ამსტერდამის "აიაქსი" ზაფხულში შეეცდება "ჰამბურგის" ნახევარმცველთან, რაფაელ ვან დერ ვაარტთან მოლაპარაკებას, - იტყობინება Ajax1. 32 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
ვან დერ ვაარტი "აიაქსის" სკოლის აღზრდილია და ამ გუნდში 2000-05 წლებში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ოთხი გოლი გაიტანა, აქედან სამი პენალტით.
ვან დერ ვაარტით დაინტერესება ნაწილობრივ დაადასტურა "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა.
"რაფაელი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის სასარგებლოა როგორც შეტევაში,
ასევე ნახევარდაცვაში. თუ საჭიროება მოითხოვს, ფლანგზეც შეძლებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი მოვა ჩვენთან. ის არ არის კლუბის ძირითადი სატრანსფერო სამიზნე, თუმცა საინტერესო ვარიანტია ჩვენთვის", - განაცხადა გაზეთ De Telegraaf-თან კომენტარში დე ბურმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"