დილა VS პარტიზანი - შევუტიოთ, ბიჭებო, პარტიზანებს!

AutoSharing Option
21 ივლისს, გორის "დილა" უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბელგრადის "პარტიზანს" უმასპინძლებს. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე 16:30 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს "დილა"-"პარტიზანის" პაექრობა, გორისთვის ისტორიულ დღედ დარჩება.

მართალია, ადგილობრივი კლუბი რამდენჯერმე მონაწილეობდა ევროტურნირზე, უთამაშია "ინტერტოტოს თასსა" და ევროპალიგის გათამაშებაშიც, მაგრამ მშობლიურ არენაზე მეტოქეთათვის არასოდეს უმასპინძლია. ახლა კი ქალაქის ხელისუფლების თანადგომით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უეფას იმ სტანდარტების შესაბამისადაა მომზადებული, რაც
სრულიად საკმარისია ამ რანგის მატჩის ჩასატარებლად...

პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხების შემდეგ გორელები უიმედოდ არ არიან და სჯერათ, რომ "დილას" ძალუძს "პარტიზანის" ბარიერის დაძლევა.


ქალაქის თეატრის სალაროებმა, სადაც მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდება, გულშემატკივართა პირველი ტალღა 19 ივლისს მიიღო. სალაროებთან თავიდანვე ასეულობით ქომაგმა მოიყარა თავი. "თენგიზ ბურჯანაძეზე" ანშლაგს ელოდებიან. მოკლედ, გორში დიდი წინასამატჩო ფუსფუსი თვალსაჩინოა.

"თენგიზ ბურჯანაძეზე" 4 ათასი მაყურებელი ეტევა. როგორც გვითხრეს, ბელგრადიდან, სავარაუდოდ, მეტოქე გუნდის გულშემატკივრები არ ჩამოდიან, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, ადგილობრივი პუბლიკის "ხმას" მაინც სერიოზული უპირატესობა ექნებოდა.

ახლა "დილას" გორელების მხარდაჭერა სჭირდება, ქართულ ფეხბურთს კი სჭირდება, ერთმა ქართულმა კლუბმა მაინც გადალახოს ევროტურნირის რომელიმე ეტაპი.

* * *
"პარტიზანთან" თამაშის წინა დღეს "დილამ" გორში ივარჯიშა, მანამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებს "დილას" უკრაინელმა მეკარე ოლეკსეი შევჩენკომაც უპასუხა.

Sportall.Ge

უჩა სოსიაშვილი:
- გუნდი ტაქტიკას იქიდან გამომდინარე ირჩევს, თუ რას წარმოადგენს მოწინააღმდეგე, როგორ ფეხბურთს თამაშობს, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები... ბელგრადში ჩვენ სხვა ტაქტიკით ვითამაშეთ, ახლა კი, ცხადია, სხვა დავალებები ექნებათ ფეხბურთელებს. პირველ ნომრად თამაში არ გაგვიჭირდება, რადგან ჩვენთვის ეს უცხო არ არის. შეკრებაზე ჩატარებულ ყველა ამხანაგურ მატჩში შემტევი ტაქტიკა გვქონდა.

რასაკვირველია, შემადგენლობაში გადაადგილებები იქნება. ამჯერად, უფრო შემოქმედი, შემტევი ტიპის ფეხბურთელები გვჭირდება და ტაქტიკაც ისეთი იქნება, როგორც მოსაგებად მოთამაშე გუნდს შეეფერება.

- საპასუხო მატჩისთვის როგორ მოემზადეთ? კმაყოფილი თუ ხართ ფეხბურთელების სათამაშო ფორმით? ან ტრავმის გამო ვინმეს ხომ არ მოისაკლისებთ?
- ბელგრადიდან 16 ივლისს დავბრუნდით, მხოლოდ ერთი დღე დავისვენეთ და საგურამოში შევუდექით წვრთნას. მას შემდეგ საქართველოს ნაკრების ბაზაზე ვვარჯიშობთ. ფეხბურთელების ტექნიკური, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნით, ისევე, როგორც მათი მოტივაციით, უაღრესად კმაყოფილი ვარ. ისინი მოუთმენლად ელიან "პარტიზანთან" საპასუხო დაპირისპირებას, რათა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიაღწიონ წარმატებას.

- თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის უეფას სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად საკმაოდ მოკლე ხანში დიდი სამუშაოები ჩატარდა. ამასთან, მაყურებლის ინტერესი დიდია და 21 ივლისის მატჩში, ცხადია, ტრიბუნების მხარდაჭერის იმედიც გექნებათ...
- პირველი დიდი გამარჯვება სწორედ ისაა, რომ გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მშობლიურ არენაზე იასპარეზებს. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კლუბის ხელმძღვანელობას. მათ შეძლეს, რომ სტადიონი მიეყვანათ ისეთ დონემდე, როგორსაც უეფას სტანდარტები ითვალისწინებს.

უმნიშვნელოვანესია, რომ გორელები საკუთარი თვალით ნახავენ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობას. არცკი ვფიქრობ იმაზე, რომ ადგილობრივ ქომაგს სტადიონზე მოსასვლელად ჩვენი მოწოდება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, სტადიონი სრულად შეივსება და მაყურებლისგან მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება.

ოლეკსეი შევჩენკო:
- მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგი გუნდია. პირველ მატჩში მწვრთნელმა მეორე ნომრად თამაში დაგვავალა, საპასუხო შეხვედრაში კი სხვაგვარად იქნება. შემტევი ტიპის ფეხბურთელების მხრივ, "დილაში" არჩევანი დიდია. შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

ასევე იხილეთ:
"პარტიზანის" მწვრთნელი ზორან მილინკოვიჩი: დაცვაში ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
dave, დავაი რა, დასვიდანია!!!!!!!!!! ჩვენ განწყობას ასეთი პასკვილებით ვერ შეცვლი. "დილა" წინ!!!!!!!!!!!!!!!!
gio-karaleti
11:31 21-07-2015
0
dave "რა იყო განათება ვერ დააყენეს თუ ფული ენანებათ !". ენანებათ კი არა, ფული არა აქვთ ჯიგარ. რაც ამ მოკლე დროში მოესწრო, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. რაც შეეხება სიცხეს, ის დღეს არ არის მოსალოდნელი. ასე, რომ ცოტა პრაგმატულად აზროვნება გმართებს. "დილას" წარმატებაში რატომღაც დარწმუნებული ვარ.
goreli gulshematkivari
11:19 21-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული