TimeLine: კახა კალაძე და რომაელები

AutoSharing Option
რომულუსი, კასიუსი, სტრაბონი, პომპეუსი, ციცერონი... ეს ხალხი 2 ათასი წლის წინათ რომაულ სამყაროში ისეთივე ცნობილები იყვნენ, როგორიც დღეს არიან საფეხბურთო სამყაროში მალდინი, ინძაგი, ტონი, კანავარო, ვიერი...

ქართველები ცნობადი სახეების სიმრავლით აპენინელებს ვერც ძველ დროში გავეჯიბრებოდით და ვერც ახლა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბის ქართველებით მაინც შეგვეძლო დაგვეტრაბახა და ახლაც შეგვიძლია.

ჩვენი წელთაღრიცხვის 144 წელს ფარსმან II-ის ძეგლი რომის იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა მარსის მოედანზე აღმართა. როგორც ყველა ქართველი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ფარსმანი ჯირითის შემდეგ რომის იმპერატორს საქართველოშიც დაპატიჟებდა, მაგრამ ისტორიული წყაროები არაფერს ამბობენ, ჩამოვიდა
თუ არა ანტონიუს პიუსი იბერიაში.

რადგან არსად წერია, ე.ი. არც ჩამოსულა, თორემ ჟამთააღმწერლები და "პაპარაცები" მის კავკასიურ ვოიაჟს აუცილებლად დააფიქსირებდნენ.

სამაგიეროდ, ასეულობით წლის შემდეგ ჩვენი შთამომავლები ამოქექავენ ისტორიულ დოკუმენტებს, ეგებ გაზეთ "ლელოს" არქივშიც ჩაძვრნენ და ამოიკითხონ: ჩვენი წელთაღრიცხვის XXI საუკუნეში ქართველი კახი IV ჩავიდა იტალიაში.

მისთვის ძეგლი არ დაუდგამთ, მაგრამ მილანელებს ევროპის დასაპყრობად წამოწყებულ საკლუბო ლაშქრობაში ეხმარებოდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. როგორც ყველა ქართველმა, კახი კალაძემაც საქართველოში ჩამოიპატიჟა რომაელი მეგობრები და 2013 წლის 31 მაისს ქართულ "კოლიზეუმში", "დინამო-არენაზე" საინტერესო შოუ (გლეხურ ენაზე, წარმოდგენა) მოაწყო.

როგორ ფიქრობთ, რას იტყოდნენ ძველი რომაელები, საქართველოში მალდინის და მისი მეგობრების ჩამოსვლის შესახებ რომ გაეგოთ? პომპეუსი ამაყად იტყოდა - შთამომავლები ჩემ მიერ გათელილ ბილიკს მიუყვებიანო; ციცერონი გაიღიმება - აკი ვამბობდი, ადრე თუ გვიან გლობალიზაციის ეპოქა დადგება-მეთქი...

...და რას იტყოდნენ ფეხბურთელები, მალდინი, ბა, ბობანი, შევჩენკო, ბარეზი, 2 ათასი წლის წინათ რომ გადაწყვეტილიყო მათი იბერიაში ჩამოსვლა? თქვენც გაინტერესებთ? გგონიათ რთული წარმოსადგენია?

2 ათასი წლის წინათ
პაოლო მალდინი, პირველ რიგში, თავის უფროს მეგობარ ფრანკო ბარეზის ორსართულიანი სახლის ბანიდან გადასძახებდა:
- ბარეზიუს, იცოდი, პონტოს ზღვის გადაღმა, კოლხეთში ოქროს საწმისებს რომ ამზადებენ?
- შენ საიდან იცი? - ჰკითხავდა ბარეზი და ტუნიკას მხარზე გადაიგდებდა.
- სტრაბონმა "დაპოსტა" "ფეისბუქზე". კოლხეთის ხსენებისას ყველგან "ოქრომრავალს" წერს. შევიაროთ კოლხეთში, ხელს გავაყოლოთ ოქროს საწმისი და ჩვენს მეგობარ კახი IV-სთან იბერიაში გადავიდეთ.
- საწმისს ისე არავინ გაგვატანს, ლეგიონი უნდა შევკრიბოთ, დაქირავებული არმიაც დაგვჭირდება, - შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა ფრანკო ბარეზიუსმა.
- ხომალდით რუი კოშტა და ფერნანდო კოუტუ მოდიან, პლანეტის ჯერ აღმოუჩენელი წერტილიდან სერჟინიო მოჰყავთ, ნეაპოლში ჩვენ შევუერთდებით, ადრიატიკის ზღვაში ზვონიმირ ბობანს შევუვლით და კოლხეთისკენ დავიძრებით. მთავარია, კატაპულტები არ დაგვავიწყდეს.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც "მილანისა" და იტალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველებმა განსაზღვრეს. ოღონდ პორტუგალიურმა კარაველამ ცოტა დაიგვიანა, რაც რომაელებს არ გაჰკვირვებიათ, რადგან კარგად მოეხსენებოდათ პორტუგალიელთა "პუნქტუალურობის" ამბავი.

ხომალდი ბოსფორის სრუტეს უახლოვდებოდა, როცა ერთი ნავი წამოეწია...

- მე არ მიგყავართ კალაძესთან? ოფსაიდში მტოვებთ?! - გაუწყრა თანამემამულეებს ფილიპო ინძაგი და კარაველაზე გადავიდა.

როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდნენ მეფე აიეტს რომიდან ჩასული ფეხბურთელები? პირველ რიგში, ოქროს საწმისს მოსთხოვდნენ:

- მეფეო, გვიბოძეთ ურჩხულის კბილები, ცეცხლისმფრქვეველი ხარებით მინდორს მოვხნავთ, კბილებს ჩავთესავთ და ამოსულ რკინის მეომრებს შევებრძოლებით. თუ გავიმარჯვებთ, ოქროს საწმისი გაგვატანეთ.
- რა კბილები, რის ხარები?! - გაიკვირვებდა აიეტი, - ათასი წლით დაგიგვიანდათ. ოქროს საწმისი იაზონმა საბერძნეთში წაიღო.
- ამ კომპიუტერიზაციამ მთლად აგვაბნია. მავანი სტრაბონის "ნიკნეიმით" დაწერეს, საქართველოში ოქრო მოიპოვებაო და არკვიე მერე, მართლა სტრაბონმა "დაპოსტა" თუ არა, - საუკუნეების გადაცდომა არ შეიმჩნია პაოლო მალდინიმ და განაგრძო:
- მეფეო, "გოოგლე მაპი" თუ გაქვთ?
- მაპი საქართველომ 2000 წლის შემდეგაც ვერ მიიღო და მე, აიეტს რას მთხოვ?
- მაშინ wikimapia.com-ზე შედით, რუკაზე ვნახოთ, რა მანძილია თბილისამდე, კალაძესთან არ დავაგვიანოთ.
- კალაძესთან? - კითხვა შეუბრუნა აიეტმა, - გეტყობათ, დროში მართლა "აბურდულხართ". რომაულ ეპოქაში საქართველოს დედაქალაქი თბილისი კი არა, მცხეთაა, თავისი განთქმული სალობიეთი - ბაქტრიელი ჩამოივლის აქლემით თუ მიდიელი სახედრით, თითო ლობიანი რომ არ შეუკვეთოს, მცხეთას ისე არ დატოვებს.
- სალობიეს ეგ ამბავი სტრაბონს თავის "გეოგრაფიაში" არ უწერია, - გაიღიმა მალდინიმ, - ან არ გაუსინჯავს, ან არ მოეწონა.
- როგორ გასინჯავდა, როცა ლობიო ევროპაში ამერიკიდან კოლუმბმა მეთხუთმეტე საუკუნეში შეიტანა?! - გაიღიმა ბრაზილიელმა სერჟინიომ.

მეფე აიეტი რომაულ საფეხბურთო ლეგიონს იბერიისკენ გაუძღვა. შორაპნის ციხეს რომ მიადგნენ, სტუმრებს თავდაცვისთვის ფარებით "კუს" შეკვრა მოუწიათ, რადგან ცა გახურებული შამფურების წვიმამ დააბნელა. ზედ კახური ღორის მწვადები იყო ასხმული... ისრების წვიმას რამდენიმე წამში ხინკლების სეტყვა მოჰყვა...

ასეთი ჟესტით მიეგება კახი კალაძე მეგობრებს. ქვევრის მოხსნის შემდეგ როგორ "იწვიმებდა", ამის განსაზღვრა თქვენთვის მოგვინდვია. ბევრი ინატრებდა კიდეც - ნეტავ ჩემპიონთა თასი ასეთი დიდი მოცულობისა არ გამოეჭედათ, ან ქართველებს განსხვავებულის დალევა არ სცოდნოდეთო.

წარმოდგენიდან რეალობაში გადმოვინაცვლოთ. დღეს 2013 წლის 31 მაისია, კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების დღე. არ ვიცით, მილანელები საფეხბურთო მატჩის შემდეგ ხინკალს გეახლებიან თუ მწვადს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - დღეს საფეხბურთო ვარსკვლავების წყალობით, მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი.

დიახ, დღესდღეობით ქვეყნის სახელის საერთაშორისო არენაზე გატანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სპორტია... ასე იყო უწინაც: ფარსმან ქველის ქანდაკება მარსის მოედანზე ხომ მას მერე დადგეს, რაც რომის იმპერატორი ქართველი მეფის ჯირითმა მოხიბლა.

ცხენოსნობა კი ოლიმპიურ თამაშებში რომაელებამდეც იყო და დღესაცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი 31 მაისს "დინამო არენაზე" გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოუთმენლად ველი ცხრის ნახევარს hia:))
Gurami
14:55 31-05-2013
0
მომენტ გამახსენდა ოქროს საწმისზე რაგაცეები :D
dato
14:43 31-05-2013
0

სიახლეები პოპულარული