"მილანი": ჯანლუიჯი დონარუმა კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
25 თებერვალს ჯანლუიჯი დონარუმა 18 წლის გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება მიეცემა, კლუბთან ხანგრძლივვადიანი და სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმოს.

"მილანის" მესვეურებმა უკვე გაამზადეს ახალი ხელშეკრულება, რომელიც 5-წლიანია და რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელმა წელიწადში 4,5 მილიონი ევრო უნდა აიღოს. ბოლო ინფორმაციით, დონარუმა არ იჩქარებს კონტრაქტის გაფორმებას, რისი მიზეზიც მისმა პირადმა აგენტმა მინო რაიოლამ განმარტა:

"ჯიჯის ძალიან უყვარს "მილანი" და მისი სურვილია, რომ კარიერა სწორედ ამ გუნდში დაასრულოს. შესაბამისად, სპეკულაციები მისი სხვა გუნდში გადაბარგების შესახებ არ იქნება მართებული. თუმცა, ვადასტურებ, რომ ჩვენ არ
ვაპირებთ 25 თებერვალს ხელშეკრულების გაფორმებას და ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც კლუბში მიმდინარეობს. დიდი ხანია, რაც აზიელი ინვესტორები კლუბის სათავეში ცდილობენ მოსვლას, მაგრამ ეს პროცესი ვერაფრით დასრულდა.

არ ვიცით, რა იქნება მომავალში და ამიტომ ჯერჯერობით მოცდას ვამჯობინებთ. როცა გაირკვევა ყველა დეტალი და გავიგებთ, თუ რა გეგმები აქვს კლუბს მომავალში, ხელშეკრულება მაშინ გაფორმდება".

ბონავენტურამ გაახანგრძლივა
ამასობაში, "მილანთან" ხელშეკრულება ჯაკომო ბინავენტურამ გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, 27 წლის ნახევარმცველი ლომბარდიულ გრანდში 2020 წლამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ჯაკომო "როსონერიში" 2014 წლიდან ასპარეზობს, იქამდე კი "ატალანტას" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში, ბონავენტურას ანგარიშზე 17 მატჩია, 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ჯაკომო უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც გარემარბის პოზიციაზე, ისე ნახევარდაცვაში.

ახალი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ მილანში ბედნიერია, არსად წასვლას არ აპირებს და კონტრაქტის გახანგრძლივებასაც დაუფიქრებლად დათანხმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული