გუშინ "ლელო" ამისულაშვილს დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ, რომელსაც მკითხველი ინტერესით გაეცნობა...
მწვრთნელობა ბევრად რთულია, ვიდრე ფეხბურთელობა
- ვიცით, რომ აქტიური ფეხბურთისგან ისვენებთ. - კარიერის გაგრძელება ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ოჯახთან ერთად ვისვენებ. წლების განმავლობაში ხშირად მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს. საქართველოში არ ვითამაშებ, მხოლოდ ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს. არავისთვის მითქვამს, რომ გუნდს ვეძებ ან რაღაც ასეთი. შესაბამისად, საზღვარგარეთიდანაც არაფერი ისმის...
მოკლედ, დღეს ვისვენებ აქტიური ფეხბურთისგან და ვნახოთ, რა იქნება მომავალში - წავალ თუ დავრჩები?
- ჩემი რჩევა არ გჭირდებათ, მაგრამ, ალბათ, კარგი იქნებოდა, კარიერა თქვენი მშობლიური ქალაქის, თელავის გუნდში დაგემთავრებინათ. ეს დიდი სტიმული იქნებოდა მთლიანად კლუბისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის...
- სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი ჯერ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ისე, უნდა დაგეთანხმოთ - მართლაც კარგი იდეაა.
- სამომავალოდ მწვრთნელობაზე თუ გიფიქრიათ?
- ფეხბურთი, რაღაც დოზით, ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში. ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. შვიდი წლიდან ფეხბურთში ვარ. ამ ეტაპზე, მწვრთნელობაზე საერთოდ არ ვფიქრობ. და საერთოდაც, ეს ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მწვრთნელად რომ შედგე, შენში ძალიან ბევრი თვისების თანხვედრა უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ბევრად რთულია, იყო მწვრთნელი, ვიდრე ფეხბურთელი.
- მაინც, რა თვისებებს უნდა აერთიანებდეს მწვრთნელი?
- უნდა იყოს ზომიერად დინჯი და ფიცხი. ზედმეტი არაფერი ვარგა. გუნდში 30 ფეხბურთელია, ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს, დროული ცვლილებები, სავარჯიშო პროცესი - ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ერთიცაა, რომ, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც მნიშვნელოვანია იღბალი, გამართლება...
არა, ჯერ საკუთარ თავში ამ თვისებებს ვერ ვხედავ. ახლა ასეა და მომავალში რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ. ჯერ ვერ გეტყვით.
შოთამ სულ სხვა დონეზე გამიყვანა...
- კარიერის განმავლობაში არაერთ კარგ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ვინ შეგძინათ ყველაზე მეტი?- მართლაც არაერთ კარგ მწვრთნელად მიმუშავია. ყველაზე მეტად, როგორც ფეხბურთელი, შოთა არველაძესთან გავიზარდე, თურქეთში. კარგ ფეხბურთს თამაშობდა "კრასნოდარიც"... შოთასთან მუშაობამ კი მართლაც ძალიან ბევრი მომცა. 28 წლის ვიყავი, მასთან რომ მივედი და, შეიძლება ითქვას, როგორც ფეხბურთელი, სულ სხვა დონეზე გამიყვანა. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემთვის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ - ის შესანიშნავი მწვრთნელია და მინდა წარმატებები ვუსურვო. შოთას აქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს მწვრთნელს. მან იცის ინდივიდუალური მიდგომა ყველა ფეხბურთელის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორ ფიქრობთ, უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი ფეხბურთელები რუსეთში სათამაშოდ?
- რთული თემაა. რა თქმა უნდა, თუ ევროპული გუნდიდან იქნება ინტერესი, იქ უნდა წავიდნენ. არის ერთი მომენტიც - რუსეთში ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. შესაბამისად, ისინი ფეხბურთელს დიდ ფასს ადებენ, როცა არის ევროპული ინტერესი და ეს აფრთხობთ ევროპულ კლუბებს. 25-26 წლის ასაკში რუსულ კლუბებს უჭირთ იმ ფეხბურთელთან შელევა, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის. ევროპული კლუბისთვისაა დიდი ფასი, თორემ შიდა რუსული ბაზრისთვის ბევრი არ არის. დრო სწრაფად გადის. მერე უახლოვდები ოცდაათს და კარიერასთან ერთად უკვე ფიქრობ მატერიალურ ფაქტორზეც. შენს უკან ხომ ოჯახია...
მოსკოვის დინამოს ძალიან ვუნდოდი...
- საინტერესოა, გქონიათ თუ არა შემოთავაზება ევროპის ტოპჩემპიონატის კლუბებისგან?- ვერ მოგატყუებთ, რაიმე კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია, ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოსულა. შეიძლება იყო ვიღაცისგან ინტერესი, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ასეც ხდება ხოლმე. რუსეთში რომ ვთამაშობდი, იყო ინტერესი რამდენიმე კლუბისგან. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკისგან", მოსკოვის "დინამოსგან"... მაშინ ნალჩიკის "სპარტაკში" ვთამაშობდი. "დინამოს" ძალიან უნდოდა ჩემი წაყვანა. თან, ნალჩიკელებთან 6-თვიანი კონტრაქტი მქონდა დარჩენილი. "დინამო" ძალიან კარგ გუნდს აკეთებდა, მე კი ნალჩიკში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი გუნდისთვის. იმ პერიოდში კლუბს არ ულხინდა და ამიტომაც არ გამიშვეს.
ჩემი კარიერა თავიდანვე რუსეთის გზით წავიდა. არ მომეცა საშუალება, ევროპის ტოპჩემპიონატში მეთამაშა. მიზეზს მხოლოდ საკუთარ თავში ვეძებ, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. მე ასე მჯერა: ყველა ადამიანი იღებს იმას, რასაც იმსახურებს.
- თავის დროზე, თქვენ მშვენიერი შანსი გქონდათ, დამკვიდრებულიყავით კიევის "დინამოში"...
- მართალი ბრძანდებით, იყო ასეთი შანსი. არადა, შეიძლებოდა, სულ სხვანაირად წასულიყო ჩემი საკლუბო კარიერა. დამეთანხმებით, ფეხბურთელის კარიერაში ერთ შემთხვევას, ერთ გამართლებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.
- მაინც, რამ შეგიშალათ ხელი?
- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, ადაპტაცია გამიჭირდა... განსხვავება სათამაშო დონეშიც იყო. საქართველოში რომ ვთამაშობდი, თბილისის "დინამოში" სამი წლის განმავლობაში სულ ძირითადში ვიყავი. კონკურენციის მომენტიც იყო. მაშინ ბოლომდე არ ვიყავი მზად უცხო ქვეყანაში სათამაშოდ. მერე კი ვისწავლე რუსული, მაშინ არ ვიცოდი კარგად. მოკლედ, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ისე მოხდა, რომ პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ უკრაინის თასზე ვითამაშე.
გული ამაზე მწყდება...
- კარიერის განმავლობაში არაერთი შესანიშნავი თავდამსხმელის წინააღმდეგ გითამაშიათ. ვინ იყო მათ შორის საუკეთესო?- მე სამუელ ეტოოს გამოვარჩევ. ფეხბურთელს სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით ახასიათებენ. ეტოოს კი ასე ვერ დაახასიათებ - მას ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს. ჩემი დაკვირვებით, არ არის კომპონენტი, რომელშიც ის სუსტია. რაც შეეხება "მეორე სართულზე" მოთამაშე ფორვარდებს, ამათგან გამოვარჩევდი "არსენალის" ფორვარდ ოლივიე ჟირუს. ის ამ კომპონენტში თითქმის უნაკლოა.
- დაცვის ცენტრში ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი?
- საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი მაღალი დონის მცველის გვერდით ვითამაშე - კახა კალაძე იყო, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია... კაშიასთან ერთად, მაინც უფრო ნაკლებად, რადგან ის ხშირად არ თამაშობდა ნაკრებში თავის პოზიციაზე. საერთოდ, კარიერის განმავლობაში არაერთ კარგ მცველთან მითამაშია და ამით მხოლოდ კმაყოფილება შემიძლია გამოვხატო.
- გული რაზე გწყდებათ?
- იმაზე, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ - ვერ ვითამაშე ევროპის ტოპჩემპიონატში. განსაკუთრებით გერმანიის ჩემპიონატი მიყვარს. ხშირად დავსწრებივარ ბუნდესლიგის მატჩებს და საქართველოს ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელებისგანაც ვიცი - იქ განსაკუთრებული ატმოსფეროა. სწორედ გერმანიის ჩემპიონატში მინდოდა თამაში ყველაზე მეტად.
გული მწყდება იმაზეც, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერ ვითამაშე მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე. ეს ჩვენი დიდი ოცნებაა. მე მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. უბრალოდ, საწყენია, რომ ჩემი კარიერა ამის გარეშე დასრულდა... ბედნიერი ვიქნებოდი, პირიქით რომ მომხდარიყო...
...ასე იტყოდა ივო
- საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. 14 წელი ითამაშეთ ეროვნულ გუნდში. მიგაჩნიათ, რომ თქვენი სანაკრებო კარიერა შედგა?- ივო შუშაკი, ვისაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ, ასე იტყოდა ხოლმე: ფეხბურთელის კარიერა შემდგარია, თუ საკლუბო დონეზე 500 და სანაკრებოზე კიდევ 50 მატჩი მაინც აქვს ჩატარებულიო. სწორედ ამდენი ვითამაშე საქართველოს ნაკრებში.
იყო იძულებითი პაუზა, რომლის გახსენებაც აღარ მინდა. საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გუნდია და ასე დარჩება, სანამ ალეკო ამისულაშვილი იცოცხლებს...
დღეს პროგრესი ჩანს. კი, მოლდოვასთან არ იყო შედეგი ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მაინც. ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგი. ეს კი ძალიან რთულია. ქართული ფეხბურთი მაშინ დადგება ფეხზე, როცა თვითონ ქვეყანა დადგება ფეხზე. ასეთია ჩემი აზრი. შეიძლება, ზოგს სხვანაირად წარმოუდგენია...
26 წელია, დამოუკიდებლები ვართ. ქვეყნის ცხოვრებაში ეს არ არის დიდი პერიოდი. ადამიანის ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენ დიდად გვეჩვენება. ოთხი ომი გამოვიარეთ ამ 26 წელიწადში - ესეც გასათვალისწინებელია.
საქართველოს ნაკრების წარმატების ერთ-ერთ ძირითად პირობად კი მიმაჩნია ის, რომ ეროვნულ გუნდში რაღაც დოზით მაინც იყვნენ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები. ჩვენი პირველობის პროგრესი განაპირობებს იმას, რომ საერთაშორისო დონესთან აღარ იქნება ამხელა ჩამორჩენა. ათგუნდიანი პირველობისაც მეიმედება.
და კიდევ ერთი - ჩემი აზრით, ფეხბურთელი უცხოეთში სათამაშოდ უნდა წავიდეს მაშინ, როცა საქართველოში დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"