ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, სოფელ დიცში, ძმები არველაძეების ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების მიზანი "საფეხბურთო თერაპიის" საშუალებით ლტოლვილი ბავშვებისთვის პერსპექტიული გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მემორანდუმს ხელი "ფონდი არველაძის" დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა ჰაი შელოუმ მოაწერეს.

2010-12 წლებში პროექტის ორგანიზატორები გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია იყვნენ. 2016 წლიდან, არველაძეების ფონდის დახმარებით, პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო,
"საფეხბურთო თერაპიის" სკოლები გორისა და ცხინვალის საზღვრისპირა 15 სოფელში დაფუძნდა, სადაც 300-მდე ბავშვი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს. ფონდმა 15 ადგილობრივი მწვრთნელიც დააფინანსა, ბავშვებს კი ეკიპირებისა და ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარი შეუძინა.

"აქამდე ფონდი ნიჭიერი მოთამაშეებისთვის სტიპენდიების გაცემით იფარგლებოდა. ახლა კი გადაწყდა მოქმედების არეალის გაფართოება. ასეთ იდეაზე შევთანხმდით, რომ ნიჭიერ ბავშვებს იმ რეგიონებში დავეხმაროთ, სადაც, ფაქტობრივად, არაფერი ხდება.

გადავწყვიტეთ, რომ მათ ივარჯიშონ უფასო ჯგუფებში, სადაც ყველა სავარჯიშო ეკიპირებითა და წვრილმანით უზრუნველყოფილები იქნებიან, ბურთები და ფორმები საყიდელი არ ექნებათ", - ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია.

მან ილაპარაკა იმაზეც, თუ რატომ შეირჩა საამისოდ საზღვრისპირა რეგიონი:

"პროექტის განხორციელება ყველაზე მტკივნეული რეგიონიდან, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებით დავიწყეთ. იმიტომ, რომ ამ რეგიონში ცხოვრება თითქოს გაჩერებულია, ბავშვებს გასართობი არ აქვთ და ჩვენი თანადგომა აუცილებლად ჩავთვალეთ.

მათთვის მოვიძიეთ ადგილობრივი მწვრთნელები და გარკვეული ანაზღაურებაც დავუნიშნეთ. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და გვსურს, 2017 წლის ბოლომდე, მთელი საქართველოს მასშტაბით 50-დან 60-მდე საფეხბურთო სკოლა დავაფუძნოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული