გიორგი დარასელიას გაწვრთნილ "სკა-ენერგიაში" ხუთი ქართველი თამაშობს - ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, შოთა გრიგალაშვილი, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე.
ხაბაროვსკულმა გუნდმა, რომელსაც პრემიერლიგაში აღზევება სურდა, "უფასთან" 0:0 ითამაშა და საქმე გაირთულა.
მაგრამ ხაბაროვსკელებს კონკურენტმა ნალჩიკის "სპარტაკმა" უშველა, სადაც თავდამსხმელი დავით სირაძე და ფლანგის ნახევარმცველი გუჯა რუხაია გამოდიან: ყაბარდო-ბალყარეთის გუნდმა შინ კალინინგრადის "ბალტიკას" 2:0 მოუგო და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, მე-3 ადგილი გაინაღდა.
დარასელიას შეგირდები პლეი ოფის ორ შეხვედრაში რუსეთის პრემიერლიგის მე-13-ეადგილოსანს შეხვდებიან, ნალჩიკელები კი - მე-14-ეადგილოსანს. მატჩები კი 29 მაისსა და 4 ივნისს გაიმართება. მათი მეტოქეები 26 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში ამ ოთხეულიდან გაირკვევა - პერმის "ამკარი", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", სამარის "კრილია სოვეტოვი" და "როსტოვი".
"უფასთან" შეხვედრა გამოტოვა გუჯა რუხაიამ, რომელიც 2012 წლის 20 ნოემბრის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა - 25 წლის ქართველი კრასნოიარსკის "ენისეისთან" დაშავდა და დღემდე მკურნალობს.
სამაგიეროდ, ბოლო ტურში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ. 31 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ პრემიერლიგაში დაბრუნდება.
"დარწმუნებული ვარ, "სპარტაკი" რუსული ფეხბურთის ელიტაში დასაბრუნებლად მზად არის. რა თქმა უნდა, პრემიერლიგის გუნდთან მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ "სპარტაკი" შარშანდელზე ძლიერი გუნდია და რაც მთავარია, ჩვენს კონკურენტებზე უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ.
ფეხბურთელები მზად ვართ, მოედანზე თავი დავდოთ და მიზანს მივაღწიოთ. 25 მაისს ბოლო შეხვედრა გვაქვს, მაგრამ უკვე პლეი ოფის მატჩებისთვის ვემზადებით.
სიმართლე გითხრათ, დიდად არც მადარდებს, ვის შევხვდებით და არ ვარჩევ, რომელია სასურველი თუ არასასურველი მეტოქე. ჩვენთვის ეს სულერთია. მხოლოდ "კრილიასთან" შეხვედრა არ მინდა, რადგან იქ ალეკო ამისულაშვილი თამაშობს.
აჯობებს, სამარელები პლეი ოფს ასცდნენ და მომავალ წელს პრემიერლიგაში შევხვდეთ", - ამბობს დავით სირაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით სირაძე: ნაკრებიდან ჩამოცილებამ უკან დამხია
დავით სირაძე: გული მწყდება, საქართველოს ნაკრებისთვის მეტის გაკეთება შემეძლო
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?