თბილისის "დინამო": ეს ტურნირი არის საჩუქარი გულშემატკივრისთვის!

AutoSharing Option
დღეს, 19 აპრილს, თბილისის "დინამოს" აკადემიაში კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ, აკადემიის დირექტორმა არჩილ კეკელიამ და თბილისის მერიის წარმომადგენელმა ირაკლი გვილავამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

- ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: ნახე ევროპული ფეხბურთის მომავალი! [VIDEO]

პრესკონფერენცია ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს მიეძღვნა, რომელშიც 2001 წელს დაბადებულთა გუნდები ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ წელს ტურნირი 20-დან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება და მასში "დინამოს" გარდა, 7 კლუბის ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: მილანის "ინტერის", "გაბალას", "გენტის", "ალკმაარის", ზაგრების "დინამოს", "ტრაბზონსფორისა" და კიევის "დინამოს".

Sportall.Ge

ლევან სალუქვაძე:
"ხვალ ვიტალი დარასელიას სახელობის მორიგი ტურნირი იწყება. იცით, რომ ჩვენთან ძლიერი კლუბები ჩამოვიდნენ. დასაფასებელი და სასიამოვნოა, რომ საქართველოში ასეთი დონის ტურნირი ტარდება, თანაც, ამ ასაკში. გვაქვს შანსი, ვნახოთ, თუ რა დონეზე არიან ევროპული კლუბები ამ ასაკში.

ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ძალებს არ იშურებს იმისთვის, რომ ეს ტურნირი არსებობდეს. კი, კარგია საქართველოს ჩემპიონატი, სათასო მატჩები, მაგრამ თუ ასეთ კლუბებთან არ ვითამაშეთ, ვერ განვვითარდებით.

ჩვენი მთავარი პარტნიორი თბილისის მერიაა, რომელსაც თანამშრომლობისთვის დიდ მადლობას ვუხდით. ასევე მადლობა მედიის წარმომადგენლებს და მინდა გთხოვოთ, რომ ტურნირი ყოველდღიურ რეჟიმში გააშუქოთ. ამ ფეხბურთელებისთვის ნებისმიერ სტატიას დიდი მნიშვნელობა ექნება, მათვის ეს ერთგვარი სტიმულია. გაშუქების მხრივ მხარდაჭერა სჭირდება რომან ფიფიასაც, რომელიც ამხელა თანხებს ხარჯავს. შესაძლოა, მომავალში მან კიდევ ერთი ტურნირი დააარსოს. აქვს ამის იდეაც.

ტურნირი აკადემიის ტერიტორიაზე ჩატარდება. გვსურდა, ნახევარფინალები "დინამო არენაზე" ჩაგვეტარებინა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "საბურთალოსთან" მატჩი 23 რიცხვში დაგვინიშნა და შეუძლებელია, ის მოედანი სამი დღე დავტვირთოთ. ფინალი "დინამო არენაზე" იქნება და მას "სილქ უნივერსალი" გააშუქებს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, "დინამომ" სერიოზულ ტურნირზე ითამაშოს. შეგვეძლო 3-4 ქართული კლუბის მოწვევაც, მაგრამ მათ ისედაც ხშირად ვეთამაშებით. "ინტერთან", "გენტთან" ერთი თამაში უფრო მეტს შესძენს ჩვენს გუნდს, ვიდრე ქართულ კლუბთან...

ცნობილი ამბავია, რომ ამსტერდამის "აიაქსის" აკადემია ძალიან ძლიერია. "აიაქსის" აკადემიას "ალკმაარმა" 6:2 მოუგო და ჩემპიონი გახდა. ჩვენ შარშან სწორედ ამ უძლიერეს "ალკმაართან" დავთმეთ ფინალი. შარშან გვინდოდა, ტურნირის პროპაგანდა მოგვეხდინა. ალბათ გახსოვთ, ფინალში, მე-10 წუთზე მსაჯმა მოედნიდან "ალკმაარის" ფეხბურთელი გააძევა, მაგრამ ის მოედანზე რომან ფიფიამ დააბრუნა. ვიღაცა იფიქრებდა, აი, ქართველები ატარებენ ტურნირს და ყველაფერს თავის სასარგებლოდ აკეთებენო. ჩვენ ასეთი საუბრები თავიდან ავირიდეთ.

გუნდმა ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მატჩში მოსაგებად უნდა ითამაშოს. "ალკმაარი" ტურნირის გამარჯვებულია და ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისევ. უფრო მეტსაც გეტყვით: ტურნირის თარიღი "ალკმაართან" შევათანხმეთ. ზაგრების "დინამოსთან" კარგი ურთიერთობა გვაქვს. კიევის "დინამო" ჩვენი ძველი მეტოქეა, "ტრაბზონთან" და "გაბალასთან" მიმართებაში რეგიონალური პრინციპი დავიცავით.

გვინდოდა, იტალიური კლუბიც ყოფილიყო და იქ ყველაზე კარგი მოგონება "ინტერთან" გვაქვს. იტალიელებს დავით ყიფიანი ვუხსენეთ და ის "ულვაშებიანი ჯადოქარი" გვახსოვსო...

"გენტს" ბელგიაში საუკეთესო აკადემია აქვს. ისე მოხდა, რომ მათ ჩვენი ტურნირის შესახებ "ალკმაარისგან" შეიტყვეს და თავად გვთხოვეს, ეგებ ჩვენც დაგვპატიჟოთო.

იყო სურვილი ესპანური კლუბის მოწვევისაც და გვინდოდა, მადრიდის "ატლეტიკო" ჩამოსულიყო, მაგრამ ვადებში იყო პრობლემა და თან, გარანტიაც არ გვქონდა, რომ პირველი გუნდით ჩამოვიდოდნენ.

ეს ტურნირი არის საჩუქარი გულშემატკივრისთვის".

არჩილ კეკელია:
"მსგავსი ტურნირი არა მხოლოდ დიდ სამუშაოსთან, არამედ დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. საერთო თანხებმა 100 000 დოლარს გადააჭარბა.

დღეს დილას ერთდროულად ზაგრების "დინამო", "ინტერი" და "ალკმაარი" ჩამოვიდნენ. "ტრაბზონს" საბაჟოზე პრობლემები შეექმნა და იგვიანებს. ველოდებით კიევის "დინამოს", "გაბალას"...

ინფრასტრუქტურა მთლიანად მზად არის. გახსნა შარშანდელის მსგავსი იქნება - მუსიკოსების მსვლელობა, სიტყვით გამოსვლა. ეს ყველაფერი დაახლოებით 15-20 წუთს გასტანს.

კლუბის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სტუმრებმა აუცილებლად უნდა დაათვალიერონ თბილისი. ამიტომ ქალაქში ექსკურსიაც გვაქვს დაგეგმილი. მარშრუტი ზუსტდება. 23 აპრილი დასვენების დღეა და მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ".

ირაკლი გვილავა:
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს. მადლობა "დინამოს". მსგავს ტურნირში პირველად არ ვართ, გვაქვს გამოცდილება. ასეთ  ტურნირებს აუცილებლად გვერდში დავუდგებით. წარმატებები კლუბებს".

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 2017
A ჯგუფი
დინამო (თბ)
ინტერი
გაბალა
გენტი

B ჯგუფი
ალკმაარი
დინამო (ზ)
ტრაბზონსფორი
დინამო (კ)

20 აპრილი
12:00 გახსნის ცერემონილი

14:00 დინამო (თბ)-გენტი
16:00 ინტერი-გაბალა
18:00 ალკმაარი-დინამო (კ)
20:00 დინამო (ზ)-ტრაბზონსფორი

21 აპრილი
12:00 ტრაბზონსფორი-ალკმაარი
14:00 დინამო (კ)-დინამო (ზ)
16:00 გაბალა-დინამო (თბ)
18:00 გენტი-მილანი

22 აპრილი
12:00 გაბალა-გენტი
14:00 დინამო (თბ)-ინტერი
16:00 ალკმაარი-დინამო (ზ)
18:00 ტრაბზონსფორი-დინამო (კ)

24 აპრილი
ნახევარფინალები

25 აპრილი
ფინალი

მატჩების ხანგრძლივობაა 70 წუთი (2X35), შესვენება 10 წუთი. ფინალური მატჩი (25 აპრილი) 80-წუთიანია (2X40). შესვენება 15 წუთი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული