რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე გოლგაუშვებელი სერია შეწყვიტა, თუმცა ისეთი ანგარიშით დამარცხდა, რომ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ვენის "რაპიდი" გერმანულ სტილში მოთამაშე გუნდს ჰგავდა, რომელმაც მეტოქეს აჯობა სისწრაფეში, აგრესიასა და, ალბათ, მონდომებაშიც. "რაპიდი" უფანტაზიო გუნდი აღმოჩნდა და ეს "დილას" შანსია საპასუხო შეხვედრაში.

22 აგვისტოს "დილამ" კარგად ვერ ითამაშა, ნაწილობრივ ალბათ იმიტომაც, რომ "რაპიდი" დანიურ "ოლბორგსა" და ხორვატულ "ჰაიდუკზე" უკეთესი გუნდია. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, "დილასგან" მეტს ველოდით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება ორმატჩიანია და ერთი ნახევარი კიდევ წინ არის.

Sportall.Ge"დილამ"
ისევ სამი სტოპერით ითამაშა და ამ სამეულში არ აღმოჩნდა ადგილი გულვერდ თომაშვილისთვის, რომელიც გიორგი დევდარიანმა საყრდენ ნახევარმცველად გადასწია.

ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მწვრთნელის პოზიცია გასაგებია - დევდარიანი უფრო გამოცდილ ფეხბურთელს ენდო, ვიდრე, მაგალითად, გიორგი აბურჯანიას ან ირაკლი მაისურაძეს.

პირველ ტაიმში "დილას" ნახევარდაცვამ საშინლად ითამაშა. გადაცემებში იმდენი წუნი იყო, რომ ავსტრიელებს ხშირად ეძლეოდათ მწვავე იერიშის წამოწყების შანსი. "დილას" მცველებსაც უჭირდათ ბურთის ამოტანა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "დილამ" ბურთზე კონტროლი ვერ მოახერხა - ხან პასი არ ვარგოდა, ხან კი ბურთი პირდაპირ მოწინააღმდეგესთან მიდიოდა.

"დილამ" ვერ ითამაშა მწყობრად, ვეღარ ვნახეთ ამ გუნდის საფირმო შეტევებიც მარჯვენა ფლანგიდან - ევროსარბიელზე რაც უფრო შორს მიდის ქართული გუნდი, მით უფრო ახსენებს თავს ის, რომ დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს.

არც "რაპიდი" გამოდგა დიდი ხვითო, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ინჩი-ბინჩი მაინც ეტყობოდა. საგოლე კომბინაციაც ისე სწრაფად და აგრესიულად გაშალა, რომ "დილა" უშანსოდ დატოვა. გაშვებული გოლი კი გრიგოლ დოლიძის გაცუდებულ მომენტს მოჰყვა - ოთარ ხიზანეიშვილის პასით დოლიძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მერე მცველი წამოეწია, კუთხეც დაიმახვილა და ოდენ კუთხურს გამორჩა. ნაკუთხურალზე კი ავსტრიელებმა განახორციელეს კიდეც საგოლე იერიში...

"დილას" ძალიან დაეტყო ირაკლი მოდებაძის არყოფნა. ამ ცენტრფორვარდს ბურთის მიღება, დამუშავება და შემაგრება კარგად ეხერხება, რითიც თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალებასაც აძლევს და შეტევაში გადმოსვლისასაც.

გიორგი ილურიძე "რაპიდის" მცველებთან ბრძოლაში არაერთხელ აღმოჩნდა გამარჯვებული, მაგრამ მის ჩუბინობას კარგი გაგრძელება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა.

მოკლე სკამი - ევროსარბიელზე ეს კიდევ უფრო მწვავედ ჩხვლეტს გუნდს. "დილასაც" ასე დაემართა. მეორე ტაიმში დევდარიანის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა თითქოს გამოაკეთა "დილას" მდგომარეობა, ბურთს ადვილად აღარ კარგავდა, თუმცა მწვავე შეტევები მაინც ვერ გამოსდიოდა.

ამასობაში ნუკრი რევიშვილს მოუწია რამდენიმე ძნელი ბურთის მოგერიება და "დილას" ოდენ ერთი გაშვებული გოლი აკმარა.

22 აგვისტოს "დილა" ავანტიურაზე არ წასულა, თითქოს შეეგუა მინიმალური ანგარიშით მარცხს. არც "რაპიდმა" გამოიდო დიდად თავი, ნამეტანი გაუფრთხილდა ერთბურთიან ფორას.

დევდარიანმა აღარ შეუშვა მოედანზე მიხაილ გორელიშვილი და კონსტანტინე გაბაშვილით სცადა შეტევაში რაღაცის შეცვლა. "დილამ" მეორე ტაიმში საგოლე მომენტი ვერ შექმნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც უნდა იყოს, "დილა" უიმედო სიტუაციაში ნამდვილად არ არის, დევდარიანის გუნდს რეალურად შეუძლია, რომ უკეთ ითამაშოს. "რაპიდი" იყო, ქართულ საკლუბო ფლაგმანს რამდენიმე წლის წინ ორი მატჩის ჯამში 8:0 რომ მოუგო და ძალიანაც ნუ დავაკნინებთ ახლანდელი "რაპიდის" შესაძლებლობებს...

მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი დევდარიანი: ვინაა უძლიერესი, თბილისში გამოჩნდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
საოცარია მაგრამ დილას რო უმართლებდა,მაგრამ ისე აქედიტ რომ მიკვირდა სხვა თამაშს ხომ უყურებდნენ მეთქი.თორე თამაშს რასაც თამაშობდა დილა გუშინდელ თამაშით არფრით განსხვავდებოდა.ერთ ნორმალურ პასაც ვერ აკეთებდნენ.ცენტრს ვერ ცდებოდნენ,საერთოდ რობოტებს ჰგავდნენ.მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა, სირცხვილია.და საერთოდ როგორც რაგბში ფეხბურთშიაც შეზღუდვები უნდა იყოს საქართველოსნაირ ქვეყნებისთვის.სირცხვილია ცენტრს ვერ ვ ცდერბოდნენ.როცა ქართულ ფეხბურთს ვუყურებ ოჯახში უსიამოვნება მეწყება.
gaga
12:09 23-08-2013
0
ცქიფო ჭკვიანი კაცი ხარ და მჯერავ შენი მაგრამ თომაშვილის პოზიცია საერთოდ გაუგებარი იყოო მეორე თამაშში ატამაშე სადაც თამაშობს, ეგ ყველაფერი უპასობა და ბევრი რამ გამოწვეული იყო ტაქტიკიდან რამაც არ გაამართლა. ღმერთო გადმოგვხედე და გაგვიმართლე
bibo
12:37 23-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული