ლეგიონი ევროტურნირებზე: ვინ - ჩემპიონთა ლიგაზე და ვინ - ევროპალიგაზე

AutoSharing Option
ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატში სეზონი უკვე დასრულდა და გაირკვა იმ კლუბების ვინაობაც, რომლებიც ევროტურნირებზე იასპარებენ.

ვფიქრობთ, ქართველი გულშემატკივრისთვის მეტად საინტერესოა, ჩვენს რამდენ ლეგიონერს ელის (ამჟამინდელი მონაცემებით) წელს ევროტურნირებზე თამაში.

აღსანიშნავია, რომ სხვა წლებთან შედარებით, ახალი სეზონი ჩვენთვის გამორჩეული იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ ორი, ევროპალიგისაზე კი ერთი ფეხბურთელი გვეყოლება.

ვის ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე
მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის რიგებშიც ჯანო ანანიძე ასპარეზობს, წელს რუსეთის პრემიერლიგა მოიგო, რამაც მოსკოველები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ასე რომ, შემდეგ სეზონში ანანიძეს ჩემპიონთა ლიგაზე
ვიხილავთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა უკრაინის ჩემპიონი დონეცკის "შახტარიც". "შახტარს" ახალ სეზონში ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა უერთდება, რომელმაც კლუბთან უკვე გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი. ხოჭოლავაზე "შახტარი" დიდ იმედებს ამყარებს და, დიდი ალბათობით, ის დონეცკელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.

არაა გამორიცხული, "შახტარის" მთავარ გუნდში 19 წლის შემტევი გიორგი არაბიძეც ვიხილოთ. არაბიძემ მთელი სეზონი "შახტარის" დუბლებში გაატარა, სადაც თავი არაერთი გოლით გამოიჩინა. ჩემპიონატის ბოლო ტურში გიორგი დონეცკელთა მთავარ გუნდშიც ათამაშეს და მან იქ თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ სპორტულმა გამოცემებმა ის ტურის სიმბოლურში შეიყვანეს. ვინ იცის, იქნებ არაბიძემ სეზონი "შახტარის" პირველ გუნდში დაიწყოს და მანაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს...

ამას გარდა, ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ ვაკო გვილიას ბორისოვის ბატე და ჯაბა ჯიღაურის "ვარდარიც", რაც ორივე ქართველ ფეხბურთელს შანსს აძლევს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის იბრძოლონ. ორივე კლუბი ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

ვის ვიხილავთ ევროპალიგაზე
ლეგიონერთა რაოდენობას წელს არც ევროპალიგაზე ვუჩივით. არნემის "ვიტესის" შემადგენლობაში აუცილებლად ვიხილავთ გურამ კაშიას. "ვიტესმა" ჰოლანდიის თასი მოიგო და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, კაშიამ კი განაცხადა, რომ ის არნემში რჩება. არნემში ბრუნდება ვაკო ყაზაიშვილიც, რომელმაც იჯარის წესით სეზონი "ლეგიაში" გაატარა.

რუსულ მედიაში გავრცელდა ხმები, რომლის თანახმად, მოსკოვის "ლოკომოტივი" ყაზანის "რუბინს" საბა კვირკველიას ტრანსფერზე შეუთანხმდა. იმ შემთხვევაში, თუ კვირკველია მართლაც "ლოკომოტივის" საკუთრება გახდა, კაშიას მსგავსად, ისიც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მოსკოველებმა ქვეყნის თასი მოიგეს.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილიც, რომლის "კრასნოდარმა" ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. ოქრიაშვილს ევროპალიგაზე გასულ წელსაც უნდა ეთამაშა, თუმცა მაშინ "კრასნოდარმა" ის განაცხადში არ შეიყვანა.

ჯგუფურ ეტაპზეა ჯაბა ლიპარტიას "ზარიაც", რომელმაც უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევი ლუგანსკის გუნდს დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია გიორგი ბერიძის მომავალიც. გავრცელებული ხმების თანახმად, "გენტიდან" "ტრენჩინში" განათხოვრებული ბერიძე იქ კიდევ ერთი წლით დარჩება.

"ტრენჩინმა" ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპალიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ევროპალიგაზეა "გენტიც", რომელიც ასპარეზობას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს. აქედან გამომდინარე, თუ ბერიძე "გენტში" დაბრუნდა, ისიც მესამე ეტაპიდან დაიწყებს, თუ არა და - პირველიდან.

ევროპალიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს პოლონეთის თასის მფლობელი, ლუკა ზარანდიას "არკა", ოთარ მარცვალაძისა და გოგიტა გოგუას "ორდაბასმა" კი ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ბრძოლაში პირველი ეტაპიდან ჩაებმება.

ევროპალიგაზე, ფეხბურთელების გარდა, მწვრთნელიც გვეყოლება. კახა ცხადაძის "ქაირათმა" ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაშა დვალი? ირტიში გავიდა მესამეზე
გენო
13:27 14-06-2017
0
ვაკოც ითამაშებს ვიტესთან ერთად ევროპაზეე
nika
13:18 14-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული