ბუცები ლურსმანზე - ზურაბ ხიზანიშვილი ფეხბურთიდან წავიდა და... ფეხბურთში დარჩა

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილმა აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. სადაც კი უთამაშია ("დინამო", "ლოკომოტივი", "დანდი", "რეინჯერსი", "ბლექბერნი", "ნიუკასლი", "რედინგი", "ქაისერი", "სამტრედია", ბაქოს "ინტერი"), 35 წლის ვეტერანს ყველგან სამაგალითო პროფესიონალისა და კარგი ფეხბურთელის სახელი დაუტოვებია.

ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა. 93 მატჩი და 1 გოლი - ასეთია მისი მონაგარი.

გადაწყვეტილი ამბავია: ხიზანიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტი იქნება. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ზურაბს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. ის ინტელექტუალური ფეხბურთელი იყო და ასეთებს, როგორც წესი, მწვრთნელობა კარგად გამოსდით ხოლმე.

შემთხვევითი არ არის, რომ გეგუჩაძემ თავადაც მოისურვა ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობა.

დანამდვილებით ვიცით, რომ ჯერ კიდევ აქტიური ფეხბურთელობისას ხიზანიშვილი სხვადასხვა მწვრთნელის მუშაობას დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მისთვის საინტერესო ნიუანსებს ინიშნავდა... ჩანს, სამწვრთნელო საქმიანობაზე თავიდანვე სერიოზულად ფიქრობდა...

ფეხბურთში დრო ძალიან სწრაფად გადის. თითქოს გუშინ იყო, საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, იოჰან ბოსკამპმა, ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ორ თინეიჯერს - ზურაბ ხიზანიშვილსა და ოთარ ხიზანეიშვილს რომ მისცა.

ეს შორეულ 1999-ში მოხდა. მას შემდეგ ზურაბმა წლების განმავლობაში ღირსეულად ატარა ეროვნული გუნდის მაისურა. იყო პერიოდიც, როცა მას აღარ იძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ მოდით, ახლა იმ დროს ნუღარ გავიხსენებთ...

კარიერის საუკეთესო წლები ხიზანიშვილმა "დანდიში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში" გაატარა. საქართველოს ნაკრებში მის მიერ ჩატარებული 93 შეხვედრიდან იყო შესანიშნავი მატჩებიც, რომლებიც დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივია - ფეხბურთელის კარიერაში სხვანაირად არ ხდება. რაც მთავარია, "ხიზანა" პირნათელია ქართველი გულშემატკივრის წინაშე.

სულ მალე ხიზანიშვილი B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას აიღებს და ოფიციალურად ჩაებმება "უმადური სპეციალობის" ფერხულში, სადაც წარმატებას ვუსურვებთ.

არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ხიზანიშვილს ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე არ დაიკარგოს. მან ხომ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან იმუშავა, ისინი კი სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და მენტალიტეტის, სხვადასხვა სათამაშო სტილის სპეციალისტები იყვნენ. ეჭვი არ გვეპარება, "ხიზანა" მათგან საუკეთესო თვისებებს გაითავისებდა. პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც, არა გვგონია, ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუჭირდეს.

მოკლედ, დასრულდა შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა, მაგრამ არც დასრულდება. პირიქით, იწყება ახალი და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ეტაპი. ამჯერად, სამწვრთნელო ასპარეზზე...

დოსიე
ზურაბ ხიზანიშვილი
დაიბადა 1981 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში
სათამაშო ამპლუა: მცველი

საკლუბო კარიერა
1998-99 დინამო თბ 2 (1)
1999-2000 ნორჩი დინამ. 9 (0)
2000-01 ლოკომოტივი თბ 16 (1)
2001-03 დანდი 43 (0)
2003-06 რეინჯერსი 42 (0)
2005-06 ბლექბერნი (იჯ) 26 (1)
2006-11 ბლექბერნი 36 (0)
2009 ნიუკასლი (იჯ) 7 (0)
2010 რედინგი (იჯ) 15 (0)
2010-11 რედინგი (იჯ) 22 (0)
2011-14 ქაისერისფორი 71 (1)
2014 დინამო თბ 4 (0)
2015 სამტრედია 14 (1)
2015-17 ინტერი ბ 41 (5)

სანაკრებო კარიერა
1996-97 საქართველო U17 9 (1)
1998 საქართველო U19 8 (0)
1999-2000 საქართველო U21 3 (1)
1999-15 საქართველო 93 (1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს და ფეხბურთელს ვულოცავ დღევანდელ დღეს 13 მაისს, ზურას მამის, ასევე გუშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელის ნოდარ ხიზანიშვილის თამადობით.
gizog
11:06 13-05-2017
0
გაიხარე ზურა, ცხოვრების მეორე ეტაპიც ასევე წარმატებულად გაგატარებინოს ღმერთმა პირად ცხოვრაბაშიც და სამწვრთნელო საქმიანობაშიც.
gizog
10:59 13-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული