ოთხი ოპერაცია და გადანერგილი მუხლი - ინტერვიუ არჩილ არველაძესთან

AutoSharing Option
ის ფეხბურთელი იყო, ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების უნარი რომ გააჩნდა, ასეთები კი იშვიათობას წარმოადგნენ. ის ლამაზად თამაშობდა, იყო ტექნიკური და ფეთქებადი, გოლის გატანაც შეეძლო და იერიშის გამწვავებაც.

ტყუპები: აჩი და შოთა მართლაც უხდებოდნენ თბილისის "დინამოს", საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თურქულ "ტრაბზონსფორს"...
შოთას კარიერა უფრო წარმატებული გამოდგა, ალბათ იმიტომაც, რომ უფრო მედეგი გამოდგა ტრავმებისადმი.

არჩილმა, მიუხედავად ტრავმებისა, ცოტას როდი მიაღწია, კარიერა ბუნდესლიგაში თამაშით დაასრულა.

ტყუპისცალს აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ, ინტერვიუ კი ნაკრებით დავიწყეთ - არჩილ არველაძე ხომ ახლა ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს სპორტულ დირექტორად...

- ახლა
საქართველოს ნაკრებში, და საერთოდ, ფეხბურთში, სხვა ვითარებაა, ვიდრე მაშინ, როცა თქვენ თამაშობდით. ფული სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და, შესაბამისად, თაობაც სხვანაირია...

- ისეთი დრო დადგა, რომ ახლა უფრო მეტია ცდუნება, მეტია იმის სურვილი, რომ ფეხბურთელმა საკუთარი პროფესიით იშოვოს ფული და ამის გამო ვერც გავამტყუნებთ. ფეხბურთს მიღმა მათ მეტი მოთხოვნილებები აქვთ. მთავარია, ეს ყველაფერი რაღაც ჩარჩოში მოაქციონ. როცა მე ვიყავი ფეხბურთელი, ასე ვცხოვრობდი - ჯერ ფეხბურთი, მერე სხვა ყველაფერი. ახლა კი საკითხი ასე დგას - ყველაფერთან ერთად ფეხბურთიც. საქართველოში ეს განსაკუთრებულად რთულია, რადგან უკიდურესობებთან გვაქვს საქმე.

- მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციაში სპორტულ დირექტორად დაინიშნეთ, ეროვნულ ნაკრებშიც გიწევთ მუშაობა. როგორ ფიქრობთ, ახერხებთ თემურ ქეცბაიას დახმარებას?
- ჩვენი ურთიერთობა გამომდინარეობს ნდობიდან. როცა არის ნდობა, არის დახმარების სურვილიც. ნაკრების გაწვრთნაში ქეცბაიას ჩემი დახმარება ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო და მინდა, ყოველთვის ჰქონდეს ჩემი იმედი.

Sportall.Ge

- ურთიერთობა ფეხბურთელებთან - სპორტული დირექტორის როლი ამაში, ალბათ, ერთობ მნიშვნელოვანია...
- ვფიქრობ, ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობაში გარკვეულ როლს ვთამაშობ. ამას, ალბათ, ყველა ფეხბურთელი ხედავს. ნაკრებში ურთიერთობის თემა შეიცვალა. ახლა სულ სხვა სიტუაციაა.

- ახლახან არ იყო ალექსანდრე ამისულაშვილისა და ზურაბ ხიზანიშვილის სკანდალური ინტერვიუები?
- ეს პრობლემა მანამდე არსებობდა, სანამ სპორტულ დირექტორად დავინიშნებოდი, უბრალოდ, ხიზანიშვილთან და ამისულაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია მოგვიანებით გახმაურდა.

- როცა თქვენი თაობა თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, მაშინ როგორი იყო ურთიერთობა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის?
- თუ იყო უკმაყოფილება, მხოლოდ იმის გამო, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს თამაში არ უწევდა. და თუ იყო უთანხმოება, ის გარეთ არ გამოდიოდა, შიდა სამზარეულოში რჩებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებდა, ერთიანი სულისკვეთება გვქონდა.

- საქართველოს ნაკრებს ყოველთვის უჭირდა გადამწყვეტი მატჩის მოგება. როგორც კი შესარჩევის ჯგუფიდან გასვლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდოდა, ჩვენი მთავარი გუნდი ხელმოცარული რჩებოდა. თუ ერთიანი სულისკვეთება იყო, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ეს რატომ ემართებოდა?
- რუმინეთთან თბილისში გამართული მატჩი მახსენებდა, 0:2 რომ წავაგეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ რუმინეთს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავდა. ფეხბურთელებსა და ნაკრების მწვრთნელებს არ გვქონდა ასეთი მატჩების მოგების გამოცდილება. რაც უნდა ცუდი დროება ჰქონდეთ "ჩელსის" თუ "მილანს", გადამწყვეტი მატჩისთვის კონცენტრირებას მაინც ახერხებენ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში ასე არ იყო.

Sportall.Ge

- რუმინეთთან იმ მატჩში არ გითამაშიათ, სათადარიგო იყავით. ეს, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნებოდა თქვენთვის...
- ვერ გეტყვით, რატომ არ ვითამაშე რუმინეთთან. თამაშის წინ დავით ყიფიანმა მითხრა, ითამაშებო, მაგრამ არ მათამაშა. ყიფიანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მოედნის გარეთ ვმეგობრობდით კიდეც... რუმინეთთან რომ არ ვითამაშე, მართლა ძალიან განვიცადე.

- სპორტსმენის კარიერაში გამართლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმდენი რთული ტრავმა გადაიტანეთ, ვერ ვიტყვით, რომ იღბალი გწყალობდათ...
- გამართლებას ორი მხარე აქვს. მიუხედავად მძიმე ტრავმებისა, მაინც მოვახერხე რაღაც, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გამო, ძალიან გამიჭირდა ფეხბურთელობა. როგორც უნდა იყოს, ეროვნულ ნაკრებში 10 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ჩემს თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვიყავი...

- ტრავმიანობა ადრიანად დაგეწყოთ. როგორ უმკლავდებოდით ასეთ სირთულეებს?
- პირველი სერიოზული ტრავმა მაშინ მივიღე, როცა 15 წლის ვიყავი - მოტოციკლი მომიცურდა, ფეხი საჭეს მივარტყი და მუხლის ჯვარედინი იოგები გავიწყვიტე. ერთი წელიწადი მოვანდომეთ იმას, რომ გერმანიაში წავსულიყავი ოპერაციის გასაკეთებლად. მაშინ ეს საკმაოდ ძნელი იყო.

ოპერაციიდან წლინახევრის მერე დავუბრუნდი მოედანს, 18 წლისა უკვე თბილისის "დინამოში" ვიყავი, ერთი წლის შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებშიც მიმიწვიეს. მეორე მძიმე ტრავმა "ტრაბზონსფორში" თამაშის დროს მივიღე - იმავე მარჯვენა მუხლზე ხელახლა გამიწყდა იოგები და შვიდ თვეზე მეტხანს მოვუნდი სარეაბილიტაციო პროცესს.

მანამდე, 1993 წელს, ფეხის თითი მოვიტეხე, ოპერაცია დამჭირდა და ოთხი თვე გამიცდა. 1996 წელს ისევ გამიწყდა ჯვარედინი იოგები და როგორც კი გამოვჯანმრთელდი, 1997 წელს ჰოლანდიურ "ბრედაში" გადავედი. მარჯვენა მუხლზე მყესების დასამაგრებლად ოთხი პლატინის ჭანჭიკი მაქვს...

- "გლაზგო რეინჯერსშიც" უნდა გეთამაშათ. რატომ არ გამოვიდა ეს ტრანსფერი?
- დიკ ადვოკაატს უნდოდა ჩემი აყვანა, წინასწარ კონტრაქტსაც მოვაწერე ხელი. "რეინჯერსი" 4,5 მილიონ ფუნტს უხდიდა "ბრედას", მაგრამ ჰოლანდიელებმა 7,5 მილიონი მოითხოვეს და ტრანსფერიც არ გამოვიდა. დავრჩი "ბრედაში", მუხლი მაწუხებდა, მაგრამ ბევრ გამაყუჩებელს ვიღებდი და მაინც ვთამაშობდი. ამდენი წამლებისგან კუჭის წყლული დამემართა, არადა, ალკოჰოლსა და სიგარეტს არასოდეს გავკარებივარ.

- ჰოლანდიის მერე ბუნდესლიგაში, "კიოლნში" გადახვედით. იქ თამაში განსაკუთრებულად რთული იყო?
- ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ, გერმანიაში მეტი დატვირთვები იყო, რასაც ჩემი მუხლი ვეღარ ეგუებოდა. მიუხედავად ამისა, პირველ გერმანულ სეზონში 9 გოლი გავიტანე, "კიოლნში" ეს იმ სეზონში მეორე მაჩვენებელი იყო.

რა თქმა უნდა, ჰოლანდიასთან შედარებით გერმანიაში თამაში ძნელი იყო, ოღონდ, ძალიან დიდი სხვაობაც არ ყოფილა. სეზონი რომ დასრულდა, მითხრეს, მუხლის ხრტილი თუ არ გადაინერგე, ვეღარ ითამაშებო. მუხლიდან ხრტილი ამომიღეს, ხელოვნურად გაზარდეს და ასეთნაირად ჩამისვეს. ამის გამო, ოთხი თვე გამიცდა. გადანერგვამ ვერ გაამართლა - ფეხბურთი ვეღარ ვითამაშე.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მუხლი არ მაწუხებს, თუმცა დატვირთვებს ახლაც ვერ უძლებს - ფეხბურთი თუ ვითამაშე, მუხლი მისივდება და ჩაცხრობას სამი თვე სჭირდება.

Sportall.Ge

- რომელ მწვრთნელებთანაც გიმუშავიათ, ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდით?
- ასეთი, ალბათ, შენოლ გიუნეშია ("ტრაბზონსფორის" ყოფილი მწვრთნელი - ავტ), დიდი გემოვნებით არ გამოირჩეოდა, თუმცა ჰქონდა რაღაც საკუთარი, განსაკუთრებული ხედვა. გემოვნებით ნამდვილად გამოირჩეოდა "ბრედას" გერმანელი მწვრთნელი ჰერმან ნოიმანი, "კიოლნის" თავკაცი ევალდ ლინენი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფსიქოლოგიას.

ჩივაძე და ყიფიანი გემოვნებიანი მწვრთნელები იყვნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ფეხბურთელის ნიჭს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მიხარია, რომ მათ გემოვნებაში მეც ვჯდებოდი. მათ იცოდნენ ფეხბურთელის ნდობა, ქინქლაძესა და არველაძეს რიგიანად რომ ვერ ევარჯიშათ, მაინც ენდობოდნენ.

ცქიტიშვილი უგუნდოდ რომ იყო, ჩივაძე მაინც ენდობოდა. გერმანიაში, მაგალითად, ასეთი რამ წარმოუდგენელია...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული