მთავარი გარდატეხა შეხვედრაში 2:1-ზე დანიშნულმა პენალტმა შეიტანა, როდესაც "ვილიარეალის" კაპიტან ბრუნო სორიანოს ბურთი რიკოშეტის მერე ხელზე მოხვდა და მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
არადა, ბოლო პერიოდში ხელით თამაშის დროს დანიშნულ პენალტებს თითქმის ვეღარ ვხედავთ, არბიტრები ასეთ ეპიზოდებს "ატარებენ" ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც რიკოშეტია და ბურთი კარში არ მიდის. თანაც, ამავე სეზონში იყო მონაკვეთი,
ბუნებრივია, ეს ცეცხლზე ნავთს ასხამს და მოკლედ, დიდი დავიდარაბა ატყდა. თანაც, ხესუს ხილ მანსანო მატჩის შემდეგ "რეალის" პარკებით შენიშნეს, რომელშიც საჩუქრები ეწყო. თუმცა AS-ის განმარტებით, მსაჯებს სიმბოლურ, სამახსოვრო საჩუქრებს - კლუბის პასტებს, ფორმას და მსგავსებს - სისტემატურად უკეთებენ "ბარსელონაც", "ატლეტიკოც", "სოსიედადიც" და თავად "ვილიარეალიც".
მაგალითად, საშინაო შეხვედრებისას "რეალი" ოთხივე მსაჯს 5-5 ჩანთას ურიგებს სიმბოლური საჩუქრებით, რომელთა შორის ერთი გუნდის სპეციალური მაისურაა მსაჯის გვარითა და მატჩის თარიღით. ერთი სასაჩუქრე ჩანთა კი დელეგატსაც ხვდება.
"საგარეო მატჩებში ჩვენ არბიტრებს საჩუქრებს არ ვუკეთებთ" - მოკლედ მოჭრა "ბარსელონას" პრესატაშე ხოსეპ ვივესმა.
"მანსანომ და მისმა ბრიგადამ სტადიონი "რეალის" ჩანთებით დატოვეს. ჩემი აზრით, ეს არასწორია. მატჩის შემობრუნებაზე საერთოდ არც უნდა ვისაუბროთ, არარსებული პენალტი დაინიშნა. რიკოშეტი იყო, რიკოშეტის მერე კი თერთმეტმეტრიანი არ ინიშნება" - განაცხადა "ყვითლების" პრეზიდენტმა ფერნარდო როიგმა.
* * *
სოციალურ ქსელში ისევ იბობოქრა ჟერარდ პიკემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ორი მაგალითის მოყვანაც საკმარისია, ერთსა და იმავე გუნდებთან თამაშისას - "რეალმა" მსაჯების შეცდომების წყალობით 4 ქულით მეტი აიღოო. მან გაიხსენა და "რეალისა" და "ბარსელონას" "ვილიარეალთან" და "მალაგასთან" გამართული მატჩების ფოტოები გამოფინა. "ყვითლებთან" ბრუნოს ინციდენტი განვიხილეთ, როდესაც მადრიდელებთან მატჩში მოხვდა ბურთი ხელზე, პენალტი დაინიშნა, "ბარსელონასთან" კი არა, "რეალმა" 3:2 მოიგო, ხოლო "ბარსამ" ის თამაში 1:1 დაასრულა. "მალაგას" რაც შეეხება, "სამეფო გუნდმა" ანდალუსიელებს 2:1 მოუგო, "ბარსას" კი უგოლოდ დასრულებულ თამაშში გოლი არ ჩაუთვალეს. კონკრეტულად პიკეს გაუუქმეს ბურთი, როდესაც სერხიო რამოსის მიერ მალაგელთა კარში ანალოგიურ სიტუაციაში გატანილი გოლი ჩაითვალა.
სერხიო რამოსის პასუხმა არ დააყოვნა: "გამიკვირდებოდა, მსაჯობაზე მესის რომ ესაუბრა. რასაკვირველია, ეს პიკეს უნდა გაეკეთებინა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც ყველა მის წინააღმდეგაა.
არბიტრებს ძალიან რთული სამუშაო აქვთ და ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ეს საქმე შევუმსუბუქოთ. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს მოგება ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან საჭირო იყო. მინიმალური უპირატესობით ვლიდერობთ. ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. თანამედროვე ფეხბურთში გუნდებს შორის სხვაობები უფრო და უფრო მცირდება".
შეგახსენებთ, რომ "რეალი" 24 ტურის მერე 55 ქულით ლიდერობს, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს (მადრიდელებს "სელტასთან" გასვლაზე აქვთ სათამაშო).
მეორეზე 54 ქულით "ბარსელონაა", ხოლო მესამეზე - რამოსის ყოფილი გუნდი "სევილია", რომელსაც 52 ქულა აქვს.
- ლა ლიგა. XXIV ტური: ატლეტიკოლოგი მესი [VIDEO]
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"