წლის 11 ივლისს). 177 სმ სიმაღლის ნახევარმცველი საქართველოში, კერძოდ, ზესტაფონში დაიბადა, მაგრამ მშობლებთან ერთად რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ პოლევსკოიში დასახლდა და იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში.

ნიჭიერი ნახევარმცველი 17 წლის იყო, "ურალის" დუბლებში რომ მიიწვიეს, წლეულს კი, 19 მარტს, გროზნოს "ტერეკთან" ეკატერინბურგელთა მთავარ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა რუსულ პრემიერლიგაში.

Sportall.Ge
ფოტოზე: რევაზ ღავთაძე
მაგრამ საეჭვოა, ვაისი ამ გამოუცდელი ბიჭით დაინტერესებულიყო. ახალგაზრდული ნაკრებისთვის კი ღავთაძე უინტერესო მოთამაშე არ უნდა იყოს.

რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია თემურ ბუკიას. 22 წლის ფეხბურთელი პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ასტრახანის "ვოლგარის" ნახევარმცველია.

ამ ასაკში პრობლემებს ვერ შეიქმნის...
სხვათა შორის, ბავშვობაში საქართველოში ცხოვრობდა ყაზანის "რუბინის" 25 წლის შემტევი ნახევარმცველი შოთა ბიბილოვი, რომელიც რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.

რამდენიმე წლის წინ, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ქართველების გვერდით თამაშობდა და ეს ისტორია მათგან ვიცით - ბიბილოვს ქართულიც კარგად ესმის.

დაახლოებით იგივე ისტორიაა მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველ ალან კასაევის თავსაც, რომელიც რუსეთის მეორე ნაკრების წევრი იყო, გუნდში კი ძირითადი შემადგენლობის წევრია.

ალანს ქართულიც ესმის და ლაპარაკობს კიდეც, მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხული უნდა იყოს, რადგან ის 30 წლისაა და ამ ასაკში ლეგიონერის სტატუსით საკუთარ თავს პრობლემებს ვერ შეუქმნის.

ვითომ, ჯიქია?
იმავეს ვერ ვიტყვით გიორგი ჯიქიაზე, რომელზეც საქართველოში 2015 წლის ბოლოს ალაპარაკდნენ: პერმის "ამკარის" 22 წლის წევრი ჯიქია რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მარცხენა მცველია და, წესით, პერსპექტივაში საინტერესო მოთამაშე უნდა იყოს.

29 სექტემბერს, რუსეთის თასის 1/8-ფინალში პერმის "ამკარმა" მოსკოვში "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხა. სტუმრები შემდგომ ეტაპზე სწორედ ჯიქიას მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.

ჯიქია 10 წელი რუსეთში, კერძოდ, "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, მეორე დივიზიონში კი "ლოკომოტივი 2"-ის კაპიტანიც გახლდათ. მერე ნალჩიკში წავიდა და როცა იჯარის ვადა ამოეწურა, ესპანურ "ხეტაფეს"... "ხიმკი" ამჯობინა. 2014 წელს ის რუსეთის პირველი ლიგის ნაკრებში მიიწვიეს და ამხანაგურად იტალიის სერია B-ს ნაკრებთან ითამაშა.

ერთ-ერთ კომენტარში გიორგი წერდა, რომ რუსეთის ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობდა, მაგრამ ის საქართველოშია დაბადებული, გერმანულ ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტზე" კი გრაფაში, მისი გვარის გასწვრივ, რუსეთისა და საქართველოს დროშები ფიგურირებს. ჩანს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ის აფხაზობს და არაღიარებულ სახელმწიფოთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სეპარატისტული რეგიონის ნაკრების სიაშიც ირიცხება, მაგრამ ეს მცდარი ინფორმაცია უნდა იყოს, რადგან ერთხელ გიორგი საჯაროდ გამოჩნდა ქართული ხუთჯვრიანი მაისურით. ეს ჟესტი ყველაფერზე მეტყველებს - დაძაბული ურთიერთობების ფონზე, აფხაზი ამას არ გააკეთებდა...

ეგ არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქართველებიდან ბევრს არ სურს, რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერად იქცეს და კარიერა აეწეწოს. მთავარია, სამშობლოს სამსახურით თავად დაინტერესდნენ, ისევე, როგორც - მიშა ფოცხვერია, გია გრიგალავა, დავით ხმელიძე, ვაკო გვილია...

ვინ იქნება შემდეგი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვირკველია არ დაგავიწკდეტ მასაც სტავაზობდენ რუსეტის ნაკრებს , მაგრამ მან საქარტველო არცჰი
givi papava
11:51 29-04-2016
0
და ვერც გაამტყუნებ ვერავის...მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ...
Zaza
00:26 30-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული