სამი მიზეზი, რის გამოც ირანელები ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ირანული გუნდი თბილისის ზღვაზე ემზადება

რამდენიმე დღეა, თბილისს თავრიზის (ირანი) "მაშინე შაჰრდარი" სტუმრობს. ისინი თბილისის ზღვაზე მდებარე სასტუმრო "ჰუალინგში" დაბინავდნენ და იქვე, "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობენ და თამაშობენ.

თუ რა დონისაა ეს ირანული გუნდი, ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, როცა ბოლნისის "სიონი" 3:2 დაამარცხეს. ეს გუნდები ერთმანეთს 10 ივლისსაც დაუპირისპირდებიან.

- საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

ამ ვიზიტის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა მენეჯერები - ილია გობაძე და ლევან შავგულიძე.

"თავრიზის გუნდი 1 ივლისს გვესტუმრა და თბილისში 11-მდე დარჩება. გუნდი წლეულს
ირანის პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და სუპერლიგაში დაწინაურდა.

საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი კარგ პირობებში მომზადება და ძლიერ მეტოქეებთან სპარინგების გამართვაა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საქართველოში ბევრი გუნდი ჩამოვიყვანოთ და მოსამზადებლად ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი დავიბრუნოთ. ამის საშუალება და შანსი არსებობს - ირანში კავშირები მქონდა და გუნდიც მოვიწვიე", - ამბობს გობაძე.

მან საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა - ირანელები ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებაზე დაფიქრდნენ:

"ირანი უმდიდრესი ქვეყანაა, საკმაოდ კარგად განვითარებული ეკონომიკა აქვთ და ეს ფეხბურთზეც აისახება. იქ უმაღლესი ლიგის კლუბების ბიუჯეტები 15-20 მილიონი დოლარია. რომ იცოდეთ, ირანელები საქართველოში მოსამზადებელი ბაზების აშენებითა და კლუბებში ფულის დაბანდებითაც დაინტერესდნენ.

საერთოდ, ისინი საქართველოს დიდი პატივისცემით უყურებენ და ეს დამოკიდებულება არ მიკვირს. მაგრამ ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდების იდეამ კი ნამდვილად გამაკვირვა.

აღმოჩნდა, რომ ამას სამი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ საქართველოსთან ირანელებს უვიზო მიმოსვლა აქვთ და ინვესტიციის დაბანდება ადვილია;

მეორე ის, რომ ქართულ კლუბებს მცირე ბიუჯეტები აქვთ. წარმოიდგინეთ, გუნდში ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში 500 ათას დოლარს იღებს. ჩვენთან კი უმაღლესი ლიგის რამდენიმე მონაწილეს ჩამოგითვლით, ამხელა ბიუჯეტი რომ არ აქვს. მათი სახსრების მცირე ნაწილის მოზიდვით კი საქართველოში სამეულის დონის გუნდის ჩამოყალიბება სავსებით შესაძლებელია...

და მესამე მიზეზი - რუსეთთან, უკრაინასა და ევროპასთან ჩვენ უფრო ახლო კავშირები გვაქვს, მათ კი ევროპაში გასასვლელად ტრამპლინი სჭირდებათ. ევროგათამაშებაში მონაწილე ქვეყანა და მისი გუნდი საინტერესოა ამ კუთხითაც - ირანში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ევროპელები მათ არ იცნობენ".

გობაძემ ირანელთა დაინტერესების კონკრეტული მაგალითიც დაგვისახელა:

"სხვათა შორის, ირანელები ქართული ფეხბურთით დღეს არ დაინტერესებულან. ჯერ კიდევ ზამთარში ქუთაისის "ტორპედოს" მიმართ გაუჩნდათ ინტერესი, მაგრამ ამ კლუბში ქართული ბიზნესჯგუფი იყო მისული და მოლაპარაკებაც შეწყდა.

თუმცა, ინტერესი ახლაც არსებობს და იმედია, ადრე თუ გვიან საქართველოში საიმედო პარტნიორს მოძებნიან.

მიმაჩნია, რომ მათი და ჩვენი ინტერესების შეხამება სავსებით შესაძლებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთს ინვესტორები არ აწყდებიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ღმერთმა ხელი მოუმართოთ! იქნებ ქართულ ფეხბურთს რამე ეშველოს...
გუჯა კახაძე
15:00 09-07-2016
0
ჭკვიანი ხალხი ირანის ფინანსებს და შესაძლებლობებს საქართველოსთვის გამოიყენებდა(და არამარტო ფეხბურთში)!ირანს მართლა დიდი პოტენციალი აქვს ყველა სფეროში და დღეს თუ ირანის ინტერესია საქართველოში ფული დააბანდოს ხელი უნდა შეუწყოთ ყველანაირად თორემ ეს ინტერესი მუდმივი არ იქნება აგერ ევროპელები უკვე ყველანაირად ცდილობენ...............
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული