თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა", რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პირველ ივნისამდე უნდა უთავკაცოს, 20 იანვარს მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა "ინტერმა" მანამდე სამი სპარინგი მოიგო (თურქულ "ინეგოლსფორთან" - 4:1, ყაზახურ "ქაირათთან" - 3:1, თურქულ "ქასიმფაშასთან" - 3:1), ერთი კი ფრედ დაამთავრა (გერმანულ "კოტბუსთან" - 1:1).
"ინტერის" ბოლო მეტოქე უკრაინის ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, ხარკოვის "მეტალისტი" იყო. ანგარიში უკრაინელებმა 25-ე
ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და "ინტერი"-"მეტალისტის" საკონტროლო მატჩიც, საბოლოოდ, ფრედ დასრულდა.
"ინტერის" ძირითადში იყვნენ 35 წლის გიორგი ლომაია (რომელმაც გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა სათამაშოდ) და 33 წლის ლაშა სალუქვაძე. რაც შეეხება ამ გუნდის კიდევ ორ ქართველ ლეგიონერს, 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილსა და 27 წლის ბაჩანა ცხადაძეს, ამ სპარინგ-მატჩში ტრავმების გამო არ უთამაშიათ.
შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილი "ქასიმფაშასთან" წინა საკონტროლო შეხვედრაში დაშავდა და, სავარაუდოდ, ერთი თვე გაუცდება. ასევე ანტალიურ შეკრებაზე მიიღო ტრავმა ბაჩანა ცხადაძემ, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ "ინტერის" ქართველმა ფორვარდმა 23 იანვარს დაგეგმილ ბოლო საკონტროლო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
ამის მერე "ინტერი" აზერბაიჯანში დაბრუნდება და უკვე ბაქოში გააგრძელებს მზადებას იქაური პრემიერლიგის მეორე ეტაპისათვის, რომელიც 30 იანვარს განახლდება.
აქვე, ორი სავარაუდო ტრანსფერის შესახებაც: "ინტერის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველის, პარაგვაელი დერლის მეზა კოლის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული შოთა არველაძის "ქასიმფაშა"; ხოლო კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი, 19 წლის ჯოშგუნ დინიევი კი, როგორც აზერბაიჯანული სპორტული მედია იუწყება, ჰოლანდიური "ვიტესის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"