[ოთხშაბათის საკითხავი] ფინალი, მტრედები და ჩარჩოები

AutoSharing Option
დღეს საქართველოს თასის ფინალია უძველეს ქალაქში, ქუთაისში, სადაც კარგად იციან ნაღდი ფეხბურთის ფასი. სეზონის უმთავრესი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სტადიონზე ანშლაგს თუ არა, ბევრ მაყურებელს ნაღდად ელიან. აქეთ დუბლზე დაგეშილი "დინამო" და იქით - ტიტულსა თუ ევროსაგზურზე მონადირე "სიონი".

დათმობა არ იქნება. მავანი იტყვის, გუნდების კლასში სხვაობააო. ეს იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ ფინალი ერთი მატჩია. იქ ბევრი რამ ნიველირდება და მილიონჯერ გვინახავს, როგორ ჩახლართულა სათამაშო სიუჟეტი ძლიერსა და სუსტს შორის.

მე ვინ მკითხავს და, აშკარად მერჩივნა, თასის ფინალი 26 მაისს რომ ტარდებოდა, დამოუკიდებლობის დღეს. და ეს დღე განსაკუთრებული იყო თითოეული ჩვენგანისთვის და საღამოს ფეხბურთსაც განსაკუთრებული მუღამი ჰქონდა.

დაახლოებით ვხვდები, რატომ დაგეგმა ფეხბურთის ფედერაციამ ფინალი 18 მაისს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ მე მაინც 26 მერჩივნა. შეიძლება მხოლოდ მიჩვევის გამო, მაგრამ მაინც...

დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში არ განვიხილავთ ფინალისტების შანსებს. ამას ჩვენს გაზეთში სხვა წერილი დაეთმობა. უნდა დავწეროთ იმ პრობლემაზე, რასაც არაერთი წერილი მივუძღვენით და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენთვის მტკივნეულ თემას გვერდს ვერც მომავალში ავუვლით.

ალბათ, მიხვდით, გულშემატკივრებზე უნდა დავწეროთ, უფრო ზუსტად - გულშემატკივრობის კულტურაზე. მე ვნახე ამ გუნდების მატჩი ბოლნისში. იქ მინდორზე ნაღდი ბრძოლა იყო, მაგრამ აღარ მინდა ვნახო ის, რაც სტადიონის ტრიბუნებზე ხდებოდა.

მე შეიძლება საკუთარი ვერსია მქონდეს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო იმ დღეს მართალი და ვინ - მტყუანი, მაგრამ ამ ვერსიას დღის სინათლეზე ვერ გამოვიტან, რადგან შესაძლოა, ამან მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბოს.

მართალი და მტყუანი გვერდით გადავდოთ და, ბოლო დროს ერთ ტენდენციას აშკარად ვხედავ - ცალკე "დინამოს" ფანები არიან და ცალკე - თითქმის ყველა დანარჩენი გუნდისა. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია არ არის. იქნებ "დინამოს" ფანს, როგორც ყველაზე ტრადიციული გუნდის ქომაგს, ეს ეამაყებოდეს კიდეც, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის.

ჩვენ ვხედავთ აშკარა, დაუფარავ სიძულვილს გულშემატკივრებს შორის. დიახ, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, საქმე სწორედ ასეა. მე მინდა, რომ თასის ფინალში ვნახო ალალი ქომაგობა და არა - ერთმანეთის სიძულვილი.

საერთოდ, ბოლო დროს ჩვენ "დენთის კასრზე" ვსხედვართ და თუ საქმეს ჭკუა არ მივატანეთ, ადრე თუ გვიან ეს "დენთის კასრი" აუცილებლად აგვიფეთქდება. ჯერ ურემი არ გადაბრუნებულა და თუ გადაბრუნდა, მერე გვიან იქნება.

ძველებისგან გამიგონია, ადრე ფეხბურთის დაწყებამდე ქომაგები მტრედებს ააფრენდნენ ხოლმე ჰაერშიო. მოდი, ქუთაისში ბევრი მტრედი წავიყვანოთ. ფეხბურთს არ უყვარს ჩარჩოები, მაგრამ ტრიბუნებზე ჩარჩოებში ჩავსხდეთ. მინდორზე იყოს ნაღდი საფეხბურთო ომი და ეს ყველას ძალიან გაგვახარებს.

ადრე, ამ თემაზე რომ დავწერე, რამდენიმე მკითხველმა უცხოური მაგალითები მომაგონა - ხომ იცი, უცხოეთში რა და როგორ ხდებაო. ეს ყველაფერი ვიცი და რაღაც საკუთარი თვალითაც მინახავს, მაგრამ იმათი რეალობა სხვაა, ჩვენი კი - სულ სხვა.

ღმერთმა ნუ ქნას და, აქ რომ რამე სერიოზული მოხდეს, ქომაგი სამუდამოდ, საშვილიშვილოდ უნდა გადაეკიდოს ერთმანეთს. საქართველო პატარა ქვეყანაა. ქუჩაში გამოხვალ და ისეთი ვინმე შეგხვდება, წამით ადრე რომ ვერაფრით წარმოიდგენდი...

ესეც არ იყოს, ჩვენში რა პრობლემაა, ამა თუ იმ ქომაგის ადგილსამყოფელი დაადგინო. მოკლედ, თუ ერთხელ გადაბრუნდა ურემი, მერე ამ ამბავს არც არაფერი უშველის. იმედია, ასე არ მოხდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Yoveltvis ase iyo da momavalshic ase iqneba, rom yoveltvis yvelaferi dinamos braldeba gind mindorze da gindtribunaze da ai vfiqrob swored es agizianebt tbilisel gulshematkivrebs, ucxoetidan mibadzva bevr rameshi kargia iq aravin ar badzavs cud rameshi ucxoel gulshematkivrebs aramed piriqit yvelanair kreatiuls da lamazs matchis gasalamazeblad, magram miuxedavad amisa klaviaturastan mjdomi xalxi mainc amat akritikebs, midi ikitxe gaarkvie iqneb ra xdeba an ra moxda ratom xdeba es gaarkviet manam sanam rames dawert da daswamebt cils im bichebs vinc miuxedavad sxva bevri saqmisa kvirashi erti dge sakutar qalaqshi tu gasvlit matchze gunds mxarshi udgas da klubis saxeli sazgvargaret gaaqvs, bevristvis es dzalian ucxo da ucnobi ramea magram damijeret tbilisis dinamos gulshematkivrebis shesaxeb dzalian bevr evropul qveyanashi smeniat da es mati damsaxurebaa, magram mainc mat kritikaze midis saqme gaurkveveli tan. amat vigac sataveshi udgaso agnishna ertertma momxmarebelma komentarebshi, es zogadad qveynis mosaxleobis problemaa tu vinme gamoikveteba vigacisgan dafinansebas da martyvas awert, magram sanam amazec daiwyebt ciliswamebas getyvit rom arcerti mxirad ar finansdeba an kontroldeba gansxvavebit bindzuri politikisa :)
boyfrombangladesh
17:00 18-05-2016
0
მართლაც რომ სახიფათო სიტუაციაა შექმნილი, დიდწილად სწორედ დინამოს თინეიჯერი ფანების უცხოური ფანდაჯგუფებებისადმი უპრაგონო მიბაძვის გამო. ამას უფროსების წაქეზებაც ემატება და საერთოდაც ვიღაცა მართავს ამ პროცესებს და დროზე უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები და დააოკონ ყველა ვისაც გამჩენი არ ასვენებს რატომღაც...
S O S ო
16:28 18-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული