რევაზ არველაძე: სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მეც მივიღებ!

AutoSharing Option
გაისად ათი წელი ხდება, რაც რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანია, 2015 წელს კი სფფ-ის პრეზიდენტობისთვისაც იბრძოლებს!

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჩვენთან ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა და არანაკლებ საინტერესო სხვა თემებზეც გვესაუბრა.

- ნოემბრის ბოლოს გვითხარით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება თემურ ქეცბაიასთან და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
- როგორც ვიცი, ზვიად სიჭინავა თემურ ქეცბაიასთან დარეკვას ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 16 დეკემბერს. - ავტ.) გეგმავს. სავარაუდოდ, ფედერაციის ხელმძღვანელები და ნაკრების მწვრთნელი დეკემბრის ბოლომდე შეხვდებიან და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. საქმე მოქმედ კონტრაქტთან გვაქვს,
თუმცა, შესაძლოა, ახალ პირობებზეც ვილაპარაკოთ.

- გამოდის, თემურ ქეცბაია დარჩება და არსებული ხელშეკრულებით გააგრძელებს მუშაობას ან... კონტრაქტი შეწყდება და კომპენსაციას გადაიხდით?
- საკითხი ასე კატეგორიულად არ დგას - დარჩეს თუ წავიდეს თემურ ქეცბაია. ფაქტია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ შესაძლოა, მის რომელიღაც პუნქტზე მოილაპარაკო, სხვაზე ვერა და ა.შ. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, მოლაპარაკება შედგება და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება.

- რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა მოიძიეს 2011 წელს გავრცელებული ინფორმაციები, სადაც აღნიშნულია, რომ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. ფედერაცია კი ამბობს, რომ ხელშეკრულება ოთხწლიანია და მასში არანაირი ოფცია არ არის ჩადებული.
- არ ვიცი, ვინ რა მოიძია, მაგრამ კონტრაქტის ფურცელში არანაირი 2+2 არ წერია! დეტალები არ მახსოვს, თუმცა, ხელშეკრულება ნამდვილად 2015 წლის სექტემბრამდეა გაფორმებული. უბრალოდ, პირველი ორი წელი ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად არის გამოყოფილი.

- თუ ხელშეკრულებაში არანაირი დამატებითი ოფცია არ არის ჩადებული და ვერაფერს შეცვლით, რაღაა სალაპარაკო ნაკრების მწვრთნელთან?! კონტრაქტი 2015 წლამდე ჰქონია და იმუშავებს კიდეც!
- კონტრაქტიან ხალხთან არ ლაპარაკობენ?! მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება.

- არ ფიქრობთ, რომ ფედერაციას მეტი მოეთხოვებოდა? ისე გამოვიდა, რომ ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელების კონფლიქტში, შემრიგებლის სტატუსით ჩარევის ნაცვლად, მაყურებლის როლით დაკმაყოფილდით.
- ეს დაპირისპირება თვეების განმავლობაში ხომ არ გაგრძელებულა, ერთმანეთის ნათქვამს გამოეხმაურნენ და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, თორემ შენიშვნების მიცემაზე ადვილი რა არის?!

- ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი მაინც მწვრთნელს მოეთხოვება...
- ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ გვაქვს თემურთან სალაპარაკო. კონტრაქტის პირობების შესრულება ორივე მხარის ვალდებულებაა, მაგრამ თუნდაც ეს კონფლიქტი, თამაშის ხარისხი ან ნაჩვენები შედეგი არ არის სალაპარაკო?! სალაპარაკო სულ არის - სეზონის წინაც, მისი მსვლელობის დროსაც და ბოლოსაც.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უცხოელ ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ ყოველთვის მზადაა, ქართველების სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობს. ეს სწორად მიგაჩნიათ?
- ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ უცხოელები არ უსვამენ ისეთ მწვავე შეკითხვებს, როგორსაც ქართველი ჟურნალისტები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ბუნებრივიც არის, რომ შეკითხვები აქ უფრო მძაფრია. თანაც, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრებს თემური ერთგვარად შემაჯამებელი ფორმატით ამჯობინებს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მასმედიასთან მწვრთნელის ურთიერთობა და ასეთი საკითხები, სამომავლოდ, კონტრაქტითაც დარეგულირდება!

- ეგ კი არა, მოქმედ კონტრაქტში ისიც კი არ წერია, რა ვალდებულება აქვს მწვრთნელს, ფედერაციას და ა.შ.
- სამწუხაროდ, ასეა. ზვიად სიჭინავამ თქვა კიდეც, რომ ეს კონტრაქტი სამთავრობო დონეზე იყო გადაწყვეტილი. ამის გამო, გარკვეულწილად, აკლია კიდეც პროფესიონალიზმი.

- სფფ-ის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო არველაძე კი, უკვე მეათე წელია, ფედერაციის მაღალჩინოსანია. რისი დამსახურებაა ეს?
- პირველ რიგში, იმის, რომ პირნათლად და პატიოსნად ვემსახურები ფეხბურთს, რომელიც ჩემი ცხოვრებაა. ჩემი საქმიანობა არ მოსწონთ? მე იმდენი რამ არ მომწონს, ყველაფერზე რომ ვილაპარაკო, გამოვა, რომ საქართველოში ფეხბურთი არავის სცოდნია.

- "ქართულ ფეხბურთს არველაძეები მართავენ" - ასეთი რამ არასდროს გსმენიათ?
- პირადად არავისგან მომისმენია, მათ კი, ვინც შორიდან ამტკიცებს ასეთ რაღაცებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. როცა არგუმენტებს მოისმენენ, არ მგონია, სალაპარაკო კიდევ დარჩეთ რამე.

ჩემთვის მთავარია, რომ უფლის, საკუთარი თავისა და ფეხბურთის წინაშე მართალი ვარ და ერთგულად ვემსახურები საქმეს, რომელიც კარგად ვიცი!

არველაძეები არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ ვყოფილვართ და ახლაც ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით. ფედერაციაშიც მხოლოდ მე ვმუშაობ.

- და არჩილ არველაძე...
- აჩიკო ფედერაციაში საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს და სფფ-ში ხელფასს საერთოდ არ იღებს! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფედერაციაში ფულის საშოვნელად ვართ, ამ მხრივაც გაწბილებული დარჩება!

- გეწყინათ, ზვიად სიჭინავამ რომ თქვა თქვენზე - "Ленин жил, Ленин – жив, Ленин – будет жить"?
- შესაძლოა, გარედან სხვაგვარად ჩანდეს, მაგრამ რაც ერთად ვმუშაობთ, მე და ზვიადი ძალიან დავმეგობრდით, ბევრ რამეში ანგარიშსაც ვუწევთ ერთმანეთს. ასე რომ, მის ნათქვამში იუმორის წილიც არის...

- ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკვე იყავით... რევაზ არველაძე 2015 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას?
- დიახ. ჩემი პრინციპია - არასდროს არაფერს ვაკეთებ იმის წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ! ამას კონფორმიზმად ნუ ჩამითვლით, ეს ადამიანური პოზიციაა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი!

არ მიყვარს ხალხი, ვინც შინაურსა და გარეულს ვერ არჩევს და სხვების წინ გადახტომით არის დაკავებული. ფეხბურთის ფედერაცია წარმატებით მუშაობს, მაგრამ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მეც მივიღებ.

- ფეხბურთის ფედერაცია წარმატებით მუშაობსო... თუ ასეა, რატომ ჰყავს ამდენი კრიტიკოსი?
- ის ხალხი, ვინც გვაკრიტიკებს, დარწმუნებულია, რომ ყველაზე კარგად ერკვევა ფეხბურთში, რომ საქმეს სხვაზე უკეთ გააკეთებს. არადა, კარგი იქნებოდა, მათი კრიტიკა უფრო ჯანსაღი, უფრო საგნობრივი ყოფილიყო, კონკრეტულად ეთქვათ, რა შენიშვნები აქვთ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯაო. ამდენი არ დახარჯულა, მაგრამ რომც დახარჯულიყო, დაახლოებით, 40 მილიონ ევროზეა ლაპარაკი და წელიწადში 4 მილიონი ევროა სალაპარაკო?! იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ხშირად ფეხბურთის ფედერაცია დაკავებულია საქმით, რომელიც მისი გასაკეთებელი არ არის? ლაპარაკია სხვადასხვა ქალაქში საფეხბურთო მოედნების მოწყობაზე, სადრენაჟო სისტემების გამოცვლაზე, სარემონტო სამუშაოებზე და ა.შ.

გასაგებია, რომ პირველ ნაკრებს პრობლემები აქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატი უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ხომ ყველა ხედავს, რომ ნაკრებ გუნდებს მზადებისა და თამაშისთვის კარგი პირობები აქვთ, რომ ვალების ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაციას აქტივები აქვს და გამართულად მუშაობს. ეს თუ არაფერი არ არის, აღარ ყოფილა საშველი. ალბათ, ფედერაცია იმაშია "დამნაშავე", უფრო კატეგორიული რომ არ არის, მეტს არ ითხოვს ლიცენზირებისა და შედეგების მხრივ და ა.შ.

- და რატომ არ ითხოვს?
- იმიტომ, რომ ყველას დავეხმარეთ, ბევრ რამეზე დავხუჭეთ თვალი, ყველას მივეცით შანსი. ფაქტია, რომ ამდენი დათმობით ბევრს დათვური სამსახური გავუწიეთ.

- უკვე გადაწყვეტილია, რა თანხას მიიღებს 2014 წელს სახელმწიფოსგან ფეხბურთის ფედერაცია?
- ფეხბურთში - მუნიციპალურ სკოლებში, კლუბებში, პირველ და მეორე ლიგაში და ა.შ. - სახელმწიფოს მონაწილეობის წილი ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება ფედერაციას, რასაკვირველია, სახელმწიფო გააგრძელებს დახმარებას. ოდენობა შეიძლება გაიზარდოს; ყოველ შემთხვევაში, რაც იყო, ანუ 7 მილიონზე ნაკლები არ იქნება.

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:
დიპლომატიის დაკარგული ტალანტი - რევაზ არველაძე სფფ-ის პრეზიდენტად?
რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ, ეს არველაძეებმი ვერ გაძღნენ!!!
irakli
14:46 18-12-2013
0
ოღონდ ეს არ მოვიდეს ტოო ; (( იგივე ადგისლ დავტკეპნიტ ისევ აუ ეს ხო ვერ წავიდა თავისი ფეხიტ სანამ არ გაუშვებენ არ გაჩერდება რა ; )) ყაველაშვილი უდნა გახდეს პრეზიდენტი ; )))
aleksa
14:24 18-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული