ბაქარ მირცხულავა: მოლდოვაში ჩვენზე უარესები ხდება

AutoSharing Option
ბაქარ მირცხულავა საქართველოში ჩამოვიდა და მოლდოვისკენ გახედვაც არ სურს.

21 წლის მცველი კიშინიოვის "ზიმბრუში" წლეულს ზამთარში ჩაირიცხა, სეზონის ბოლოს 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

"ზიმბრუ" თითქოს ურიგო გუნდი არ არის, მაგრამ მირცხულავა ამბობს, რომ იქ დარჩენას ახალი გუნდის მოძებნა ერჩივნა და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ღიად ილაპარაკა.

"ვერ წარმომედგინა, ჩვენზე უარესი სადმე თუ ხდებოდა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ასეთი ქვეყანა მოლდოვაა.

მე მხოლოდ 7 მატჩი ვითამაშე, მაგრამ მწვრთნელი კი არ იყო უკმაყოფილო, ვეტერანი მცველი კარიერას ამთავრებდა და ანგარიშს უწევდა.
ძირითადშიც ისეთ შეხვედრებში აყენებდა, ყველაფერი გასაგები იყო...

საერთოდ, გუნდსა
და ჩემპიონატში რაც ხდებოდა, ამაზე ლაპარაკი არ მსურს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 21 წლის ბიჭი ასეთ ფეხბურთს ვერ შევეგუებოდი. იქ დარჩენა ნიშნავდა, რომ ნამდვილი ფეხბურთელი და პროფესიონალი ვერასოდეს გავხდებოდი".

მირცხულავას მოლდოველების დაპირებული ხელფასიც არ მიუღია:

"კარგი პირობები და გარემო ნამდვილად არ იყო. "დღეს-ხვალეს" ძახილით, ფულს არ იხდიდნენ - ხელფასს 3 თვე ველოდით.

როდესაც დავალიანების გასტუმრება ვთხოვე, მითხრეს, განაცხადში შენი შეყვანის თანხა გადაგიხადეთ და ეს თანხა ჩამოგაჭერითო, თითქოს ეს ჩემს ხარჯზე უნდა მომხდარიყო.

რა დასამალია, ბოლოს საკმაოდ გამიჭირდა, მაგრამ ფულის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა და კატეგორიულად დავუყენე საკითხი, რომ კონტრაქტი მაინც გაგვეწყვიტა.

საბოლოოდ, მაინც შევთანხმდით. ერთადერთი, რაც გამიკეთეს, ფული საერთოდ არ მქონდა, ბილეთების საყიდლად 300 დოლარი მომცეს და უკანმოუხედავად წამოვედი.

ასეთივე რამ მოხდა კოტე გაბაშვილის შემთხვევაშიც. კონტრაქტი მანაც გაწყვიტა, გათავისუფლების ფურცლები ავიღეთ, ორივე თავისუფალი აგენტები ვართ და ახალ კლუბს ჩვენში არანაირი ფული არ ექნება გადასახდელი",
- ამბობს მირცხულავა.

ბაქარი ამბობს, რომ საქართველოში ბევრად უკეთესი ჩემპიონატია:

"წასვლას მაინც არ ვნანობ, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ჩვენი ფეხბურთი და ჩემპიონატი უფრო დავაფასე.

წასვლამდე ვიცოდი, რომ ჩვენზე ნაკლები დონის ჩემპიონატი არ იყო და ფინანსურადაც ნორმალური გუნდები ჰყავდათ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. მოლდოვაში გატარებულმა 6-მა
თვემ დამარწმუნა, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება - ქართული ჩემპიონატი აშკარად უკეთესია.

მოლდოვის "ა" დივიზიას ჩვენს უმაღლეს ლიგას ვერც ორგანიზაციის დონით შევადარებ და ვერც კლასით. არ ვკამათობ, ფული აქვთ და ფიზიკურად კარგად ამზადებენ, მაგრამ ქართველებისნაირი ნიჭიერი მოთამაშეებით ვერ დაიკვეხნიან - ამაში დიდი სხვაობაა. მეტი ფული აქვთ და იმასაც სწორად ვერ იყენებენ. ჩვენში ფული გაცილებით სწორად იხარჯება - ჩემთვის ესეც აღმოჩენა იყო".


მირცხულავა ტყუილუბრალოდ არ წამოსულა. შევიტყვეთ, რომ ესპანურმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრითა და ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ყოფილი კაპიტნით სეგუნდა დივიზიონის რამდენიმე კლუბი დააინტერესა.

მაგრამ 21 წლის ცენტრალური მცველი ამაზე ლაპარაკს ერიდება:

"დაინტერესება ქართული გუნდებიდან იყო და სიმართლე გითხრათ, დაბრუნება მსურდა. ადრე ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და ჩემთვის ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ახალგაზრდულ ნაკრებში არ მიმიწვევენ.

ვფიქრობდი, მუდმივი სათამაშო პრაქტიკით ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას მივიქცევდი. თუმცა სად ვითამაშებ, ჯერ არ გადამიწყვეტია.

რაც შეეხება ესპანურ ვარიანტებს, ამაზე ლაპარაკი არის, მაგრამ სანამ არაფერი გაი
რკვევა, მანამდე დაკონკრეტება არ მსურს.

მოლდოვაში დადებითი ერთი ის იყო, რომ შეკრება გავიარე, ყველა საკონტროლო შეხვედრა ვითამაშე, ჩემპიონატშიც სათამაშო პრაქტიკა მქონდა და ფორმაში შევედი. მიმაჩნია, რომ ახლა უკეთეს დონეზეც თავისუფლად ვითამაშებ".


მოლდოვიდან წამოსვლას კიდევ ერთი ქართველი აპირებს: ორი წლის წინათ 19 წლის გიორგი ჯაჭვაძე ატაკის "ნისტრუში" ჩაირიცხა.

გიორგი ცენტრალური ნახევარმცველია და საქართველოში პირველი ლიგის "ნორჩ დინამოში" ვალერი გაგუასთან თამაშობდა. მოლდოვაში კი ჯერ გუნდის დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა, წლეულს უკვე ძირითად გუნდში ვარჯიშობდა და დაწინაურების იმედი ჰქონდა, მაგრამ კლუბი დატოვა.

მიზეზი ისაა, რომ ატაკელები ქვეყნის უმაღლესი დივიზიონიდან გამოვარდნენ. ფეხბურთელის თქმით, კარიერის გაგრძელებას ისრაელში იმედოვნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაქარ მირცხულავას "ზიმბრუში" გატანილი პირველი გოლი "ჩამოაწერეს" [VIDEO]
ბაქარ მირცხულავა: შეცდომა იყო, "ბენფიკასთან" ხელშეკრულება რომ გადავხიე
ბაქარ მირცხულავა: ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, მატჩის შემდეგ მწვრთნელი რომ ბოდიშს მიხდის
ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული