კახა ჩხეტიანი: კი ბატონო, გვლანძღეთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა სლოვაკურ "ტრენჩინთან" ევროპალიგის პირველ თამაშზეც ილაპარაკა, ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც და საპასუხო შეხვედრაზეც...

- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]

..."ასეთი ანგარიშით მარცხს არ ველოდი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მე პასუხისმგებლობას თავს არ ვარიდებ, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ერთი დღე ვიმგზავრეთ, დილის ხუთის ნახევარზე წასულები, სლოვაკეთში საღამოს 8 საათისთვის ჩავედით, ძალების აღსადგენად კი დღენახევარი საკმარისი არ აღმოჩნდა.

შესაძლოა, "ტრენჩინი" მაღალი დონის გუნდი არ არის, მაგრამ ფეხბურთში მცირე დეტალებიც ძალიან მნიშვნელოვანია... თამაში კარგად დავიწყეთ,
რაც ემოციებისა და დიდი მონდომების შედეგი იყო, მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა.

"ტრენჩინში" ქართველი გიორგი ბერიძე თამაშობდა, რომელმაც მატჩის შემდეგ არ დამალა - ვიცოდით, რომ ფიზიკურად გაგიჭირდებოდათო.

თურმე, სლოვაკების თეორიაზე ექიმმა "ტრენჩინის" მწვრთნელს უთხრა, ქართველებმა 18 საათი იმგზავრეს და 20 წუთის შემდეგ საკუთარ თავს ვერ იცნობენო. ასეც მოხდა - ზოგს თავბრუ ეხვეოდა და ზოგს ფეხები ჰქონდა დამძიმებული. საფარი ხელოვნური იყო და ამანაც იმოქმედა", - განაცხადა კახა ჩხეტიანმა "ტორპედოს" ვებგვერდთან ვიდეოინტერვიუში.

მისი თქმით, არის ვითარება, როცა ფეხბურთელების გაკრიტიკება გაუმართლებელია:

"კრიტიკა გულშემატკივრებისგანაც ისმის და ფეხბურთის მესვეურებისგანაც და მას პირადად მივიღებ, მაგრამ მარცხში ფეხბურთელებს ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღვით.

ჩამოსვლაშიც ერთი დღე დაგვჭირდა, შემდეგი ერთი დღეც დავისვენეთ და 2 ივლისს შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, სირცხვილი ვჭამეთ, მაგრამ 6 ივლისს საპასუხო შეხვედრაა და დარწმუნებული ვარ ბიჭებში, მათ ოსტატობასა და მონდომებაში. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფეხბურთზე, დარწმუნებული ვარ, ისინი მოედანზე იმ უიმედობას გააქარწყლებენ, რაც პირველი შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.

მადლობა გულშემატკივრებს - ლევან დანელიასა და მის გუნდს, რომელთაც "ტორპედო" ოჯახებზე მეტად უყვართ. ასეთი მარცხის შემდეგაც გვერდში დაგვიდგნენ. იმედი მაქვს, რომ 6 ივლისს ქუთაისის სტადიონი გადაიჭედება".

ჩხეტიანმა ევროპალიგაზე დანარჩენი ქართული გუნდების გამოსვლაზეც ილაპარაკა:

"ამ წაგებების შემდეგ კლუბების მიმართ კრიტიკა ისმის. ეს ბუნებრივია, მაგრამ დროა, ყველანი დავირაზმოთ, რათა ქართული ფეხბურთი სხვაგვარად განვითარდეს. უბრალოდ, მოდით და ნახეთ, სად ვარჯიშობენ "ტორპედო", ბათუმის "დინამო" და ევროპაში გასული სხვა გუნდები.

კრიტიკა უნდა მივიღოთ და ვიმეორებ, წაგებაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ ჩანს, რომ სხვა ქვეყნები 20-30 წლით წინ არიან. მიმაჩნია, რომ რეფორმას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ წამოიწყო, სახელმწიფომ კვლავაც უნდა დაუჭიროს მხარი. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას, რაც კლუბებისთვის აუცილებელია. სხვაგვარად, ყოველ წელს ერთი და იგივე გამეორდება.

კი ბატონო, გვლანძღეთ გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს. ფეხბურთის განვითარებას დიდი დრო და ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება, რაც სახელმწიფოს გარეშე წარმოუდგენელია. დღეს კი საქართველო იმ პოზიციაზე იმყოფება, რაც ჩვენი ფეხბურთის პოტენციალს არ შეეფერება".

ჩხეტიანმა კომენტარი სოსო ფრუიძის განცხადებაზეც გააკეთა, თითქოს, "ჩიხურას" მოთამაშეთა გადაბირებას "ტორპედოც" ცდილობდა:

- სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამო" ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა
- სოსო ფრუიძე: აი, რომ იტყვიან, კლასი ბიძია, კლასიო, ეგ არის

"ასეთი ფაქტი არ მომხდარა. შესაძლოა, მე რომელიმე მოთამაშის დამატების სურვილი მაქვს, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან მატჩამდე ფეხბურთელის კონცენტრაციის გაფანტვას არ ვეცდებოდით, რადგან ეს უმსგავსო საქციელია. იმიტომაც, რომ ყველა ქართულ გუნდს ვგულშემატკივრობთ და ჩვენი მხრიდან ასეთი საქციელი გამორიცხულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 40 /
რა აზრი აქვს წერას,კედელს ცერცვი შეაყარეოს-ს მსგავსია ეს სუყველაფერი
0
რატომ ხართ ხალხო ასეთი დაუნდობლები? თქვენ მარტო მოგება გახარებთ და მაშინ უდგებით გუნდს გვერდში. იცით რატომ გჯობიათ ევროპის ყველაზე დაბალი რანგის გუნდები? იმიტომ რომ მოგების და წაგებიოს დროს გულშემატკივარი გვერდში უდგას გუნდს. თქვენ კი ლანძღვის მეტი არაფერი შეგიძლიათ. როცა იგებდა ჩხეტიანი მაგარი იყო, ერთი თანმაში წააგო და მოთხარეთ ადამიანი. დამიჯერეთ, ასე არ შეიძლება. განა ან ფეხბურთელებს ან მწვრთნელს უნდოდათ წაგება? მათ ისედაც ეყოფათ ამხელა დარტყმა და თქვენ მაინც ნუღარ დაამატებთ. მოდით, ერთად ვუსურვოთ ამ გუნდს წარმატება და გვერდში დავუდგეთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული