ლეგიონი: გიორგი ჩიხრაძის მოგება, კახა ცხადაძის ფრე, ლაშა სალუქვაძის წითელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ დამოძღვრილი ბაქოს "ინტერი" 2 იანვრიდან თურქეთში შეკრებაზე იმყოფება.

აზერბაიჯანის ყველაზე ქართულმა კლუბმა პირველი საკონტროლო მატჩი 8 იანვარს თურქულ "ინეგელსფორთან" ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 4:1 გაიმარჯვა. 33 წლის ლაშა სალუქვაძე, 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და 27 წლის ბაჩანა ცხადაძე "ინტერის" ძირითადში იყვნენ, თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი, 32 წლის მიკელ ალვარო კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

ამ მატჩში თავი გამოიჩინა "ინტერის" ახალწვეულმა, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების გარემარბმა აფრან ისმაილოვმა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ამ
მატჩიდან მეორე დღეს კი "ინტერმა" მართლაც ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა: "ფეიენოორდის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 32 წლის რუბენ სხაკენი (ჰოლანდიის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული) დაიმატა.

13 იანვარს "ინტერმა" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ანტალიაში და დღესდღეობით III გერმანულ ბუნდესლიგაში მოასპარეზე "კოტბუსს" დაუპირისპირდა.

ეს აღმოსავლეთგერმანული კლუბი ახლო წარსულში პირველ ბუნდესლიგაშიც გამოდიოდა და იმის გარდა, რომ გრანდების "გამწარება" უყვარდა, იმითაც გამოირჩეოდა, რომ ძირითად აქცენტს აღმოსავლეთევროპელ ფეხბურთელებზე აკეთებდა (პიპლიცა, რადუ, კუჩუკოვიჩი, მირიუტა, იუსკოვიაკი). აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ სწორედ "კოტბუსია" გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის უსაყვარლესი კლუბი...

"ინტერისა" და "კოტბუსის" სპარინგ-შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. აზერბაიჯანული გუნდი მატჩის დასაწყისშივე ნიზამი გაჯიევის გოლით დაწინაურდა, თუმცა მე-20 წუთზე არბიტრმა ბაქოელთა გუნდის კარში პენალტი დანიშნა და "ინტერის" ქართველი მცველი ლაშა სალუქვაძე მოედნიდან გააძევა.

"კოტბუსმა" ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ "ინტერს" მაინც შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ აფრან ისმაილოვმა პენალტი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ "კოტბუსის" მთავარმა მწვრთნელმა შტეფან კრამერმა ხაზი გაუსვა მეტოქის კარგ თამაშს.

მომდენო სპარინგ-მატჩს "ინტერი" (ამჯერად უკვე მეორე შემადგენლობით) დღეს, 14 იანვარს ჩაატარებს ყაზახურ "ქაირათთან".

* * *
რაც შეეხება კიდევ ერთ აზერბაიჯანულ გუნდს, "სიმურგს", რომლის მთავარი მწვრთნელიც გიორგი ჩიხრაძე გახლავთ, ზაქათალელებმა თურქულ შეკრებაზე თავიანთი პირველი მატჩი გუშინ ჩაატარეს და ყაზახურ "შახტიორს" (ყარაგანდა) 3:1 მოუგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული