ტოტენჰემი-ჩელსის გამოხმაურება: შეწყვეტილი სერია

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-14 მატჩი ვერ მოიგო და თანაქალაქელი "არსენალის" რეკორდი ვერ გაიმეორა. ანტონიო კონტეს ისევ თავისივე ტაქტიკა დაუპირისპირეს, "ტოტენჰემმა" 3 მცველით ითამაშა და მეტოქე მისივე იარაღით დაამარცხა.

მაურისიო პოჩეტინო ქების მეტს არაფერს იმსახურებს, მისი გუნდი ძალიან დამაჯერებელი გახლდათ. წაგება "ლურჯებისთვის" ტრაგედია და კატასტროფა არ არის, რადგან უპირატესობა ჯერ ისევ სოლიდურია -უახლოესმა მდევარმა "ლივერპულმაც" დაკარგა ქულები, რომელსაც "ჩელსი" ახლა 5 ქულით უსწრებს.

უფრო სანერვიულო "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებისთვის უშუალოდ მატჩის მიმდინარეობა და სხვადასხვა დეტალი უნდა იყოს. თუნდაც ის, რომ მატჩის
საუკეთესო ფეხბურთელის, დელე ალის ორივე გოლისას მისი ასისტენტი კრისტიან ერიკსენი გახლდათ, ხოლო თავად დანიელი ბურთს კაილ უოკერისგან იღებდა.

ორივე გოლი ჰგავდა ერთმანეთს, ორივე თავური დარტყმით გავიდა. ცენტრი "ჩელსიმ" წააგო, ფლანგებზე ძალიან დაიჩაგრა, რეალური მომენტი ცოტა ჰქონდა. "ტოტენჰემი" კი ამ მოგებით მე-3 ადგილზე გადავიდა, ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობაზე ოცნებას აგრძელებს.

"ეს დიდი გამარჯვებაა. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა, რომელმაც სხვაობის შემცირების საშუალება მოგვცა. ძალიან რთული მატჩი იყო, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვხვდებოდით. ამიტომაც ამ გამარჯვებას ძალიან ვაფასებთ და ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, რომლებმაც ხასიათი გამოაჩინეს.

ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და ასევე უნდა გავაგრძელოთ. ფეხბურთში ძალიან ბევრს წყვეტს თავდაჯერება, რომელიც ამ მოგების მერე შეგვემატება. ვაჩვენეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

ახლა კარგ პოზიციაზე ვართ, "ჩელსი" ძალიან კარგ სიტუაციაშია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და უნდა ვცადოთ, რომ ჩვენზე წინ მყოფ კლუბებთან სხვაობა კიდევ უფრო შევამციროთ", - განაცხადა პოჩეტინომ, რომლისთვისაც ეს 150-ე პრემიერლიგური მატჩი იყო და იუბილე მშვენივრად აღნიშნა.

ანტონიო კონტე: "ძალიან დაბალანსებული, დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოვიდა. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ შემართულები ვიყავით და ცუდად არ გამოვიყურებოდით. ვცდილობდით მომენტების შექმნას, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. უცნაურია, რომ ასეთი გოლები გავუშვით, რადგან ზოგადად, თავს ცუდად არ ვიცავთ ხოლმე და რთულ სიტუაციებშიც დამაჯერებლად გამოვიყურებით დაცვაში.

პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გაშვებამ ბევრი რამ გადაწყვიტა და განაპირობა. ამას მეორე ნახევრის დასაწყისში გაშვება მოჰყვა, არადა, იქამდე შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა ასეთი რაღაცები ხდება და ახლა მთავარია, მუშაობა გავაგრძელოთ.

ცხრილში ჩვენი მდგომარეობა მაინც მშვენიერია, მაგრამ მოდუნება არც ერთი წამით არ შეიძლება, რადგან ეს ურთულესი ჩემპიონატია და ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურებისათვის თუ ტიტულისთვის ბოლომდე გაგრძელდება".

სტატისტიკა
* "ჩელსის" "უაით ჰართ ლეინზე" 2012 წლის ოქტომბრის მერე არ მოუგია - 2 წაგება, 2 ფრე.

* საინტერესოა, რომ "ჩელსის" სამი მატჩი აქვს წაგებული მიმდინარე სეზონში და სამივე ლონდონში. ერთი საკუთარ "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულთან" და თითო თანაქალაქელებთან - "არსენალთან" და "ტოტენჰემთან" (რომელსაც პირველ წრეში მოუგო). სამაგიეროდ, დაამარცხა მანჩესტერული გუნდები "სიტი" და "იუნაიტედი", რომლებთან მეორე წრეშიც რჩება მატჩები, ისევე, როგორც "არსენალთან" და "ლივერპულთან".

* "ტოტენჰემი" მიმდინარე პრემიერლიგაში შინ დაუმარცხებელია - 8 მოგება, 2 ფრე. ეს გუნდის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა 2000/01 წლების სეზონის სტარტის მერე. მაშინ "დეზებმა" პირველი 13 საშინაო მატჩი არ წააგეს.

* მაურისიო პოჩეტინოს ხელში "ტოტენჰემს" "უაით ჰართ ლეინზე" ლონდონური დერბი ჯერ არ წაუგია - 8 მოგება, 4 ფრე.

* "ტოტენჰემს" ზუსტი დარტყმა მხოლოდ ორი ჰქონდა და ორივეს გოლი მოჰყვა.

* დელე ალის 19 ჩატარებულ მატჩში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. მან მთელ წინა სეზონში (33 მატჩში) მოახერხა 10 ბურთის გატანა.

* "დეზებს" არასოდეს წაუგიათ, როდესაც ალის გააქვს - 12 მოგება, 4 ფრე.

* მხოლოდ ორმა ნახევარმცველმა მოახერხა ალიზე სწრაფად 20 პრემიერლიგური გოლის დაგროვება. დელეს ამისთვის 52 მატჩი დასჭირდა, მეტ ლე ტისიეს - 50, ხოლო რაფაელ ვან დერ ვაარტს - 44.

* მხოლოდ მესუთ იოზილს აქვს უფრო მეტი (22) საგოლე გადაცემა წინა სეზონიდან მოყოლებული აქამდე, ვიდრე კრისტიან ერიკსენს (20).

* მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეოთხედ მოხდა ისე, რომ დიეგო კოშტამ ვერ გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული